Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ავიაბაზრის ლიდერები


ახალი ავიაკომპანიების შემოსვლამ ბაზარზე, შედარებითმა ლიბერალიზაციამ, ქუთაისის აეროპორტის გახსნამ საქართველოს ავიაბაზრის სტრუქტურაზე სერიოზული ზეგავლენა მოახდინა.

ამ ზეგავლენის ერთ-ერთი შედეგია ფასების შედარებითი კლება ფრენებზე, თუმცა შედეგია ისიც, რომ ბაზრის დიდი ნაწილი თურქულ და უკრაინულ ავიაკომპანიებს უკავია, კერძოდ:

ქვეყნის ავიაციის ლიდერი კომპანია თურქული ავიაგადამზიდავი Turkish Airlines-ია, რომელსაც, 2016 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, ბაზრის 21 % უკავია.

სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, იანვარ-მარტის მონაცემებით, რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით Turkish Airlines-ს უკრაინული ავიაგადამზიდავი FlyUIA მოჰყვება, რომელიც, გადაყვანილი მგზავრთა ნაკადის მიხედვით, ბაზრის 13 %-ს ფლობს. მესამე პოზიციაზე ქართული კომპანია Georgian Airways-ია, რომლის ბაზრის წილიც 9 %-ს შეადგენს.

2016 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით, თურქული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pegasus Airlines-ის წილი 8 %-ია. რუსული ავიაკომპანია S7-ის წილი, რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, 7 %-ია. ბაზრის 6-6 %-იანი წილის მფლობელები არიან რუსული ავიაგიგანტი Aeroflot-ი და არაბული ავიაკომპანია Flydubai. ბაზრის 4 %-იანი წილის მფლობელია უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი, რომელიც საქართველოში მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაფრინავს.

2016 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, ბაზრის 3-3 %-ის მფლობელები არიან Lufthansa, Air Arabia, QatarAirways, Atlasglobal, Belavia, AZAL. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის ავიაბაზრის 11 %-ის მფლობელია ეროვნული ავიაგადამზიდავი, 89 %-ს კი უცხოური ავიაკომპანიები აკონტროლებენ. რაც შეეხება თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, აქაც, გადაყვანილი მგზავრების მიხედვით, ლიდერი Turkish Airlines-ია, რომელსაც ბაზრის 20 % უკავია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გადაყვანილი მგზავრთა ნაკადის მიხედვით, ავიაკომპანიების „TOP-5“ ასეთია: 1. Turkish Airlines-ი – 20% , 2.FlyUIA - 11%, 3. Georgian Airways-ი – 10%, 4. S7 - 8%, 5. Flydubai – 7%.

როგორც გახსოვთ, არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია საქართველოში, ვიზიარის გარდა, კიდევ ერთი ყველაზე მსხვილი დაბალბიუჯეტიანი ირლანდიური ავიაკომპანიის, „რაინ ეარის“, შემოსვლის შესახებ, თუმცა ეს პროგნოზები დღემდე არა და არ გამართლდა. მისი გამოჩენა ბაზარზე ახალ მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიტანდა და ფასებზეც უდავოდ დადებითად აისახებოდა.

XS
SM
MD
LG