Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი ავიარეისები და საქართველოს ავიაბაზრის პერსპექტივა


ოქტომბრის ბოლოდან საქართველოში ორი ახალი ავიაკომპანიის რეისები იწყება. ერთი მათგანი „აეროფლოტია“, რომელიც ქართულ ბაზარზე საკმაოდ აგრესიული რეგულარობისა და საფასო პოლიტიკით შემოდის - კომპანია ყოველდღიური რეისების განხორციელებას გეგმავს და მისი ფასები 180 ლარიდან 2 330 ლარამდე მერყეობს. მოსკოვის მიმართულებით ფრენებს ამჟამად კიდევ 2 ავიაკომპანია -“აირზენა“ და „სიბირის ავიახაზები“ - ახორციელებს. „აირზენას“ ბილეთის ფასი 560–580 ლარიდან 1520 ლარამდე მერყეობს, ხოლო „სიბირის ავიახაზების“ ფასი - 560–580 ლარიდან 2000 ლარამდე.

„აეროფლოტის“ გამოჩენას ქართულ ბაზარზე უკვე მოჰყვა გარკვეული პოლიტიკური შეფასებები იმის თაობაზე, რომ რუსული კომპანია ქართულ ბაზარზე დასავლური და ქართული კომპანიების ჩანაცვლებასა და ერთ-ერთი წამყვანი როლის თამაშს შეეცდება, რაც სიმართლეს არ არის მოკლებული, მით უმეტეს, თუ, მაგალითად, იმავე მოსკოვის მიმართულებაზე სხვა კომპანიების ფასებს გადავხედავთ. ამ ახალი რეისის დანიშვნასთან დაკავშირებით გარკვეული პოლიტიკური უხერხულობა, შესაძლოა, იმ სანქციების ფონზეც წარმოიშვას, რომლებიც განვითარებული მსოფლიოს დიდ ნაწილს რუსეთისთვის აქვს დაწესებული.

მეორე მხრივ, ყველა დამატებითი რეისი არჩევანს ზრდის, რაც, თავისთავად, მეტად კონკურენტული გარემოს შექმნას უწყობს ხელს და, საბოლოოდ, მომხმარებელთა ჯიბეზე დადებითად აისახება. ამან, შესაძლოა, რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ტურისტთა ნაკადზეც მოახდინოს გავლენა.

ამ თვალსაზრისით საინტერესოა ასევე მეორე ავიაკომპანიის, Air Arabia–ს, გამოჩენა ქართულ ავიაბაზარზე. შუა აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის პირველი და ყველაზე დიდი დაბალფასიანი გადამზიდავი კომპანია თბილისის მიმართულებით რეგულარულ პირდაპირ მიმოსვლას 28 ოქტომბრიდან, ანუ დღეიდან, იწყებს. თბილისი Air Arabia–ს რიგით მე-100 საერთაშორისო მიმართულებაა. Air Arabia ფრენებს თბილისის მიმართულებით კვირაში ორჯერ შარჟას საერთაშორისო აეროპორტიდან განახორციელებს. ეს საქართველოში აღმოსავლეთიდან შემომავალი და ასევე გამავალი ნაკადების რაოდენობაზე, დიდი ალბათობით, დადებითად აისახება.

თუმცა, მგზავრთა ნაკადებისა და მსოფლიოზე წვდომის გაზრდის თვალსაზრისით, განსაკუთრებით საინტერესოა, რომ რუსული და არაბული კომპანიების გვერდით საქართველოში ევროპული დაბალფასიანი ავიაკომპანებიც გამოჩნდნენ.

მაგალითად, კომპანია Wizzair-ის შემოსვლამ ქართულ ბაზარზე ქუთაისის აეროპორტის მნიშვნელობა ერთი-ორად გაზარდა. წელს ფრენის მიმართულებებს ქუთაისი-ბუდაპეშტის მიმართულებაც დაემატა, ახლა კი ავიაკომპანია Wizzair 2015 წლიდან ბუდაპეშტიდან ახალ ავიარეისებს ამატებს. ავიაკომპანიის ვებგვერდზე მოცემული ინფორმაციით, ახალი რეისი 17 მაისიდან ბუდაპეშტ-ალიკანტეს მიმართულებით ინიშნება. 13 ივნისს შესრულდება პირველი რეისი ბულგარეთის ქალაქ ბურგასის მიმართულებით. ბუდაპეშტიდან საბერძნეთის კუნძულ კრეტას მიმართულებით ფრენები 14 ივნისს დაიწყება, 16 ივნისს კი ავიაკომპანია უნგრეთის დედაქალაქიდან ბერძნულ კუნძულ ზაკინტოსის მიმართულებითაც იფრენს.

მსგავსი ევროპული დაბალფასიანი კომპანიების გამოჩენა ბაზარზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სავიზო ლიბერალიზაციის პერსპექტივის ფონზე, რაც საქართველოს მოსახლეობისთვის ევროპას, ევროპისთვის კი საქართველოს ახლობლად და ადვილად მისაწვდომად გახდის.

XS
SM
MD
LG