Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კამიუს პირველი, მოსამზადებელი რომანი "უცხოსათვის"


დიდი მწერლების ლაბორატორიები ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ოღონდ ეგეცაა, რამდენად შემოგვრჩება ხოლმე ხელთ ეს ლაბორატორიები. ეს ხან ავტორზეა დამოკიდებული, ხანაც სულაც ბედისწერაზე. ლაბორატორიაც ათასნაირი შეიძლება იყოს: შედგებოდეს რაღაც ჩანაწერებისგან, დაუმთავრებელი ტექსტებისგან, ანდა შეიძლება დასრულებული ნაწარმოებებისგანაც კი, მაგრამ ეს ნაწარმოებები მაინც ლაბორატორიის ნაწილად აღიქმებოდეს. ასეა ალბერ კამიუს შემთხვევაშიც და დღეს ჩვენ მის პირველ რომანზე, "ბედნიერ სიკვდილზე" ვისაუბრებთ, რომელიც შარშან ფრანგული ინსტიტუტის ხელშეწყობით დაბეჭდა გამომცემლობა "აგორამ". მთარგმნელია გიორგი ეკიზაშვილი და წიგნის ნიუანსებსა და კონტექსტშიც იგი გაგვარკვევს.

გადმოწერა

გიორგი ეკიზაშვილი: "შეიძლება ვიღაცა ფიქრობს, რომ პირველი რომანი იყო "უცხო". მნიშვნელობით, ასეა, მაგრამ "უცხომდე" კამიუმ დაწერა და ხელნაწერის სახით დატოვა "ბედნიერი სიკვდილი". კამიუს ხელწერა აქაც იგრძნობა, სათაურში. ბოლო წერტილი ხელნაწერს დაუსვა 1938 წელს 23 წლის კამიუმ და რომანს წერდა ორი წელი. 17 წლის კამიუ ეკითხება ჟან გრენიეს, ფრანგ ფილოსოფოსს, მწერალს, თავის მასწავლებელს ალჟირში, რომელიც სკოლაში ასწავლიდა ფილოსოფიას: შემიძლია თუ არა მე ვწეროო? და გრენიეს ხელდასხმით დაიწყო წერა. ეს რომანი დარჩა ხელნაწერად მთელი სიცოცხლე. მაგრამ არც ის უთხოვია, ჩემი სიკვდილის შემდეგ გაანადგურეთო, როგორც კაფკამ დაუბარა მაქს ბროდს, თავის მეგობარს. შეინახა, მაგრამ არ უხსენებია. ერთი არის, რომ იმ წელს, როცა დაამთავრა რომანი, სწერს თავის მომავალ მეუღლეს, კატრინს, და იქ აღიარებს, რომ ეს რომანი მისი მარცხია.

ეს რომანი რომ დაასრულა, უკვე იყო გეგმა კამიუს ცნობიერებაში, რომ დაეწყო მეორე რომანი. მეორე რომანი არის ის საეტაპო რომანი, საუკუნო, სიმბოლოებით სავსე - ეს მერე გაჰყვება კამიუს. ბევრი, რაც მერე განვითარდა - თემა, სიუჟეტური ხაზი, მხატვრული საშუალებები, უკვე ამ რომანში მოცემულია. არა ჩანასახის სახით, არამედ კამიუ უკვე ჩამოყალიბებული მწერალია, პრინციპში. თუ უარყოფითად შეაფასეს, კიდევ ალბათ იმიტომ, რომ შეიძლება აფასებდნენ უკვე 1971 წელს, რომანი რომ გამოვიდა და წაიკითხეს. აი აქედან, ანუ ნობელიანტი კამიუ გადაიტანეს 23 წლის პატარა ბიჭზე. ამ რომანში ერთმანეთს გადაება ფიქცია და რეალობა. და მერე კამიუ მიხვდა, რომ ძალიან ინტიმური რაღაცები წამოსცდა: ავადმყოფობა, ტუბერკულოზი, რომელიც 17 წლის ბიჭმა იგრძნო, როგორ შემოვიდა სხეულში სიკვდილი და მთელი ცხოვრება ატარებდა და მთელი ცხოვრება სტანჯავდა ჯერ ერთი ფილტვი, მერე მეორე ფილტვი... - კამიუს ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდა".

გიორგი ეკიზაშვილი
გიორგი ეკიზაშვილი

რა თქმა უნდა, რომანი არათანაბარია, არის ძლიერი მომენტებიც და ჩავარდნებიც. კომპოზიციურად ვერ იტყვი, რომ კარგადაა შეკრული. როგორც გიორგი ეკიზაშვილი წინასიტყვაობაში აღნიშნავს, ახალგაზრდა ავტორი "გზნებას აყოლილი, ხშირად სიტყვებს სადავეს უშვებს და უზომობის სამფლობელოში გადადის", მაგრამ, მთლიანობაში, "ბედნიერი სიკვდილი" გაცილებით უფრო ძლიერი ნაწარმოები აღმოჩნდა, ვიდრე მოველოდი. იგი ორი ნაწილისგან შედგება: "ბუნებრივი სიკვდილი" და "გაცნობიერებული სიკვდილი". წიგნის სიუჟეტი ორიოდე წინადადებაში ჩაეტევა: მთავარი პერსონაჟი პატრის მერსო კლავს მდიდარ ხეიბარ ზაგროსს, მიაქვს მისი ფული და ევროპაში მოგზაურობს, თუმცა იქაურობას გულს ვერ უდებს, ბრუნდება ალჟირში, ერთი პერიოდი მეგობარ გოგონებთან ერთად ცხოვრობს, იშენებს ქალაქგარეთ სახლს, მოჰყავს ცოლი, მაგრამ ძირითადად მაინც მარტოობაში ცხოვრობს, ავად ხდება და კვდება. ამ სიუჟეტურ ხაზში ის სათქმელები, რაც ეგზისტენციალიზმმა და აბსურდის თეორიამ თანდათანობით ჩამოაყალიბა, საკმაოდ მკაფიოდ ისმის. უნდა გავითვალისწინოთ, რომ რომანი იწერებოდა ამ თეორიების გარიჟრაჟზე. მაგალითად, სწორედ 1938 წელს გამოვიდა ჟან-პოლ სარტრის "გულზიდვა". ანუ წერის პროცესში ეს რომანი ახალგაზრდა კამიუზე ვერაინაირად ვერ მოახდენდა ზეგავლენას. შეიძლება გავლენა მოახდინა გამოსვლის შემდეგ და სწორედ "გულზიდვის" წაკითხვის შემდეგ აღიქვა კამიუმ თავისი პირველი რომანი მარცხად, არ ისურვა მისი გამოქვეყნება და სულ სხვა დონეზე დაიწყო მუშაობა. საერთოდ, "ბედნიერ სიკვდილსა" და "უცხოს" შორის ბევრი პარალელი და ასოციაცია ჩნდება კითხვისას. ყველაზე თვალშისაცემი ისაა, რომ ავტორს პირველი რომანის პროტაგონისტი მეორეში გადაჰყავს. მაგრამ არის კი ვითომ ბოლომდე ასე? მოვუსმინოთ გიორგი ეკიზაშვილს.

გიორგი ეკიზაშვილი: "მთავარი გმირის გვარი არის მერსო. მერსო გადავიდა მის რომანში "უცხო". მაგრამ განსხვავება ტრანსკრიფციაშია: აქ არის Mersault და იქ არის Meursault, u ჩაემატა e-სა და r-ს შორის. ორი ფუძეა: Mer - ზღვა, და Soleil - მზე. ორი, რომელიც მიჰყვება მთელ შემოქმედებას კამიუსი. ორი სიყვარული მერსოსი: ამ მერსოსიც და იმ მერსოსიც. ზღვა, ბუნება, ბუნებასთან ერთიანობა და, ბოლო-ბოლო, მერსო რომ არაბს კლავს "უცხოში", ერთადერთ ცოდვად მიაჩნია ის, რომ დაარღვია გასროლით სანაპიროზე დღის წონასწორობა, ბუნების წონასწორობა. ეს იყო მისი პირველი ღვთაება, პირველი სიყვარული. ბუნება ადამიანის გარეშე - ეს ლოზუნგი ჰქონდა კამიუს, პირველ კამიუს. თავის ესეებში ამაზე წერს. აი, "უცხოში" უკვე, u რომ ჩაემატა, მზე დარჩა მზედ, მაგრამ Mer u-ს ჩამატებით გახდა მკვლელობა - Meurtre".

გარდა მერსოსი, კამიუ ამ რომანში საინტერესო ტიპაჟებს ქმნის თავისი ხასიათებით: მერსოს საყვარელი მართა, მისი მეგობარი გოგონები კლერი, კატრინი და როზი, ცოლი ლუსიენი, მოხუცი მეთევზე პერესი და, რა თქმა უნდა, ზაგროსი, რომელიც მთავარი სტიმულატორია მერსოში ეგზისტენციალური ფიქრების თუ ვნებების გაღვივებისა.

გიორგი ეკიზაშვილი: "როდესაც კლავს ზაგროსს, აქ ისმის ნიცშეც, დოსტოევსკიც. "თავისი სულის უცოდველობაში მოკლა ზაგროსი". მერსო არ გრძნობს არც სინდისის ქენჯნას, მაგრამ კლავს კი იგი, საკითხავია: ზაგროსი თვითონ უბიძგებს მერსოს, უტოვებს თითქოს ანდერძად, უბრძანებს: იყავ ბედნიერი. მაგრამ ბედნიერი რომ იყო, შენ უნდა მე მომკლა, რომ წაიღო ჩემი ფული. აი, რა ფორმულაა: ბედნიერი რომ იყო, უნდა გქონდეს დრო. მაგრამ დრო რომ გქონდეს, უნდა გქონდეს ფული".

მეორე ნაწილში ეს მოცალეობაა ნაჩვენები, რომელიც ბედნიერების საწინდარი უნდა იყოს. მოცალეობა მოძრაობით იწყება, გარემოთა ცვლით, ახალი ატმოსფეროს შეგრძნებით სამყაროში. მოცალეობა, მარტოობა და ციებ-ცხელება ერთმანეთში იზილება და აღქმა უკიდურესად მძაფრდება. პრაღა, ვენა, გენუა... - ყველა ქალაქს თავისი არომატი აქვს, რიტმი, განათება. ვთქვათ, მერსოს ემოციურ მდგომარეობას პრაღაში ყველაზე უკეთ გამოხატავს მჟავე კიტრის სუნი, რომლის მიმართაც მას მიჯაჭვულობა უჩნდება. მაგრამ დინამიკაში მერსო ბედნიერებას ვერ პოულობს და სტატიკაში გადადის: ზანტ, გარეგნულად უშფოთველ ცხოვრებას ირჩევს ალჟირში, მაგრამ ამ უშფოთველობაში ეგზისტენციალური შფოთვები სხვა სახეს იღებენ, რაც, საბოლოო ჯამში, ავადმყოფობის ფონზე ბედნიერების მოლოდინის რეჟიმს იღებს.

დაბოლოს, ერთხელაც მოვუსმინოთ გიორგი ეკიზაშვილს.

გიორგი ეკიზაშვილი: "ექიმ ბერნარს სთხოვს წამლებს, გონება რომ არ დაკარგოს და გახელილი თვალებით შეხვდეს სიკვდილს. იმიტომ რომ მერსოს უბედური ცხოვრების შემდეგ ერთი რწმენა აქვს: აი, ახლა, სარეცელზე მწოლიარე ელოდება, რომ ეზიაროს ქვათა ბედნიერებას. ქვები წინაც აქვს ნახსენები: ინდიფერენტულობა... ბუნება გულგრილია. აი, ასე მინდა: ვიყო ყველაფრისადმი გულგრილი. აქ ხაზგასმით არ არის. "უცხოში" ხაზგასმულია ეს გულგრილობა. უყურებს საკუთარ სიცოცხლეს და ისეთს, როგორიც ის არის, იღებს: ვიღაცამ მიუსაჯა? ბედმა? ღმერთმა? არაა ჩემი არჩევანი, მაგრამ ეს ცხოვრება მე ვიცხოვრე. იგივე ხმა ისმის "უცხოს" ფინალში, როცა მღვდელს აუმბოხდება: ეს ჩემი ცხოვრებაა! შენ იქაური ცხოვრებისა არა გწამსო, ეუბნება მღვდელი და: ვიწამებ მაშინ, თუკი იქაური ცხოვრება აქაურის გახსენებაა".

XS
SM
MD
LG