Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნების მეორე ტური 12 ივლისს გაიმართება


8 მერისა და 13 გამგებლის ასარჩევად თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 12 ივლისს, შაბათს, გაიმართება. გადაწყვეტილება, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში - კენჭისყრის შედეგად - ხუთშაბათს ღამით მიიღეს, პოლიტიკური დაპირისპირების საგნად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივ დარღვევას ვერ ხედავს, გარკვეულ უკმაყოფილებას გამოხატავს არასამთავრობო სექტორიც.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ნოტარიუსის როლი შეასრულა და “ქართული ოცნების” დაკვეთა მოიყვანა სისრულეში - ასე ფიქრობენ ”ნაციონალურ მოძრაობაში”, რომელიც არჩევნების მეორე ტურის თარიღს ასაჩივრებს. პარტიაში მიაჩნიათ, რომ მეორე ტურამდე, ანუ 12 ივლისამდე, დარჩენილ დროში ვერ მოასწრებენ სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარებას, რადგანაც საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის დაკავებამ გაუთვალისწინებელი პროცესები გამოიწვია. როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი დეპუტატი ხათუნა გოგორიშვილი აღნიშნავს, ცესკოს გადაწყვეტილება უკანონოა:

”კანონში პირდაპირ წერია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია ნიშნავს მეორე ტურს და არჩევნების შედეგების შეჯამებიდან მინიმუმ ორი დღე უნდა მოიცადოს, ხომ არ გასაჩივრდება შემაჯამებელი ოქმი, ანუ 3 ივლისს რომ შეაჯამეს, როგორც მინიმუმ, 4 და 5 ივლისი უნდა დაიცადოს ცესკომ”.

„ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებას აბსოლუტურად არ იზიარებენ ცესკოში, სადაც მეორე ტურის თარიღად 12 ივლისი ხუთშაბათს გამართულ სხდომაზე, ხმამაღალი კამათის თანხლებით, კენჭისყრის შემდეგ დასახელდა. კომისიის წევრებმა არ გაიზიარეს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას პოზიცია - ის არჩევნების მეორე ტურის 16 ივლისს ჩატარებას მოითხოვდა. ამავე თარიღს ემხრობოდა თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძეც, რომლის თქმითაც, ცესკოს მიერ კანონით განსაზღვრული ვადები ზედმიწევნით ზუსტად იქნა დაცული:

ერთი მხრივ, საარჩევნო სუბიექტებისთვის არ არის სამართლიანი, რადგან მათ არ ექნებათ ადეკვატური დრო კამპანიის საწარმოებლად. ამავე დროს, ჩვენც, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომლებსაც გვყავს საკმაოდ ფართომასშტაბიანი მისია არჩევნებზე, დრო გვჭირდება, რომ მოვემზადოთ...
ელენე ნიჟარაძე

”შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს შესაბამისი შემაჯამებელი ოქმები მიღებული აქვთ კანონით დადგენილ ვადაში, არჩევნებიდან მე-11 დღეს. შესაბამისად, ამ ოქმების გასაჩივრების ვადები ამოიწურა გუშინ”.

ის, რომ ცესკოს მიერ კანონით მოთხოვნილი ვადები დაცულია, რადიო თავისუფლებას ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაშიც” დაუდასტურეს, თუმცა, როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი ელენე ნიჟარაძე აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას, ცესკოს გადაწყვეტილება ცაიტნოტს ქმნის როგორც პოლიტიკური პარტიებისთვის, ასევე მეთვალყურეებისთვისაც:

”ერთი მხრივ, საარჩევნო სუბიექტებისთვის არ არის სამართლიანი, რადგან მათ არ ექნებათ ადეკვატური დრო კამპანიის საწარმოებლად. ამავე დროს, ჩვენც, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომლებსაც გვყავს საკმაოდ ფართომასშტაბიანი მისია არჩევნებზე, დრო გვჭირდება, რომ მოვემზადოთ. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით - მეორე ტური იქნებოდა, მაინც კონკრეტული თარიღის გარეშე ძნელია გარკვეული ღონისძიებების განხორციელება. ამიტომ დღეიდან უკვე გადავედით აქტიური მუშაობის ფაზაზე”.

პერიოდი რაც მეტი იქნება, მით უფრო ხელსაყრელია ხელისუფლებისთვის, რადგანაც მას მეტი აქვს როგორც ადამიანური, ასევე ფინანსური რესურსი. რაც უფრო გაიწელება ეს პროცესი, მით უფრო შეექმნებათ ფინანსური პრობლემები პოლიტიკურ პარტიებს...
ზაზა ვეკუა

რაც უფრო მალე ჩატარდება არჩევნები, მით უკეთესი იქნება, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ზაზა ვეკუა, გენერალური მდივანი ნინო ბურჯანაძის პარტიისა ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო” . ის თვლის, რომ მეტი დრო მეტი ხარჯია:

”პერიოდი რაც მეტი იქნება, მით უფრო ხელსაყრელია ხელისუფლებისთვის, რადგანაც მას მეტი აქვს როგორც ადამიანური, ასევე ფინანსური რესურსი. რაც უფრო გაიწელება ეს პროცესი, მით უფრო შეექმნებათ ფინანსური პრობლემები პოლიტიკურ პარტიებს. მიმაჩნია, რომ რაც უფრო ადრე იქნებოდა არჩევნები, მით უფრო ხელსაყრელი იქნებოდა ოპოზიციური პარტიებისთვის”.

ზაზა ვეკუა არ იზიარებს ცესკოს სიჩქარის ასახსნელად ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამოყენებულ არგუმენტს, თითქოს კომისიაში ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” წარმომადგენლის შეყვანის შემდეგ, ცესკოს კენჭისყრისას დააკლდებოდა ხმა და ვეღარ მოახერხებდა არჩევნების ასეთ მოკლე დროში დანიშვნას. ”დემოკრატიული მოძრაობის” გენერალური მდივანი ამბობს, რომ, კომისიაში ყოფნის შემთხვევაში, ისინი ასევე 12 ივლისს დაუჭერდნენ მხარს. აქვე ვთქვათ, რომ ნინო ბურჯანაძის ბლოკი მეორე ტურში გამგებლის პოსტისთვის 4 მუნიციპალიტეტში იბრძოლებს და ”ქართული ოცნების” კანდიდატებს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება ”ნაციონალურ მოძრაობას”, მისი მხარდაჭერილი კანდიდატები მეორე ტურში გამარჯვებისთვის ოთხ ქალაქსა და ხუთ მუნიციპალიტეტში იბრძოლებენ. ზოგადად, იქნება ეს 13 გამგებლისა თუ 8 მერის პოსტი, ბრძოლაში ყველგან არის ჩართული მმართველი კოალიციის წარმომადგენელი.

არჩევნების მეორე ტურის თარიღის გამოცხადების კვალდაკვალ, საქართველოს მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. „12 ივლისს ჩვენმა ქვეყანამ დემოკრატიის კიდევ ერთი გამოცდა უნდა ჩააბაროს. ჩვენ უნდა ჩავატაროთ თავისუფალი და გამჭვირვალე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური და ვაჩვენოთ, რომ საქართველოში დემოკრატიული განვითარება შეუქცევადია”, - ნათქვამია ირაკლი ღაიბაშვილის მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში, სადაც ასევე ვკითხულობთ: ”ჩვენ არა გვაქვს უფლება მოვდუნდეთ, ვიყოთ პასიური იმ იმედით, რომ არჩევნები უჩვენოდაც ჩატარდება. დღეს არა გვაქვს უფლება გულგრილი დავრჩეთ პროცესებისადმი! იცოდეთ, რომ თითოეული თქვენგანის ხმა მნიშვნელოვანია! იცოდეთ, თქვენი ხმა იგებს და თქვენი ხმა გადამწყვეტია!”

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG