Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: ყველა დაკავებული პირი განთავისუფლებულია


ცნობების თანახმად, თბილისში ინციდენტით დასრულდა სტუდენტურ მოძრაობა "ლაბორატორია 1918"-ის მიერ ორგანიზებული საპირველმაისო აქცია. რადიო თავისუფლების კორესპონდენტს აქციის მონაწილეებმა უთხრეს, რომ დაკავებულია 30-მდე აქტივისტი, რომლებიც შსს-ს ინფორმაციით, მოგვიანებით გაანთავისუფლეს. თუმცა სტუდენტურ მოძრაობა „ლაბორატორია 1918“-ის წევრების ინფორმაციით, თბილისში საპირველმაისო აქციის მონაწილეთა ნაწილი კვლავაც დაკავებულია.

"ინტერპრესნიუსს" საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ლაშა ჯოხაძემ განუცხადა, რომ სტუდენტები სამართალდამცველების მოწოდებებს არ დაემორჩილნენ:

"როგორც ცნობილია, სტუდენტებმა უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან დაახლოებით ორსაათნახევრის წინ აქცია გამართეს. შემდეგ მათ მსვლელობით, ვარაზისხევის გავლით, თამარ მეფის გამზირისკენ გადაინაცვლეს, ეტაპობრივად კი გზებს კეტავდნენ. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ, რომ გზა არ გადაეკეტათ, თუმცა ამას ყურადღება არ მიაქციეს. პირიქით, დიდი აგრესიით გამოირჩეოდნენ. აღმაშენებლის გამზირზე კი, მოქალაქეს ავტომანქანა დაუზიანეს. აქ კიდევ ერთხელ დავუწყეთ ხვეწნა-მუდარა, რომ საზოგადოებრივი წესრიგი დაეცვათ, მაგრამ ჩვენს ნათქვამს ყურადღება ისევ არ მიაქციეს".

მოგვიანებით შსს-ში განაცხადეს, რომ რუსთაველის გამზირზე დაკავებული ყველა პირი გათავისუფლებულია:

"დღეს სტუდენტების მიერ ორგანიზებული აქციის მსვლელობისას, აქციის ზოგიერთი მონაწილის მხრიდან ადგილი ჰქონდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას. აქციის მსვლელობისას დაზიანდა ერთ-ერთი მოქალაქის და რამდენიმე საპატრულო პოლიციის მანქანა... აღნიშნულ ფაქტზე ამ ეტაპზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალწარმოება, ხოლო ყველა დაკავებული პირი განთავისუფლებულია".

„ლაბორატორია 1918“-ის წევრების ინფორმაციით, თბილისში საპირველმაისო აქციის მონაწილეთა ნაწილი კვლავაც დაკავებულია. გათავისუფლებული სტუდენტები კი პოლიციას ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ.

XS
SM
MD
LG