ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ცვლილებები შეინიშნა საფინანსო ბაზარზე. დოლარის ინდექსმა 3 ნიშნულით დაიწია, და, დაახლოებით, 3 ცენტით გაუფასურდა ევროსთან მიმართებით, თუმცა არჩევნების დასრულების შემდეგ ის თითქმის თავდაპირველ ნიშნულს დაუბრუნდა და ამჟამად 1 დოლარი 0,90 ევრო ღირს. ეკონომიკის ექსპერტები არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრეც ვარაუდობდნენ, რომ საარჩევნო მარათონში რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში საფინანსო ბაზრებზე რყევა გამორიცხული არ იყო. რა გავლენა შეიძლება იქონიოს შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევამ გლობალურ და, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკაზე?
საერთაშორისო მიმომხილველთა ნაწილი ბოლო თვეების განმავლობაში გამოთქვამდა ვარაუდს, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებდა, შესაძლოა საფინანსო ბაზრებზე დოლარის ინდექსი შეცვლილიყო. საარჩევნო კამპანიის დაწყების მომენტიდან დოლარი, მართლაც, გაუფასურდა რამდენიმე ცენტით. ამასთან, გაიზარდა ნავთობისა და ოქროს ფასი, თუმცა საარჩევნო პროცესის დასრულებიდან მალევე დოლარმა პირვანდელი წონასწორობა აღიდგინა.
საჯარო ადმინისტრირების მაგისტრი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელი გიორგი ხატიაშვილი, კითხვაზე, შეეხება თუ არა დოლარის კურსის მერყეობა საქართველოს, ამბობს, რომ ვინაიდანშეერთებული შტატების ფინანსურ ბაზრებთან საქართველოს ეკონომიკა მიბმული არ არის, ქვეყანა დიდ განსხვავებას ვერ იგრძნობს. მისი თქმით, მკვეთრი მოძრაობა შეერთებული შტატების საფინანსო ბაზარზე რეაგირებაა იმ შფოთზე, რომელიც პოლიტიკაში გამოუცდელი პირის არჩევამ განაპირობა:
საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა შეიძლება ჰქონდეს, იქიდან გამომდინარე, თუ რა გავლენა ექნება მსოფლიო ეკონომიკაზე შეერთებულ შტატებში ტრამპის გაპრეზიდენტებას. მას ბევრი ისეთ განცხადება ჰქონდა არჩევნებამდე, რომელსაც თუ მართლა შეასრულებს, ცუდი იქნება მსოფლიო ეკონომიკისთვის...ბესიკ ნამჩავიძე
„ეს პირველი შემთხვევაა ამერიკის უახლეს ისტორიაში, როცა ასეთი პიროვნება იყრიდა კენჭს. შესაბამისად, ბაზრების რეაგირებაც იყო მკვეთრი. ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური პარტიის კანდიდატი გახდა არატრადიციული პოლიტიკოსი. ის არ იყო პოლიტიკური კლასის წარმომადგენელი და სხვა მრავალი ინდიკატორი იყო, რაც გამოარჩევდა დონალდ ტრამპს სხვა საპრეზიდენტო კანდიდატებისგან“.
შეერთებული შტატები საქართველოსთვის უმთავრესი პოლიტიკური პარტნიორია და, შესაბამისად, გაცილებით მნიშვნელოვანია პოლიტიკური მხარდაჭერა და გრანტები, რომელსაც ქვეყანა თავისი ოკეანისმიღმა პარტნიორისგან იღებს, ამბობს „საქართველოს რეფორმების ასოციაციის" (GRASS-ის) ეკონომისტი ბესიკ ნამჩავიძე. მისი თქმით, რასაკვირველია, ზოგადად, დონალდ ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკა გავლენას იქონიებს მსოფლიო ეკონომიკურ მდგრადობაზე, რასაც არაპირდაპირი, მაგრამ ირიბი გავლენა ნამდვილად ექნება საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე:
„საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა შეიძლება ჰქონდეს, იქიდან გამომდინარე, თუ რა გავლენა ექნება მსოფლიო ეკონომიკაზე შეერთებულ შტატებში ტრამპის გაპრეზიდენტებას. მას ბევრი ისეთ განცხადება ჰქონდა არჩევნებამდე, რომელსაც თუ მართლა შეასრულებს, ცუდი იქნება მსოფლიო ეკონომიკისთვის. მაგალითად, უფრო მეტი იზოლაციონიზმი საგარეო ვაჭრობაში, ჩინეთთან ვაჭრობის შეზღუდვა, ჩრდილოეთის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეჩერება და, თუ მსოფლიო ეკონომიკური ზრდის ტემპი შეჩერდება, ეს საქართველოზეც აისახება“.
ბესიკ ნამჩავიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რა მიმართულების ეკონომიკური გუნდი ჩამოყალიბდება შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის გარშემო. გაცილებით იოლი იქნებოდა ვარაუდები ჰილარი კლინტონის გამარჯვების შემთხვევაში, ვიდრე დონალდ ტრამპის შემთხვევაში, ვინაიდან ტრამპის დაპირებათა ნაწილი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. აქვე შეიძლება ითქვას, რომ ტრამპი აშშ-ში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაზეც ლაპარაკობდა, რაც ბესიკ ნამჩავიძეს აფიქრებინებს, რომ ეს, პირიქით, მოემსახურება დოლარის კურსის გამყარებას, თუმცა დოლარის კურსის გამყარებაც მეორეხარისხოვანი ფაქტორია ლარის კურსთან მიმართებით. მისი სიტყვებით, ჩვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანია სავაჭრო ბალანსი, ინვესტიციები, ტურიზმი, საკრედიტო კაპიტალი.
დონალდ ტრამპი პირობას დებდა, რომ, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ხელს შეუწყობდა ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას და შეზღუდავდა უცხოელების გავლენას ამერიკის ეკონომიკაზე, ამბობს თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია. ტრამპი ლაპარაკობდა კვოტების დაწესებაზე,რაც შეზღუდავდა პროდუქციის იმპორტს შტატებში, თუმცა, ვახტანგ ჭარაიას თქმით, ამ ჩანაფიქრის რეალიზება იოლი არ იქნება. არსებობს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელიც ყოველ ახალ, გლობალური მნიშვნელობის, გადაწყვეტილებას სკრუპულოზურად განიხილავს. მთავარია, რისი განხორციელების შესაძლებლობა ექნება ტრამპს, ვინაიდან ის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს - მას, ალბათ, შეხვდება სენატის წინააღმდეგობა:
„თუ მას მიეცემა იმ კურსის გატარების საშუალება, რომლის პროპაგანდასაც ის ეწევა, მაშინ მთელი მსოფლიოს ბიზნესწარმომადგენლობა ამერიკისადმი აგრესიულად განეწყობა; თუ ტრადიციული კურსი გაგრძელდა, მაშინ არც დოლარის კურსს და არც საერთაშორისო ეკონომიკას მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ემუქრება“.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ტრამპი, როგორც პრეზიდენტი, პოპულისტურ დაპირებებში ისეთივე აქტიური ვეღარ იქნება, როგორიც წინასაარჩევნო პერიოდში იყო. შესაბამისად, მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცვლილებები არ პროგნოზირდება.