რუსეთში აშშ-ის ახალი ელჩი შესაძლოა სულ რამდენიმე დღეში გაემგზავროს მოსკოვში. ცოტას თუ აეჭვებს, რომ ეს იქნება ჯონ ტეფტი, რომელიც ჩვენს მსმენელებსა და მკითხველებს შორის, ალბათ, ბევრს ახსოვს საქართველოში აშშ-ის ელჩად მუშაობის პერიოდიდან - 2005-2009 წლებიდან.
რუსეთში ელჩად ჯონ ტეფტის კანდიდატურას სამშაბათს მხარი დაუჭირა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა. მალეა მოსალოდნელი მისი დამტკიცება სენატის სრული შემადგენლობის მიერაც. ჯონ ტეფტმა სენატორების წინაშე გამოსვლისას თავისი გეგმების შესახებ ისაუბრა.
შეერთებული შტატები ვერ უგულებელყოფს ფუნდამენტურ გამოწვევას, რომელსაც საერთაშორისო წესრიგს უქმნის რუსეთის მოქმედება უკრაინის კრიზისთან მიმართებით...ჯონ ტეფტი
შეერთებული შტატები არასოდეს შეურიგდება რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას - ეს არის ერთ-ერთი გზავნილი, რომლითაც რუსეთში აშშ-ის ელჩობის კანდიდატი ჯონ ტეფტი გამოვიდა შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში.
„შეერთებული შტატები ვერ უგულებელყოფს ფუნდამენტურ გამოწვევას, რომელსაც საერთაშორისო წესრიგს უქმნის რუსეთის მოქმედება უკრაინის კრიზისთან მიმართებით. რუსეთის ძალისხმევამ ყირიმის ანექსიის განსახორციელებლად, რასაც ჩვენ არასოდეს შევურიგდებით, დაარღვია საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები და ხელყო ევროპის სახელმწიფოების მიერ ნებაყოფლობით ნაკისრი ვალდებულებები, რომლებიც თითქმის 70 წელი იცავდა მშვიდობას“, - განაცხადა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ჯონ ტეფტმა.
ტეფტი გამოცდილი დიპლომატია, რომელიც პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მიმდინარე თვეში დაასახელა მაიკლ მაკფოლის შემცვლელად. მაკფოლი - რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი - თებერვალში გადადგა ამ პოსტიდან. ამდენად, შეერთებულ შტატებს, ხუთი თვეა, აღარ ჰყავს ელჩი მოსკოვში. არადა, ბოლოხანს მკვეთრად არის გაუარესებული ურთიერთობა უკრაინის კრიზისის გარშემო უთანხმოების შედეგად.
მოსალოდნელია, რომ ჯონ ტეფტის კანდიდატურას წინააღმდეგობა არ შეხვდება. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში 29 ივლისს ისიც ითქვა, რომ სასურველია ტეფტის კანდიდატურის მალევე დამტკიცება - ჯერ კიდევ 1 აგვისტომდე, სანამ კონგრესის არდადეგები დაწყებულა.
64 წლის ჯონ ტეფტის კარიერის ეტაპები, საქართველოში ელჩობის გარდა, უკრაინასა და ლიტვაში ელჩობაც იყო. დიპლომატი ცნობილია ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების პროდასავლური ორიენტაციის მხარდაჭერით და მოსკოვში მას ბევრი მიიჩნევს კრემლის მიმართ უარყოფითად განწყობილად.
ამდენად, ჯონ ტეფტს რთული სამუშაო მოელის რუსეთში აშშ-ის ელჩად დამტკიცების სავარაუდო შემთხვევაში.
უნდა განვაგრძოთ მკაფიო განცხადებების გაკეთება ჩვენს რუს თანამოსაუბრეებთან და ვიზრუნოთ იმაზე, რომ რუსმა ოფიციალურმა პირებმა და მოქალაქეებმა გაიგონ, რა არის ამერიკის პოლიტიკა, ჩვენი ინტერესები და ჩვენი ფასეულობები...ჯონ ტეფტი
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლისას ის შეეხო დაპირისპირებას აღმოსავლეთ უკრაინაში 17 ივლისის ავიაკატასტროფის გარშემო.
„მალაიზიის თვითმფრინავის ჩამოგდების შემაძრწუნებელმა ფაქტმა და თითქმის 300 უდანაშაულო ადამიანის სიკვდილმა ნამდვილი შოკივით იმოქმედა მსოფლიოზე და ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ უკრაინაში კრიზისის სწრაფად და მშვიდობიანად მოგვარების მნიშვნელობას“, განაცხადა ჯონ ტეფტმა.
დიპლომატის აზრით, აუცილებელია გაგრძელდეს აშშ-ის აქტიური კონტაქტი მოსკოვთან, რათა ორივე მხარეს ჰქონდეს ინფორმაცია ერთმანეთის პოზიციებზე.
„ასეთ გარემოში, ჩემი აზრით, უნდა განვაგრძოთ მკაფიო განცხადებების გაკეთება ჩვენს რუს თანამოსაუბრეებთან და ვიზრუნოთ იმაზე, რომ რუსმა ოფიციალურმა პირებმა და მოქალაქეებმა გაიგონ, რა არის ამერიკის პოლიტიკა, ჩვენი ინტერესები და ჩვენი ფასეულობები. ამავე დროს, კრიზისის ეფექტიანად და გონივრულად მართვა მოითხოვს, რომ ჩვენმა მთავრობამ კვლავაც შეძლებისდაგვარად ზუსტად იცოდეს, რას ფიქრობს რუსეთის მხარე, რა არის მისი მიზნები და რატომ ირჩევს მიდგომებს, რომლებსაც ირჩევს, ისინი მიუღებლადაც რომ მიგვაჩნდეს“, - განაცხადა საქართველოში, უკრაინასა და ლიტვაში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ჯონ ტეფტმა, რომელსაც, როგორც უკვე ითქვა, მოსალოდნელია, რომ ამ დღეებში დაამტკიცებენ რუსეთში შეერთებული შტატების ელჩად.
მაშინ, როცა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ჯონ ტეფტის კანდიდატურაზე მსჯელობდნენ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, გამოაცხადა, რომ ვაშინგტონმა ახალი სანქციები შემოიღო რუსეთის ენერგეტიკული, საფინანსო და სამხედრო დარგების წინააღმდეგ იმ დახმარების გამო, რომელსაც მოსკოვი უწევს აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მომხრე მეამბოხეებს.