Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაზრები და ბაზრობები საქართველოში - ოფიციალური სტატისტიკა


თბილისის ერთ-ერთი ბაზარი
თბილისის ერთ-ერთი ბაზარი

ამ ბოლო ხანებში ბაზრები და ბაზრობები საქართველოში ძირითადად ხანძრის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით ხდებიან ცნობილი. ერთ-ერთი ბოლო სიახლე იყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბაზრებისა და ბაზრობების დაზღვევა სავალდებულო გახდება, თუმცა, სანამ ამ გადაწყვეტილებას ოფიციალურად მიიღებს პარლამენტი, სტატისტიკის ეროვნული სამსახური ბაზრებისა და ბაზრობების სტატისტიკას აქვეყნებს.

ამ სტატისტიკის თანახმად, 2016 წელს საქართველოში ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 211 ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა. გასულ წელს, 2015 წელთან შედარებით, სუბიექტების რიცხვი 7-ით შემცირდა.

საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნული 211 სუბიექტიდან 29,4 % ქალაქ თბილისშია განთავსებული, 21,8 % - იმერეთში, 12,3 % - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 11,4 % - კახეთის რეგიონში, 8,1 % - ქვემო ქართლში, 5,2 % - აჭარაში, 4,3 % - შიდა ქართლში, 2,8 % - სამცხე-ჯავახეთში, 1,9 % - გურიაში, 1,9 % - მცხეთა-მთიანეთში და 0,9 % - რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში. საქართველოში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე 59,9 ათასი სავაჭრო ადგილია, სადაც საშუალოდ ერთ დღეში 45,3 ათასი კაცი ვაჭრობს.

2016 წელს ბაზრობების ორგანიზებით დაკავებულ საწარმოებში (ბაზრობების დირექციებში) დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 3,2 ათას კაცს შეადგენდა, რომელთაგან 33,9 % ქალია. დასაქმებულთა 44,7 % თბილისზე მოდის, დანარჩენი კი სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, საქართველოს ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე ეკონომიკური სუბიექტების მიერ ვაჭრობა კვირის სხვადასხვა დღეს არის ორგანიზებული: ყოველდღიური ვაჭრობა 169 ბაზარში, საკვირაო ვაჭრობა 20 ბაზარში მიმდინარეობს. კვირა დღის გარდა, ვაჭრობს 3 ბაზარი. ერთ-ერთი ბაზრის ტერიტორიაზე ვაჭრობა მხოლოდ შაბათ-კვირას არის, დანარჩენი ბაზრობის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ერთდღიანი, ორ ან სამდღიანი ვაჭრობა კვირის სხვადასხვა დღეებში.

2016 წელს ბაზრების, ბაზრობებისა და ბაზრობის ტიპის საწარმოების შემოსავლებმა 144,3 მილიონი ლარი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ბაზრობების ტერიტორიაზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების მიერ ვაჭრობის უფლებისათვის (ერთჯერადი გადასახდელის სახით) 53,3 მილიონი ლარია გადახდილი, რაც ბაზრობების დირექციების შემოსავლების 36,9 %-ს შეადგენს. 57,2 % სავაჭრო ფართის გაქირავებიდან მიღებული შემოსავლებია, ხოლო 5,8 % სხვა სახის შემოსავლებს მიეკუთვნება. რაც შეეხება დანახარჯებს, 2016 წელს ბაზრობის ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების დანახარჯებმა 98,2 მილიონი ლარი შეადგინა, აქედან შრომის ანაზღაურებამ დასაქმებულ პერსონალზე - 27,3 მილიონი ლარი.

ეს სტატისტიკა ცხადყოფს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვს ბაზრებსა და ბაზრობებს ადამიანების დასაქმების კუთხით. ამ სფეროში დასაქმებულთა რიცხვი არასაჯარო სექტორში დასაქმებულთა 10 %-ს აღემატება, რაც ძალიან სერიოზული მაჩვენებელია და იმაზეც ქმნის წარმოდგენას, თუ რამდენად მნიშვნელოვან სოციალურ როლს ასრულებს ბაზრობები საქართველოში.

XS
SM
MD
LG