Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერნარდ „ბადი“ რიჩი


ბერნარდ „ბადი“ რიჩი
ბერნარდ „ბადი“ რიჩი

„მიეცით მას სოლირების საშუალება და აგაფეთქებთ...“ - ასე ახასიათებდა სვინგის ეპოქის ვარსკვლავად აღიარებული დრამერი ჯინ კრუპა თავის კოლეგას ბადი რიჩს, მუსიკოსს, რომელსაც ბევრი „მსოფლიოს უდიდეს დრამერად“ მიიჩნევს და დავა, თუ რომელი უფრო ვირტუოზი ინსტრუმენტალისტი იყო, დღესაც არ წყდება ჯაზურ წრეებში.

მუსიკა, მუსიკა
please wait

No media source currently available

0:00 0:07:09 0:00
გადმოწერა

ბერნარდ „ბადი“ რიჩი ბრუკლინში 1917 წლის 30 სექტემბერს დაიბადა. სულ რაღაც 1 წლის იყო, როცა რიტმის საოცარი გრძნობა გამოავლინა. რადიოში მოსმენილ მელოდიას კოვზების რახარუხით უწევდა პერკუსიულ თანხლებას. შვილის ნიჭი მამამ შეამჩნია, რომელიც მიუზიკლების მსახიობი გახლდათ და პატარაც ვოდევილურ წარმოდგენებში ჩართო. დრამერის სასცენო დებიუტი 2 წლის ასაკში შედგა და, როგორც ვუნდერკინდმა, მალევე გაითქვა სახელი. სხვათა შორის, პოპულარობით არც ჯეკი კუგანს ჩამოუვარდებოდა, ჩაპლინის მაწანწალა თავს რომ ევლება ფილმში „The Kid“.

ბადი თვითნასწავლი დრამერი გახლდათ, არასოდეს უცდია თეორიულ უნარებს ჩაღრმავებოდა და ნოტების კითხვითაც არ მოუკლავს თავი. „სწავლა მის ინდივიდუალიზმს ავნებსო“ - ამგვარად ფიქრობდა მამამისი და პატარაც ჩიკ უების, ჯო ჯოუნსისა და ჯინ კრუპას სმენით ხვეწდა საშემსრულებლო ოსტატობას. პირველი ჯაზური ჩანაწერი 21 წლის ასაკში გააკეთა, როცა იმხანად მეტად პოპულარულ ქალთა ვოკალურ ტრიოს - „Andrews Sisters“-ს - დაეხმარა ალბომზე მუშაობაში. 1938 წლიდან კი ცნობილი ამერიკელი ტრომბონისტის, კომპოზიტორისა და ბენდლიდერის ტომი დორსის მარაქაში გაერია. აქ გატარებულ წლებში ბადიმ საორკესტრო დრამერისათვის აუცილებელი უდიდესი გამოცდილება მიიღო, თუმცა მისი უნიკალურობა კოლექტიურ ჟღერადობაში არ იკარგებოდა. სოლო აფეთქებები მძლავრი, სწრაფი და იმდენად ეფექტური იყო, რომ მრავალი კრიტიკოსი აალაპარაკა. პარალელურად, სესიურ მუშაობასაც ითავსებდა. ამ მხრივ ლეგენდად ქცეულ დისკს “Ella and Louis”-ს გამოვყოფდი, სადაც ჯაზის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან დუეტს გაუწია აკომპანირება, ოსკარ პიტერსონის ტრიოსთან ერთად.

ბადი რიჩმა საკუთარი ორკესტრი 60-იანი წლების შუახანებში ჩამოაყალიბა. მიუხედავად იმისა, რომ სვინგური ბიგბენდების ეპოქა 2 ათწლეულის წინ დასრულებულიყო, Buddy Rich's Swingin' New Big Band მაინც აქტუალური გახლდათ. ამის მიზეზი იყო ისევ და ისევ მუსიკოსის განუმეორებელი ხელწერა, რომელიც დრამზე დაკვრის სტანდარტად იქცა. ჯვარედინი სვლები, სწრაფი წრიული დარტყმების სერია, დამანგრეველი ძალის მქონე პერკუსიული მეტყველებისა და დამცხრალი პასაჟების უეცარი მონაცვლეობა, რიტმის თანმიმდევრული დაგდება და შემდეგ უკუსვლით აჩქარება - ეს ბადი რიჩის ის ხრიკები გახლდათ, რომელთაც მსმენელი აღფრთოვანებაში მოჰყავდა.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს „ვესტსაიდური ისტორიის“ თემებზე შექმნილი პოპური. როგორც თავად არტისტი იხსენებდა, არანჟირება ტემპისა და ტონალობის ხშირ ცვლას ემყარებოდა და, თავად ნაწარმოების ურთულესი სტრუქტურის გათვალისწინებით, ბიგბენდს რამდენიმეთვიანი რეპეტიციები დასჭირდა ჩანაფიქრის სრულყოფისათვის. 1966 წელს მიუზიკლის სვინგური ვერსია ჯერ ალბომის ფორმატში გამოიცა, თუმცა ყველაზე შთამბეჭდავი მაინც საკონცერტო ვერსია იყო, რომელსაც თავად ბერნსტაინმა საუკეთესო ჯაზური ვერსია უწოდა.

ბადი რიჩს სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია სტუდიური თუ საკონცერტო გამოსვლები. მუსიკოსი 1987 წლის 2 აპრილს 69 წლის ასაკში აღესრულა. სულ ახლახან კი ინტერნეტმაღაზია iTunes-ზე გამოჩნდა ალბომი “Birdland”, რომელმაც დრამერის ერთ-ერთი ორკესტრის, Killer Force Band-ის, აქამდე გამოუქვეყნებელ საკონცერტო ჩანაწერებს მოუყარა თავი. სტატისტიკის მიხედვით, ალბომი ყველაზე მოთხოვნად პროექტად იქცა არტისტის დისკოგრაფიაში. რაც შეეხება ვინილის ფირფიტას, მელომანები მის შეძენას 26 ივნისიდან შეძლებენ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG