გამომცემლობა "ინტელექტმა" წელს გამოსცა ცირა ყურაშვილის ნოველების კრებული "ჟამსა თამაშობისასა". ამ ნოველების უმრავლესობა მინიატიურის ზომისაა, მაგრამ ზომა ხომ არაა ტექსტის ბუნების განმსაზღვრელი. კი, არის წიგნში რამდენიმე ტექსტი, მინიატიურა რომ ეთქმის, მაგრამ უმრავლესობა, მიუხედავად მომცროობისა, სწორედაც რომ ნოველის სხვადასხვა ტიპის თარგებზეა გამოჭრილი და, რაც მთავარია, ისეთი იშვიათი მატერიითაა შეკერილი, რომ მისი ფაქტურა ცალკე კვლევის საგანი უნდა იყოს, თუ გვინდა, რომ კრებულის მთავარ მახასიათებლებში გავერკვეთ. სანამ კონკრეტიკისკენ წავალთ, ასე ვიტყოდი, რომ ცირა ყურაშვილისნაირი მწერლები დღეს თითქმის აღარ არიან და მის ამ იშვიათობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, უფრო ზუსტად კი, ამ ფაქტორების შერწყმულობა. "თითქმის აღარ არიან" რაკი ვთქვი, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ადრე ასეთი მწერლები იყვნენ. და როგორები? თავად ცირა ყურაშვილი არაა ერთნაირი თავის წიგნებში, თუმცა იგი ყველგან ორიოდე წინადადებაშივე ამოიცნობა. მისი ის თვისება კი, რომელიც ზემოთ ვახსენე, ჩემი აზრით, ყველაზე უკეთ სწორედ ამ კრებულში გამოიკვეთა, სადაც ნოველათა უმრავლესობაში სოფელში გატარებული ბავშვობის სურათებია ის ღერძი, რომელზეც თხრობა იგება, თუმცა ბარემ აქვე დავძენ, რომ ავტორი მკაფიო ნარატივს არ მისდევს ხოლმე. არაა ეს სოფლის ყოფის ამსახველი ისეთი წიგნი, რომელიც ახლა წარმოგიდგათ. საუკეთესო ნიმუშებსაც არ ჰგავს, ინანიშვილს თუ შატაიძეს... სტილით არ ჰგავს, თუმცა მიდგომით კი: კომპაქტურობისკენ სწრაფვით, ხალხური მეტყველების მეშვეობით საკუთარი ენობრივი სივრცის შექმნით და ამ ენით ხასიათების, განწყობილებების ძერწვის გამორჩეული უნარით. მნიშვნელოვანია, რომ ეს ენა, ცირა ყურაშვილის შემთხვევაში იმერული დიალექტი, არაა ლექსიკონებიდან ამოქექილი. ავტორი მატარებელია ამ ენისა, თუმცა ის არ თვლის, რომ მხატვრულობისთვის ეს საკმარისია. ის ამ ენას არ უშვებს თავის დინებაზე, არ ცდილობს ლაღი, დიალექტის ჟღერადობასა და ენერგეტიკაზე დამოკიდებული ტექსტი წეროს, პირიქით, ამ ლექსიკურ მარაგს "თავის ჭკუაზე მოაქცევს" და საკუთარი ესთეტიკის კანონებით ამუშავებს. აი, სწორედ ეს ვიგულისხმე, როცა ვთქვი, ასეთი მწერლები დღეს თითქმის აღარ არიან-მეთქი. ახლა უფრო სტილიზატორები არიან. სტილიზაცია არც ცირა ყურაშვილისთვის არის უცხო, მაგრამ ეს მხოლოდ ერთ-ერთი ხერხია და არა განმსაზღვრელი.
მის წიგნზე საუბარი ვთხოვე მწერალ ზვიად კვარაცხელიას.
ზვიად კვარაცხელია: ცირა ყურაშვილი პირადად ჩემთვის, და დარწმუნებული ვარ, ბევრი მკითხველისთვის, თავისი ბრწყინვალე მოთხრობით, "უკან არ მიიხედოთი" არის ცნობილი. ამ მოთხრობამ მას ერთბაშად დაუმკვიდრა ადგილი თანამედროვე ქართველ საუკეთესო ავტორთა შორის. რა თქმა უნდა, ასეთი ნაწარმოების შემდეგ, სამწერლო და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ძალიან ძნელია ისეთი ტექსტის დაწერა, რომელიც იმ დონეს, იმ რანგს შეინარჩუნებს. მკითხველიც უკვე განსაკუთრებულ მოთხოვნებს უყენებს ავტორს და ადვილი არ არის, ერთი სიტყვით, ამ მდგომარეობიდან გამოსვლა, ამ მოლოდინის გამართლება. ბევრი მწერალი ამ ხილულ თუ უხილავ წნეხს ვერ უძლებს. ცირა ყურაშვილმა ამ წიგნით, ვფიქრობ, ის თემები და მოტივებიც შეინარჩუნა, რაც ადრინდელ პოეტურ თუ პროზაულ ტექსტებში ჰქონდა, და სიახლეც შეჰმატა თავის შემოქმედებას. საერთოდ, ცირა ყურაშვილის ერთ-ერთი მთავარი თემაა ადამიანის გადარჩენა. ამდენ ყოფით წვრილმანში, საქმეში და საზრუნავში იპოვო იმის ძალა, რომ გადარჩე. ამ წიგნში არის ერთი ძალიან ძლიერი ნოველა - "სახვეპელი". მთელი რომანის მასალა ავტორმა სამ გვერდში ჩაწურა და ყველა სიტყვა და სტრიქონი ისე გამოჭედა, რომ ამ ნოველას ვერ მოყვები. ახლა ჩვენ აქ რაც არ უნდა ვილაპარაკოთ "სახვეპელზე", მგონია, რომ ყველაფერი ყალბი იქნება. ისეთი ემოცია, თან რაღაც უჩვეული სიმშვიდე, წონასწორობა და სულიერი ძალა აქვს ამ ნოველის პერსონაჟს, დედას, დღეს რაც ყველაზე მეტად სჭირდება ადამიანს, რომ არ დაინგრეს.
კი თქვა ზვიად კვარაცხელიამ "სახვეპელზე", არ გამოვა მასზე საუბარიო, მაგრამ ბოლოს გულმა მაინც ვერ მოუთმინა და ილაპარაკა.
ზვიად კვარაცხელია: ქალი შვილებთან ერთად გადის სათევზაოდ და მკითხველი ხედავს, რომ ძალიან ოსტატურად, საქმის ცოდნით და ერთგვარი აზარტითაც კი, თევზაობს და იჭერს კალმახს. რაღაცნაირად შორეული ასოციაციები გიჩნდება ჰემინგუეისთან, მაგრამ ის ძალიან მძაფრი და შთამბეჭდავი ამბავი, რასაც ბოლოსკენ შემოაცურებს ცირა ყურაშვილი, ეს არის ზუსტად ის, რაც მოყვება ამ თევზაობას, ამ ძნელ საქმეს, დედის მიერ ბრწყინვალედ შესრულებულ საქმეს, რომელსაც მოსდევს ასეთი აბზაცი: "დედა იმ საღამოს თავისი ფეხით წავა საავადმყოფოში, უფულოდ, ერთი კილომეტრის მოშორებით და იმშობიარებს ისე, როგორც ითევზავა, როგორც მორჩავს და აკრავს, როგორც მღერის თავისი მკვეთრად მუსიკალური ხმით, როგორც ლექსებს უთეთრებს დიდ, მუყაოსყდიან რვეულში მამაჩემს, როგორც აიძულებს ძე ღმერთს, გაშალოს თავისი დალურსმნულმტევნებიანი მკლავები და მაღლიდან აკურთხოს ჩვენი ბავშვური ტერფებით გადატკეპნილი და ამით გადახრიოკებული ეზო, რომელზეც კოლინდარმა ფესვი ვერაფრით მოიდგა".
რაკი ასე აეწყო, მე რამდენიმე სხვა ნოველაზე გავამახვილებ ყურადღებას. მაგალითად, "საცურაო აუზი". სოფელში, სახელდახელოდ გათხრილ აუზში ცურვაში შეჯიბრი ეწყობა. პატარები ამ შეჯიბრის ცქერით ერთობიან. წყალი თანდათანობით იმღვრევა, ტალახიანდება, ახლომახლო სუფთა მდინარე მიედინება, კაცები კი, ფაქტობრივად, ტლაპოში მიცურავენ. "და მიდის კაცი, ღრმა ორმოში მიაპობს ტალღებს, მიცურავს ვითომ..." - ეს ფრაზა, ეს ქმედება რეფრენად გასდევს მთელ ტექსტს. სოფლის სურათები იცვლება: ყანა, ორღობეები, აბრეშუმის პარკების ჩასაბარებელი პუნქტი, ბოსელი... ტალახში კი მიცურავენ, ვითომ მიცურავენ. კლუბად გადაკეთებულ ტაძარში მღერიან "პარტიააა, პარტია..., დი-დე-ბა პარტიააას!" ბებია საკურთხის სუფრას ამზადებს, სტალინი კვდება... - ეს სცენები დროსა და სივრცეშია გაფანტული და მათ ტალახიან წყალში კაცის ცურვა კრავს, რომელიც თანდათანობით სიმბოლურ იერს იძენს.
ანდა ნოველა "სურათები". სარდაფში მამა-შვილი ფოტოებს ამჟღავნებს. და სარდაფის აღწერა, მთელი თავისი საწებლის ბოთლებით და კომპოტებით, ანკესის ნაწილებით, სამუშაო იარაღებით, ფოტოგრაფიის ძველ ხიბლს გამოკვეთს, მეტიც, თითქოსდა სწორედ სარდაფის ეს ატმოსფერო ამჟღავნებს გამოსახულებებს, მათ რეალურს ხდის.
ანდა "წყალდიდი": როგორი სხვანაირები არიან მდინარის პირას ადამიანები. სოფლელი გოგონები, რომლებიც "პიწკად ჩაჰყოფენ ფეხს მდინარეში. ფეხის წვერით აქაფებენ ტალღებს, იცინიან და მალულად მზერას ელიან"; ნახევრადთბილისელი ნანა, რომელიც მათგან განსხვავებით თამამად გაწოლილა და მზეს ეფიცხება; ხის სახერხი ქარხნის მუშები, რომლებიც "ფარფალია საცვლებით" ყვინთაობენ და დგაფუნობენ წყალში და იქ, სადაც ნანა იწვა, პურ-მარილს შლიან ხოლმე, ქარხანაში კი, სადაც "ფიჭვის და ნაძვის შოროთანა ხეები წვანან, ვითარცა მაღალი ქალიშვილები", ფიცრებად ხერხავენ ამ ქალიშვილებს...
აი, ასეთი ამბები ხდება ცირა ყურაშვილის "ჟამსა თამაშობისასა"-ში და ეს ამბები თავად უნდა დააგემოვნოთ, იყნოსოთ, მიაყურადოთ, შეეხოთ, თქვენი ყველა გრძნობა უნდა ჩართოთ ამ "თამაშში".
დაბოლოს, კვლავ ზვიად კვარაცხელიას მოვუსმინოთ.
ზვიად კვარაცხელია: ამ წიგნის სათაურიც რაღაცნაირად ხსნის ამ მომენტს, ენებით თამაშს, ანუ ძალიან ბევრი სხვადასხვა ენა გვხვდება ამ წიგნში: ერთი არის, დავუშვათ, ნოველა "თხილის კრეფის" ენა, მეორე "სურათების" ენა. ავტორი ოსტატურად ახერხებს, რომ სხვადასხვა ენით გადმოსცეს ის ნოსტალგიური სურათები, რაც ბავშვობიდან ამოყვება და ამჟღავნებს, როგორც ამჟღავნებს მისი ერთ-ერთი ნაწარმოების პერსონაჟი ფოტოებს, და ამჟღავნებს ჩვენს თვალწინ ამას.