ზოგმა მედიაკომპანიამ გამოაქვეყნა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის, არაოფიციალური გზით მოპოვებული, შედეგები. გამოკვლევის შედეგები IRI-მ თავად გააცნო პოლიტიკური პარტიების ნაწილს, ნაწილს კი ჯერ ისევ აცნობს. არაოფიციალური გზით გავრცელებული მონაცემების თანახმად, კითხვაზე, ხვალ რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, შედეგები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ – 20 %, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 19 %, „თავისუფალი დემოკრატები“ - 13 %. მმართველ კოალიციასა და „პატრიოტთა ალიანსში“ IRI-ს მონაცემებს უნდობლობას უცხადებენ, სხვა პარტიებისთვის კი შედეგები გაცილებით საინტერესოა.
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევა მოიცავს შეკითხვებს არა მხოლოდ პარტიათა და პარტიების ლიდერთა მხარდაჭერის თაობაზე, არამედ შეკითხვებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, საგარეო კურსის და სხვათა თაობაზე. როგორც „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ პროგრამის ოფიცერი, ლადო რაზმაძე, ეუბნება რადიო თავისუფლებას, პოლიტიკური პარტიების ნაწილი ჩქარობს ხოლმე, თუ ეს მათ ინტერესშია, გაასაჯაროოს IRI-ს მიერ მათთვის გადაცემული მონაცემები, რაც, ლადო რაზმაძის თქმით, მათი უფლებაა, თავად საერთაშორისო ორგანიზაციის ინტერესში კი შარშანდლამდე, ანუ სანამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი შეიცვლებოდა, საერთოდ არ შედიოდა კვლევის შედეგების მედიისთვის მიწოდება, რადგან მთავარი პარტიების ინფორმირებაა:
„ჩვენი მთავარი მიზანია პოლიტიკური პარტიები და ამ კვლევას, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, ვაწვდით მათ და მათთვის ვაკეთებთ პრეზენტაციას, რათა მათ ეს მონაცემები საარჩევნო კამპანიის წარმართვაში დაეხმაროთ. ჩვენს კვლევაში უამრავი კითხვაა, რომელიც ეხმარება საარჩევნო კამპანიას მესიჯისა და სამიზნე ჯგუფებთან მუშაობის გამარტივებაში. რეიტინგები არის პატარა ნაწილი. სამწუხაროდ, ყველა აქცევს ყურადღებას რეიტინგებს და არა იმ პრობლემატიკას, რომელიც დგას ქვეყნის თუ კონკრეტული რეგიონის წინაშე“.
როგორც ცნობილია, თვითონ ეს ორგანიზაციები არ ახორციელებენ კვლევით სამუშაოებს ველზე, სადაც ხდება ადამიანების გამოკითხვა. ამას აკეთებენ ქართული კომპანიები, რომლებიც არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები...კახა კალაძე
ვინაიდან ჩვენთვის IRI-ს გამოკვლევის მხოლოდ ის ნაწილია ცნობილი, რომელიც ზოგმა მედიასაშუალებამ გაავრცელა, კითხვებიც ამ მიმართულებით დავსვით. პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი ერთ-ერთი იყო, ვინც მედიას თავის ხელთ არსებული მონაცემები გადასცა. მისი მონაცემების თანახმად, პოლიტიკური ლიდერების რეიტინგში პირველ ადგილზე პაატა ბურჭულაძეა, 75 პროცენტით. 64 პროცენტი აქვს დავით სერგეენკოს, ირაკლი ალასანიას კი, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად, 60-პროცენტიანი რეიტინგი აქვს.
გია ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ პარტია „თავისუფალ დემოკრატებს“ და მის ლიდერსაც ყველა რეიტინგში მესამე ადგილი უჭირავს, რაც მზარდ ტენდენციაზე მიუთითებს და კარგი მაჩვენებელია.
კითხვაზე, რა აზრის ხართ ქვეყნის განვითარების კურსზე, რომელიც „საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმაც“ დასვა თავის გამოკითხვაში და გამოკითხულთა 70 %-მა უპასუხა, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, გია ცაგარეიშვილი ასეთ კომენტარს აკეთებს:
„მე მგონია, რომ როცა რესპონდენტები ამბობენ, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, აქ სხვა უამრავი საკითხი ფიგურირებს და ნაკლებად ჩვენი საერთაშორისო ორიენტაციის საკითხები“.
კითხვაზე, ხვალ რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, IRI-ს გამოკვლევის თანახმად, შედეგები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ - 20 %, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 19 %, „თავისუფალი დემოკრატები“ - 13 %, ლეიბორისტები - 8 %. „პატრიოტთა ალიანსი“ - 4.
31 % პარტიად, რომელსაც არასდროს მისცემდა ხმას, „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 25% - „ნაციონალურ მოძრაობას“. „თავისუფალ დემოკრატებს“ ასეთად 10 % აფასებს. სულ გამოკითხულთა 56 % აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.
პარტია, რომელიც თქვენს პრობლემებს გადაწყეტს: 15 %-იანი მხარდაჭერა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, 13 %-იანი - „ქართულ ოცნებას“. „თავისუფალ დემოკრატებს“ კი 5 % მიიჩნევს მისი პრობლემების მომგვარებლად.
როდესაც სამთავრობო პარტიასა და მთავარ ოპოზიციას შორის არის 1%-იანი სხვაობა, ეს იმას ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს არის პირველ ადგილზე...სერგო რატიანი
კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ტრადიციულად, საზოგადოებრივი აზრის კვლევების შედეგებს რეალობის ამსახველად არ მიიჩნევენ. ასეთი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ გამოხატა ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემაც მედიისთვის მიცემულ კომენტარში:
„როგორც ცნობილია, თვითონ ეს ორგანიზაციები არ ახორციელებენ კვლევით სამუშაოებს ველზე, სადაც ხდება ადამიანების გამოკითხვა. ამას აკეთებენ ქართული კომპანიები, რომლებიც არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები. საფუძველს, რომ არ ვენდო აღნიშნული კვლევის შედეგებს, მაძლევს ისიც, რომ მათ მიერ 2012 წლიდან ჩატარებულ ყველა კვლევაში ცდომილება არის, დაახლოებით, 30-40%. ეს არის კატასტროფა, მაშინ როცა გვეუბნებიან, რომ ცდომილების საშუალო მაჩვენებელი 2%-ს შეადგენს. ეს იწვევს საფუძვლიან ეჭვებს“.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კი „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ მონაცემები კიდევ ერთხელ აძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ხელისუფლება წარუმატებლობის ბოლო ზღვარზეა.
„როდესაც სამთავრობო პარტიასა და მთავარ ოპოზიციას შორის არის 1 %-იანი სხვაობა, ეს იმას ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს არის პირველ ადგილზე“,- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დეპუტატმა სერგო რატიანმა.
კითხვაზე, დამოუკიდებლად მონაწილეობის შემთხვევაში, რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მხარდამჭერია 19,5 %. „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს დაუჭერდა 16 % , პაატა ბურჭულაძის ფონდს - 12 %, „თავისუფალ დემოკრატებს“ - 11% , ლეიბორისტულ პარტიას - 8 % „პატრიოტთა ალიანსს“ - 4 % და რესპუბლიკურ პარტიას - 1 %. ამ მონაცემების კომენტირებისას რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა, განაცხადა, რომ ეს არ არის საინტერესო მათ პარტიასთან მიმართებაში, იმიტომ რომ მაშინ პარტია არ იყო საარჩევნო სუბიექტი. რესპუბლიკელებმა არჩევნებში დამოუკიდებელ სუბიექტად მონაწილეობის თაობაზე გადაწყვეტილება 31 მარტს გამოაცხადეს, კვლევის საველე სამუშაოები კი 12 მარტიდან 2 აპრილამდე პერიოდს მოიცავს.
„ეს არ არის საინტერესო ჩვენს პარტიასთან მიმართებაში, იმიტომ რომ მაშინ პარტია არ იყო საარჩევნო სუბიექტი, ამიტომ ეს თემა არ არის მნიშვნელოვანი", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა და დასძინა, რომ არ შეიძლება იმ მონაცემებით აპელირება დღეს, როცა კვლევის ჩატარების დროს იყო პრინციპულად განსხვავებულ პოლიტიკური ვითარება.
რიგი პარტიებისა მონაცემებს ეჭვქვეშ არ აყენებს.
რაც შეეხება ეროვნულ საკითხებს, IRI-ს კვლევის საფუძველზე, გამოკითხულთა უმრავლესობა მთავარ პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევს, გამოკითხულებს ადარდებთ ეკონომიკური მდგომარეობა და მესამე ადგილზეა ტერიტორიული მთლიანობა. 84 %-ისთვის ყველაზე პრობლემატური საკითხია ლარის კურსი, 52 % -ისთვის კი - კომუნალური გადასახადები.
ნატოში გაწევრიანებას 79 % ემხრობა, 85 % კი ემხრობა ევროკავშირში შესვლას. 58 % ფიქრობს, რომ რუსეთთან უნდ გაგრძელდეს დიალოგი, 53 % ევროპულ კურსს უჭერს მხარს.
როგორც „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ პროგრამის ოფიცერი ლადო რაზმაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, კვლევის შედეგებს მედიას მომავალი კვირის განმავლობაში გააცნობენ. კვლევის საველე სამუშაოები 12 მარტიდან 2 აპრილამდე მიმდინარეობდა, გამოიკითხა, საქართველოს მასშტაბით, 1500 ამომრჩეველი.