უკანასკნელ წლებში ზამთარი სულ უფრო ადრე უთმობს ადგილს ზაფხულს. ამის ყველაზე მკაფიო ნიშანია მცენარეების ნაადრევი ყვავილობა. მაგრამ მეცნიერებისთვის არსებობს ზაფხულის ადრე დადგომის სხვა, უფრო ზუსტი საბუთები.
ფრანგ მკვლევართა მიერ ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ეს პროცესი მართლაც სახეზეა და სულ უფრო წინ მიდის. მათ შეისწავლეს ამინდის შესახებ ცნობების მრავალწლიანი ჩანაწერები. გამოკვლევამ აჩვენა, რომ უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ზაფხულის დაწყების თარიღმა დაახლოებით 10 დღით ადრე გადმოიწია. უფრო მეტიც, პროცესი თუ ასე გაგრძელდა, საუკუნის დასასრულისთვის ზაფხული შეიძლება ჩვეულებრივზე 20 დღით ადრე დაიწყოს ხოლმე.
კვლევის გასაადვილებლად მეცნიერებმა წელიწადი ორ თანაბარ ნაწილად - ზაფხულად და ზამთრად დაყვეს. ევროპაში ამ მონაცვლეობას ორი მთავარი ფაქტორი განაპირობებს. ერთი მხრივ, ესაა ატლანტიკის ოკეანიდან მომავალი ქარები. მეორე მხრივ კი, ესაა აღმოსავლეთ ევროპიდან მომავალი ტენიანი და ზომიერი ტემპერატურის მქონე ანტიციკლონები, რომლებიც ატლანტიკიდან მომავალ ჰაერის მასებს აღუდგება წინ.
ამის შედეგად ზამთრობით გვაქვს ცივი და ნაკლებად ნალექიანი დღეები, ზაფხულობით კი მშრალი და ცხელი პერიოდები. მეცნიერები ზაფხულის ნახევარწლიანი მონაკვეთის დასაწყისად მიიჩნევენ იმ დროს, როცა აღმოსავლეთიდან მომდინარე კონტინენტური გავლენა აგრილებას აღარ იწვევს და დასავლეთ ევროპაში პირველად დათბება.
ფრანგმა მეცნიერებმა დაამუშავეს 1950-2010 წლების პერიოდის ამინდის შესახებ მონაცემები. ამ ანალიზს დაემატა უკვე არსებული კლიმატური მოდელები და საბოლოოდ დადგინდა ამინდის ცვლილების ტენდენცია შემდგომი ათწლეულებისთვის.
შესწავლილმა მასალამ აჩვენა, რომ მეტეოროლოგების მიერ დადგენილი ზაფხულის დასაწყისის თარიღი იყო 12 აპრილის სიახლოვეს. მაგრამ უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში აღმოსავლეთის თბილი კონტინენტური ანტიციკლონები 1-დან 5-აპრილამდე პერიოდში იწყებოდა, ანუ დაახლოებით 10 დღით ადრე. ამის მიზეზად მეცნიერები მიიჩნევენ აღმოსავლეთ ევროპაში თოვლის საფარის ნაადრევ დნობას.
შემდგომმა კვლევამ დაადასტურა, რომ კლიმატის ბუნებრივი მერყეობით ამ მოვლენის ახსნა შეუძლებელია. მკვლევართა აზრით, ზაფხულის სეზონის სულ უფრო და უფრო ადრე დაწყების მიზეზი უნდა იყოს ადამიანი, კერძოდ, ატმოსფეროში CO2-ის კონცენტრაციის ზრდა.