Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განახევრებული სუბსიდია და დაგეგმილი სამუშაოები ახალციხის ციხეზე


რაბათის ციხე
რაბათის ციხე

ახალციხის ციხეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსება გაუნახევრდა. ქალაქის თვითმმართველობამ გადაწყვიტა, რომ კომპლექსის შემოსავლები საშუალებას იძლევა ობიექტმა ფუნქციონირება საკუთარი ხარჯებით გააგრძელოს. ციხის დირექტორის, ზაზა თამარაშვილის, განმარტებით, სუბსიდიის შემცირების მიუხედავად, ა(ა)იპ–ის 2017 წლის ბიუჯეტი, დაახლოებით, 20 000 ლარით არის გაზრდილი.

სუბსიდიის განახევრების მიუხედავად, ბილეთების ფასი არ შეცვლილა. იანვრიდან ციხის დაბლა ნაწილში მდებარე საპირფარეშო ისევ უფასო გახდა. აქ გადასახადი 2015 წლის აგვისტოდან დაწესდა. ციხის ადმინისტრაცია სალაროს დამატებას გეგმავს კომპლექსის ზედა ნაწილშიც, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. დასაფინანსებელი დარჩა ინიციატივა სცენის კონსტრუქციის შეძენასთან დაკავშირებით. თვითმმართველობამ 80 000 ლარამდე თანხის გამოყოფაზე ა(ა)იპი-ს უარი უთხრა. შედეგად ციხეს ამორტიზებული სცენის შეკეთება ან დემონტაჟი მოუწევს, აცხადებს ციხის მატერიალურ-ტექნიკური სამსახურის უფროსი ილია სიდამონიძე.

ახალციხის ციხეს მნიშვნელოვან ობიექტად ასახელებს ადგილობრივების ნაწილი. ფიქრობენ, რომ კომპლექსის მეშვეობით ქალაქის ცნობადობა გაიზარდა, ამიტომ ციხის სრული დატვირთვით მუშაობა აუცილებლად მიაჩნიათ. მოქალაქეთა მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ კომპლექსის ფუნქციონირებით მხოლოდ ტურისტები და სახელმწიფო სარგებლობს.

გასულ წელს ვიზიტორთა რაოდენობამ ახალციხის ციხეზე, დაახლოებით, 137 ათასს მიაღწია. შემოსავლები გაიზარდა ტერიტორიის გაქირავებით, კომპლექსში ჩატარებული სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებით, აქ გადაღებული ფილმებითა და ჩაწერილი გადაცემებით. შედეგად ციხის 2016 წლის საერთო ბიუჯეტმა 760 000 ლარი შეადგინა. არსებული სუბსიდიის, ტურისტების სავარაუდო რაოდენობის, დაგეგმილი ღონისძიებებისა და აქტივობების გათვალისწინებით, ახალციხის ციხის 2017 წლის ბიუჯეტი, დაახლოებით, 780 000 ლარით განისაზღვრა. ციხის ადმინისტრაციაში ვარაუდობენ, რომ წლის ბოლომდე ფინანსურ დოკუმენტს კორექტირება დასჭირდება.

XS
SM
MD
LG