პარტია „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებისთვის მხოლოდ მოჩვენებით ცვლილებებს გეგმავს, ხოლო, სინამდვილეში, რეტროგრადების გავლენით, ვერც თავად ვითარდება და ვერც ქვეყნის დემოკრატიულ წინსვლას უწყობს ხელს – ამ შინაარსის მწვავე კრიტიკის თანხლებით, 10 მაისს „ქართული ოცნების“ რიგები პარტიის პოლიტსაბჭოს ყოფილმა წევრმა არმაზ ახვლედიანმა დატოვა. გარდა ამისა, ახვლედიანი „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობასა და სამართალდამცველ სტრუქტურებს ფარულ მიყურადებაში სდებს ბრალს. აწ უკვე ყოფილი თანაგუნდელები წუხილს არ გამოხატავენ და თვლიან, რომ ახვლედიანის წასვლით პარტიას არაფერი დააკლდება. მოვლენათა ამგვარი განვითარება, მოახლოებული არჩევნების ფონზე, არ უკვირთ ანალიტიკოსებს.
„ქართული ოცნების“ დატოვების მიზეზები პარტიის პოლიტსაბჭოს ყოფილმა წევრმა არმაზ ახვლედიანმა საზოგადოებას 10 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე გააცნო. ითქვა, რომ „ქართული ოცნება“ აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ წინსვლას, ასნეულებს „ერთიან ქართულ პოლიტიკურ ორგანიზმსაც“ და რომ კარს მომდგარი ყრილობის შემდეგ, რომელიც „ფასადურობისა“ და „მოჩვენებითობის“ ახალი ხარისხის დემონსტრირება იქნება, პარტია გადაერთვება იმაზე, რომ ნებისმიერი - და, მათ შორის, უკანონო - საშუალებით მოიგოს არჩევნები:
„არჩევნებში გამარჯვება ასეთ პარტიას ნამდვილად არ შეუძლია ნორმალურ, თანაბარ, კონკურენტულ პირობებში და ამიტომ ის მამართავს სხვა გზას - ჩვეულ გზებს - და ამის საუკეთესო დემონსტრირებაა ის, თუ რა ადამიანებით არის დაკომპლექტებული დღეს პარტიის მმართველი ძალა. ისინი წლების განმავლობაში ახერხებდნენ, რომ გაეყალბებინათ, მოეტანათ სასურველი, შესაბამისი შედეგი ხელმძღვანელებისთვის“.
არმაზ ახვლედიანი პრემიერ-მინისტრს უმოქმედობაში ადანაშაულებს, ხოლო პრობლემათა შემქმნელების ნუსხაში ასახელებს, მაგალითად, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს, გია ვოლსკის. საპასუხოდ გაკეთებულ კომენტარში გია ვოლსკიმ 10 მაისს განაცხადა, რომ პარტიას არმაზ ახვლედიანი არ დააკლდება, რადგანაც მას პარტიისთვის სასარგებლო არაფერი გაუკეთებია:
„რაიმე საინტერესო მე, საერთოდ, არც პოლიტსაბჭოს შეხვედრის დროს, არც ცალკე, რაიმე აქტივობა არმაზ ახვლედიანისგან ან მისი მოსაზრებები, საერთოდ, არ მომისმენია არანაირი... მარგი ქმედების კოეფიციენტი ყოველთვის იყო ნულს ქვემოთ“.
მოდის არჩევნები და ყველა დაინტერესებული პირი ეძებს თავის ადგილს საპარლამენტო სიაში. ამიტომ ეს გარკვეულ გამძაფრებებს ყველა პარტიის შიგნით იწვევს...ვახტანგ ძაბირაძე
არმაზ ახვლედიანის პარტიიდან წასვლის შესახებ გულგრილი კომენტარები გააკეთეს „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებმაც და, მეტიც, როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, არმაზ ახვლედიანი „ღირებული ფიგურა“ არ არის, ის უკვე ერთი წელია აღარ ირიცხება პოლიტსაბჭოს წევრებს შორის, საქმის კურსში არ არის და, შესაბამისად, მისი განცხადებებიც არადამაჯერებელია.
ანალიტიკოსების ერთ ნაწილს არმაზ ახვლედიანის წასვლა საერთოდ არ გაჰკვირვებია, მის მიერ „ქართული ოცნების“ მისამართით გაკეთებული ადრინდელი მწვავე შეფასებების გათვალისწინებით, რაც, მაგალითად, ამ პარტიაში „ბებერი ნიანგების“ არსებობას უკავშირდებოდა. როგორც, მაგალითად, კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, გასაოცარი არაფერი ხდება და ჩვენს თვალწინ წინასაარჩევნო პერიოდისთვის დამახასიათებელი მოვლენები ვითარდება:
„მოდის არჩევნები და ყველა დაინტერესებული პირი ეძებს თავის ადგილს საპარლამენტო სიაში. ამიტომ ეს გარკვეულ გამძაფრებებს ყველა პარტიის შიგნით იწვევს, თუმცა ზოგი ამბავი გამოდის გარეთ, ხოლო ზოგი ახერხებს, რომ ინფორმაციამ არ გამოჟონოს“.
ვახტანგ ძაბირაძე არ იზიარებს არმაზ ახვლედიანის პროგნოზს იმის თაობაზე, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნების მოსაგებად არც გაყალბებას დაერიდება. კონსტიტუციონალისტი ფიქრობს, რომ „ქართულ ოცნებას“ მომავალ არჩევნებში 60 მანდატის მოპოვება არ გაუჭირდება, ხოლო არჩევნების გაყალბება მისი მხრიდან იმიტომაც არ არის მოსალოდნელი, რომ გაყალბებასაც ცოდნა უნდა და ამ ცოდნას „ქართულ ოცნებაში“ არ ფლობენ, „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით. თუმცა ვახტანგ ძაბირაძე იზიარებს არმაზ ახვლედიანის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ „ქართული ოცნების“ მმართველ გუნდს “არ გადაუდგამს რეალური ნაბიჯები სახელმწიფოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების გზაზე და პოლიტიკური გარემო, 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, თითქმის საერთოდ არ გაუმჯობესებულა.
პოლიტოლოგი გია ნოდია მსგავსებას ხედავს ამ ფაქტსა და რამდენიმე დღის წინ გიორგი ვაშაძის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ რიგების დატოვების ფაქტს შორის. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ყოფილი წევრების ნებისმიერი ხმაურიანი გასვლა არასასიამოვნოა და ნეგატიურ იმიჯს უქმნის ამა თუ იმ პარტიას, მაგრამ შესაძლოა ეს ამბები ერთ-ორ კვირაში ამომრჩეველმა, უბრალოდ, დაივიწყოს და ყურადღება გადაიტანოს სხვა მოვლენაზე, მაგალითად, იმავე პარტიის მიერ წარმოდგენილი ახალი პარტიული სიის შემადგენლობაზე.
რაც შეეხება არმაზ ახვლედიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას მის ფარულ მოსმენასთან დაკავშირებით და ამ პროცესში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დადანაშაულებას, 10 მაისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამორიცხული არ არის, რომ პროკურატურამ საგამოძიებო პროცესი დაიწყოს, რის საჭიროებასაც ბევრი ხედავს და, მათ შორის, პოლიტიკურ სპექტრშიც.