თბილისის საქალაქო სასამართლომ ხუთსაათიანი განხილვის შემდეგ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებულ მერს გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. განაჩენის გამოცხადებამ, მოგვიანებით კი გიგი უგულავას საქმის პროკურორების შენობიდან გამოსვლამ კი განსაკუთრებული ვნებათაღელვა გამოიწვია თბილისის საქალაქო სასამართლოს წინ თავმოყრილი ადამიანების რიგებში. გიგი უგულავას მხარდამჭერები პროკურორებს შეძახილებით დაედევნენ. შექმნილი არეულობის გამო საპატრულო პოლიციამ ხუთი პირი დააკავა, მათ შორის ყოფილი ელჩი კოტე გაბაშვილი და ნაციონალური მოძრაობის წევრი, დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი. ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის უფროსს გიგი უგულავას, პროკურატურამ ბრალდება 4 ივლისის დილით 2 საქმეზე წარუდგინა. ესენია: მარნეულის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ 2014 წლის 5 ივნისს განხორციელებული იძულებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზება და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის უფროსი გიგი უგულავა 3 ივლისს, დილით, დაახლოებით 6 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. დაკავებიდან ცოტა ხანში ცნობილი გახდა, რომ მას პროკურატურა უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავება. დაკავებიდან მეორე დღეს, 4 ივლისს, დაცვის მხარისთვისაც კი ერთგვარი სიურპრიზი აღმოჩნდა დაკავებულის ბრალის დამძიმება მეორე - მარნეულის - ეპიზოდით, რაც, პროკურატურის განმარტებით, საოლქო საარჩევნო კომისიის კანონიერი საქმიანობის შეფერხებისკენ იყო მიმართული:
“ყველასთვის სიურპრიზი იქნება ის, ალბათ, რომ უკვე დაანონსებულ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას და ყალბ დოკუმენტს დაემატა მარნეულის ეპიზოდი - მარნეულის ეპიზოდი,რომელშიც ბრალი წარედგინა ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისთვის და იძულებისთვის. რა თქმა უნდა, თავს არ ცნობს დამნაშავედ და მიიჩნევს, რომ არის უკანონოდ დაკავებული და გამომძიებელთან ჩვენ დავაყენეთ შესაბამისი მოთხოვნა, როგორც უკანონოდ დაკავებულის გათავისუფლების შესახებ“.
გადახია, ხო, ის ფურცელი გადახია. ბეჭედი არ იყო იმაზე დარტყმული, უბრალოდ, ხელმოწერილი იყო, პროექტი იყო შემოტანილი ხელმოსაწერად. გარეთ მე არც გამოვსულვარ მაშინ...გიზო უგლავა
გიგი უგულავას ადვოკატი ამბობს, რომ საქმის მასალებში, რომელიც დაცვის მხარეს გადაეცა, არ ფიგურირებს სასამართლოს ის დასკვნა, რომელმაც მარნეულის საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება უკანონოდ ცნო. გიზო უგლავასთვის ეს არაობიექტური და მიკერძოებული გამოძიების გამოხატულებაა. ინციდენტი კი, რომლის ორგანიზებისთვისაც წაყენებული ბრალი სისხლის სამართლის დანაშაულად იქნა კვალიფიცირებული, 5 ივნისს მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასა და მის ეზოში განვითარდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა „ნაციონალური მოძრაობის“ გამგებლობის კანდიდატ აკმამედ იმამყულიევის რეგისტრაციიდან მოხსნა გააპროტესტეს. გიგი უგულავამ, თავის მხრივ, აგრესია გამოხატა მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, კობა ასანიძის მიმართ:
“გადახია, ხო, ის ფურცელი გადახია. ბეჭედი არ იყო იმაზე დარტყმული, უბრალოდ, ხელმოწერილი იყო, პროექტი იყო შემოტანილი ხელმოსაწერად. გარეთ მე არც გამოვსულვარ მაშინ. რა ხდებოდა გარეთ? ნუ, ხალხი იყო შეკრებილი, ალბათ, ერთი 100-150 კაცი“, ამბობს კობა ასანიძე.
ის პირები, მაგალითად, რომლებიც მარტვილში იარაღით ხელში შევარდნენ საარჩევნო უბანში და დაარბიეს საარჩევნო უბანი, არიან გარეთ. ის პირები, რომლებმაც დაარბიეს საარჩევნო უბანი ხონში და დაამტვრიეს საარჩევნო ყუთი, არიან გარეთ...გიორგი კანდელაკი
თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კი, ადვოკატის დარად, ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ გააუქმა როგორც მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიის, ასევე ცესკოს 7 ივნისის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც რეგისტრაცია გაუუქმდა მარნეულის გამგებლობის კანდიდატს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, აკმამედ იმამყულიევს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კანდელაკი, მაგალითად, გიგი უგულავას დაპატიმრებას პოლიტიკური კონკურენციის გამოწვევებით ხსნის და შერჩევითი სამართლის ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას:
“ის პირები, მაგალითად, რომლებიც მარტვილში იარაღით ხელში შევარდნენ საარჩევნო უბანში და დაარბიეს საარჩევნო უბანი, არიან გარეთ. ის პირები, რომლებმაც დაარბიეს საარჩევნო უბანი ხონში და დაამტვრიეს საარჩევნო ყუთი, არიან გარეთ, რადგან აღმოჩნდა, რომ არიან „ოცნების“ მხარდამჭერები და კანდიდატები. ის პირები, რომლებიც ანაკლიაში პოლიციას უწევდნენ წინააღმდეგობას და იარაღს ისროდნენ ჰაერში, არიან გარეთ. ის პირები, რომლებმაც მარნეულში გააყალბეს არჩევნები, ისინიც გარეთ არიან. მე ვფიქრობ, ეს გამოხატავს დღევანდელი უმწეო მთავრობის ღრმა კრიზისს“.
აზრს პოლიტიკური კრიზისისა და გიგი უგულავას პოლიტიკური დევნის შესახებ არ იზიარებენ გიორგი კანდელაკის მიერ ნახსენები მთავრობის წევრები. საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, თავის მხრივ, უგულავას წინააღმდეგ სამართალწარმოების განახლებას არც წინასაარჩევნო მორატორიუმის დარღვევად მიიჩნევს:
რატომ დადგა ახლა ამის რეალური საჭიროება, რომ გადაუდებელი აუცილებლობით დაკავებული გიგი უგულავასთვის ბრალი წაეყენებინათ მარნეულის ინციდენტის გამო, რომელშიც, კიდევ ცალკე საკითხია და სადავოა, ნამდვილად იკვეთება თუ არა დანაშაულის ნიშნები...სოფო ვერძეული
“უგულავასთან დაკავშირებული აჟიოტაჟის საფუძველს მე ვერ ვხედავ და მით უფრო არ მიმაჩნია, რომ ეს არის მორატორიუმის დარღვევა, იმიტომ რომ მორატორიუმი არ არის იმუნიტეტი - რომ მორატორიუმი რადგან არის, რაც გინდა, ის აკეთო და როდესაც გამოძიებას შენ მიმართ კითხვები აქვს, გადაწყვიტო, რომ უნდა მიიმალო ქვეყნიდან“.
უგულავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 3 ივლისს სწორედ ქვეყნიდან მიმალვის პრევენციის საჭიროებით და ეგრეთ წოდებული გადაუდებელი აუცილებლობის კარნახით დააკავეს. ეს გარემოება თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერის დაპატიმრებისთანავე ეჭვქვეშ დააყენეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტის, სოფო ვერძეულის თანახმად, ბევრ კითხვას იწვევს ასევე გიგი უგულავას ბრალის დამძიმება მარნეულის ინციდენტის საქმით:
“რატომ დადგა ახლა ამის რეალური საჭიროება, რომ გადაუდებელი აუცილებლობით დაკავებული გიგი უგულავასთვის ბრალი წაეყენებინათ მარნეულის ინციდენტის გამო, რომელშიც, კიდევ ცალკე საკითხია და სადავოა, ნამდვილად იკვეთება თუ არა დანაშაულის ნიშნები, იმიტომ რომ იქ არის გარკვეული შელაპარაკება ნამდვილად, შეურაცხყოფის ნიშნებიც იკვეთება, თუმცა ჩვენ გვაქვს, მეორე მხრივ, წვრილმანი ხულიგნობის შემთხვევა, გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, რომელიც გაცილებით დაბალი საზოგადოებრივი საშიშროების ქმედებაა, მაგრამ ამითი არ მომხდარა ამ ქმედების კვალიფიკაცია, მოხდა სისხლის სამართლის კოდექსით“.
სოფო ვერძეული იმ ვიდეოკადრებში, რომელიც მარნეულის ინციდენტზე გავრცელდა, გიგი უგულავას სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ერ ხედავს. მისი აზრით, სამართალდამცავ ორგანოებს გიგი უგულავას საქმეში მთელ რიგ პროცედურულ საკითხებზე მოუწევთ განმარტების გაკეთება.
გიგი უგულავას დაკავების ფაქტს 4 ივლისს ევროკავშირი გამოეხმაურა. იგი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს, რომ სასამართლო პროცესი სრულიად დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და პოლიტიკური გავლენისაგან თავისუფალი იყოს, იმ ვალდებულებების შესაბამისად, რომელიც საქართველომ 2014 წლის 27 ივნისს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერისას აიღო.