Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბგერა გაფანტულობის წინააღმდეგ


© www.shutterstock.com
© www.shutterstock.com

ასაკთან ერთად იკლებს კონცენტრაციის უნარი და ადამიანი უფრო გულმავიწყი და გაფანტული ხდება. ეს თავის ტვინის დაბერების ერთ-ერთი ნიშანია. ამერიკელ მეცნიერთა მიერ ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ამ დაბერების პროცესის ეფექტიანად შეკავება შედარებით მარტივი საშულებით არის შესაძლებელი. საამისოდ მათ გამოიყენეს ბგერების ამოცნობის ტესტი. ცდის მონაწილეებს ასწავლიდნენ, როგორ ამოეცნოთ კონკრეტული ბგერა ისეთ პირობებში, როცა მათ ამაში სხვა სიხშირეების ბგერები უშლიდა ხელს. როგორც სამეცნიერო ჟურნალი „ნეირონი“ იტყობინება, კოგნიტიური ტრენინგის მეშვეობით შესაძლებელი გახდა გაფანტულობისა და სუსტი კონცენტრაციის უნარის წინააღმდეგ ზომების მიღება. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მსგავსი მეთოდების გამოყენება შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ხანდაზმულთა შემთხვევაში, არამედ, მაგალითად, ბავშვებისთვისაც, რომელთაც კონცენტრაციის პრობლემები აქვთ.

როგორც მკვლევართა ჯგუფის წამყვანი მეცნიერი, სან-ფრანცისკოს კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომელი ადამ გეზელი წერს, შესაძლოა, იმავე ტრენინგის გამოყენება მოხერხდეს სხვა სახის უფრო კომპლექსური გამღიზიანებლებით, ასევე სხვა გრძნობებზე, როგორებიცაა, მაგალითად, მხედველობა და შეგრძნება. ანუ შესაბამისი ტრენინგი დახმარებას აღმოუჩენს სხვადასხვა პრობლემის მქონე ადამიანებს და მათ გაფანტულობასთან ბრძოლაში დაეხმარება.

გამოკვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ცდები ჩაუტარეს ხანდაზმულ ვირთაგვებს და საშუალოდ 69 წლის ადამიანებს. საამისოდ გამოიყენეს სხვადასხვა სიმაღლის ბგერები, რომელთაგან ერთი იყო მიზანი, დანარჩენები კი ხელისშემშლელი ფაქტორის როლს ასრულებდა. ცდების მონაწილეთა ამოცანა იყო სამიზნე ბგერის ამოცნობა და ხელის შემშლელთა უგულებელყოფა.

ცდის მონაწილეების წვრთნა იმაში გამოიხატებოდა, რომ თუკი ისინი ამოიცნობდნენ საჭირო ბგერას, მაშინ შემდეგ ეტაპზე ხელისშემშლელი ბგერები ამ სამიზნე ბგერის მსგავსი ხდებოდა. და პირიქით - თუ სამიზნე ბგერას ვერ ამოიცნობდნენ, მაშინ შემდეგ ეტაპზე ხელის შემშლელი ბგერები უფრო შორს იყო საჭირო ბგერისგან.

ტრენინგმა აშკარად გამოიღო შედეგი. საჭირო ბგერის ამოცნობის უნარი გაიუმჯობესეს როგორც ვირთაგვებმა, ისე ადამიანებმა. ხელის შემშლელი ბგერებით მათი კონცენტრაციის დარღვევა სულ უფრო და უფრო ძნელი ხდებოდა. შესაბამისად უმჯობესდებოდა მეხსიერება და კონცენტრაციის უნარი. ეს გაუმჯობესება შესამჩნევი გახდა ფიზიოლოგიურ დონეზეც და ისინი თავის ტვინის შესაბამის ნეირონულ რეაქციებშიც აისახა.

ამ ტრენინგმა არა მხოლოდ ის აჩვენა, რომ თავის ტვინის ამგვარ ვარჯიშს აშკარად აქვს სამკურნალო პოტენციალი, არამედ ისიც, რომ ტვინს ხანდაზმულ ასაკშიც ძალუძს ისწავლოს, როგორ გაიუმჯობესოს კოგნიტიური უნარები.

  • 16x9 Image

    ბიძინა რამიშვილი

    ჟურნალისტი და რედაქტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის, მედიის ენისა და სტანდარტების საკითხებზე. რადიო თავისუფლების თანამშრომელია 1991 წლიდან.

XS
SM
MD
LG