Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრძოლა ბარიერის გარეშე


12 ივლისს, 8-დან 20 საათამდე, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. არჩევნების მიმდინარეობას 59 ადგილობრივი და 31 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება. არჩევნების მეორე ტური საქართველოში პირველი პრეცედენტია და მას, როგორც დემოკრატიულ მოვლენას, მხოლოდ პოზიტიურად აფასებენ, თუმცა აღნიშნავენ იმასაც, რომ წინასაარჩევნო პროცესს დარღვევების გარეშე არ ჩაუვლია.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის სამზადისი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, პრაქტიკულად დასრულებულია, - აღნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი ეკა აზარაშვილი:

“ამომრჩევლებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში გააკეთონ თავიანთი არჩევანი და ამისთვის ყველანაირ პირობას შეუქმნის 28 საოლქო და 1525 საუბნო საარჩევნო კომისია“.

ახლა მეორე ტურთან დაკავშირებით ძალიან საგონებელში ვარ, წავიდე თუ არ წავიდე, იმიტომ რომ საერთოდ რაღაც უიმედობაა. ჯერ ერთი, არც ერთი კანდიდატი არ მომწონს და არც ერთს არ მინდა მივცე ხმა...
ნინო ღამბაშიძე

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური საქართველოს მასშტაბით არსებული 73 საარჩევნო ოლქიდან 28-ში ჩატარდება. უფრო კონკრეტულად კი, ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტურში მერების არჩევნები 8 თვითმმართველ ქალაქში, ხოლო გამგებლების არჩევნები 13 მუნიციპალიტეტში გაიმართება. მეორე ტურში, მთლიანობაში, არჩევანის გაკეთება 1 715 000-ზე მეტ ამომრჩეველს მოუწევს - ესაა ამომრჩეველთა სრული რაოდენობა აღნიშნული 28 ოლქის მიხედვით, თუმცა საერთო რაოდენობის რა პროცენტი მივა არჩევნებზე, ამ ეტაპზე, ცხადია, მხოლოდ პროგნოზების საგანი შეიძლება იყოს. ჩვენი ეთნოგრაფი ნინო ღამბაშიძე, მაგალითად, თავისი საახლობლო წრის მოსაზრებების გათვალისწინებით, ვარაუდობს, რომ ამომრჩევლის აქტივობის დაბალი დონე, 15 ივნისის დარად, 12 ივლისსაც შენარჩუნდება. რაც შეეხება მის პირად არჩევანს:

“ყოველთვის აქტიურად ვიყავი ჩართული - შეიძლება რაღაცის მიმართ დადებითად ვიყავი ან უარყოფითად. ყოველ შემთხვევაში გადავხაზავდი თუ ხმას მივცემდი, მაინც აქტიური ვიყავი ხოლმე. რა ვიცი, ახლა მეორე ტურთან დაკავშირებით ძალიან საგონებელში ვარ, წავიდე თუ არ წავიდე, იმიტომ რომ საერთოდ რაღაც უიმედობაა. ჯერ ერთი, არც ერთი კანდიდატი არ მომწონს და არც ერთს არ მინდა მივცე ხმა. მე მინდა ვიყო მართალი“.

ჩვენ მას ვაფასებთ, როგორც მორატორიუმის დარღვევას, ვინაიდან ამ შემთხვევაში ერთადერთი გამონაკლისი, რომელსაც მორატორიუმი ითვალისწინებდა, არის ის, რომ დასაბუთებულიყო გადაუდებელი აუცილებლობა. ამ შემთხვევაში ჩვენ ვფიქრობთ, რომ არსებობს კვლავ კითხვები გიგი უგულავას დაკავების საჭიროებებთან მიმართებით...
ნინო ლომჯარია

ქალბატონ ნინოს და, ზოგადად, ყველა ამომრჩეველს აქტივობისკენ მოუწოდებენ, ერთი მხრივ, ცენტრალური საარჩევნო კომისია, მეორე მხრივ კი, დამკვირვებლები. მათ რიგებს ამ დღეებში შეემატა ასევე 8 ბიზნესორგანიზაცია, რომლებიც, არჩევნებზე მისვლის სანაცვლოდ, 12 ივლისს მომხმარებელს თავიანთ ობიექტებზე ფასდაკლებას სთავაზობენ. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსის დარღვევა ბიზნესმენების ამ მოწოდებაში არ ჩანს, აქციაში მონაწილე კომპანიების არჩევნებში მონაწილე რომელიმე კანდიდატთან კავშირის დამტკიცების შემთხვევაში აშკარა კანონდარღვევა გამოიკვეთება. არასამთავრობო ორგანიზაციები ამ საკითხის შესწავლას განაგრძობენ. რაც შეეხება წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაციის“ თანახმად, მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლის მხრიდან კანონსაწინააღმდეგო აგიტაციის ნიშნების შემცველი ერთი ფაქტი, თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარის რწმუნებულზე იყო ზეწოლა თერჯოლის გამგებლის მოადგილის მხრიდან, თანამდებობის დატოვების მოთხოვნით. „სამართლიანი არჩევნების“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ანგარიშში მოხვდა ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმღვანელის, გიგი უგულავას დაკავება. „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა:

ფაქტი, რომ 57-მა პროცენტმა ამომრჩევლის არ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა პირველ ტურში, ნიშნავს იმას, რომ ვერც ერთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა ვერ შეუქმნა ამ ამომრჩეველს მოტივაცია, თუ რატომ უნდა მისულიყო საარჩევნო ყუთთან...
ნინო ლომჯარია

“ჩვენ მას ვაფასებთ, როგორც მორატორიუმის დარღვევას, ვინაიდან ამ შემთხვევაში ერთადერთი გამონაკლისი, რომელსაც მორატორიუმი ითვალისწინებდა, არის ის, რომ დასაბუთებულიყო გადაუდებელი აუცილებლობა. ამ შემთხვევაში ჩვენ ვფიქრობთ, რომ არსებობს კვლავ კითხვები გიგი უგულავას დაკავების საჭიროებებთან მიმართებით და, რა თქმა უნდა, ასევე ჩვენს ანგარიშში მოხვდა გიგი უგულავას სასამართლო პროცესის შემდგომ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი და ჩვენც ასევე ანტიკონსტიტუციურად ვაფასებთ ერთ-ერთი დეპუტატის - ამ შემთხვევაში ლევან ბეჟაშვილის - დაკავების ფაქტს“.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიას, ნინო ლომჯარიას შეფასებით, ასევე ახასიათებდა საარჩევნო სუბიექტების ნაკლები აქტიურობა. ეს გარემოება, არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელ კახა კახიშვილის აზრით, არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს:

“ფაქტი, რომ 57-მა პროცენტმა ამომრჩევლის არ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა პირველ ტურში, ნიშნავს იმას, რომ ვერც ერთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა ვერ შეუქმნა ამ ამომრჩეველს მოტივაცია, თუ რატომ უნდა მისულიყო საარჩევნო ყუთთან. ამიტომაც უნდა ვივარაუდოთ, რომ როგორც პირველ ტურში, ისე მეორე ტურში ეს 57 პროცენტი მაინც არ წავა, მაგრამ ისევ გაკეთდება აქცენტი მოტივირებულ ამომრჩეველზე - ამ შემთხვევაში უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ მოტივირებულ ამორჩეველზე“.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური, კერძოდ, მერის არჩევნები გაიმართება 8 თვითმმართველ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, მცხეთაში, გორში, თელავში, ოზურგეთში, ბათუმსა და ფოთში. ამ ქალაქებიდან 4-ში - თბილისში, რუსთავში, თელავსა და ბათუმში - ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები დაუპირისპირდებიან, მცხეთაში -„ქართული ოცნებისა“ და „მწვანეთა პარტიის“ კანდიდატები, გორში - „ქართული ოცნებისა“ და ირაკლი ოქრუაშვილის“ ქართული პარტიის“ წარმომადგენლები, ხოლო ოზურგეთსა და ფოთში „ქართული ოცნებისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები. რაც შეეხება მუნიციპალიტეტთა გამგებლების არჩევნების მეორე ტურს, იგი გაიმართება ახმეტაში, გორში, ყვარელში, თიანეთში, ქობულეთში, მარტვილში, ბაღდათში, ტყიბულში, ხონში, ლანჩხუთში, თერჯოლაში, ხულოსა და თელავში. აქედან ხუთ მუნიციპალიტეტში ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დაუპირისპირდებიან, 4 მუნიციპალიტეტში „ქართულ ოცნებას“ „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია“ გაუწევს წინააღმდეგობას, ორ მუნიციპალიტეტში ბრძოლა „ქართულ ოცნებასა“ და „პარტრიოტთა ალიანსს“ შორის გაიმართება, თითო მუნიციპალიტეტში „ქართულ ოცნებას“ „სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზისა“ და „ირაკლი ოქრუაშვილი-ქართული პარტიის“ წარმომადგენლები დაუპირისპირდებიან.

XS
SM
MD
LG