Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უამინდობამ ახალციხეში პრობლემები შექმნა


ახალციხელები უხვი ნალექის გამო შექმნილ პრობლემებზე ჩივიან. პრობლემები როგორც მძღოლებს, ასევე ქვეითად მოსიარულეებს შეექმნათ. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ ტროტუარები თოვლისგან არ იწმინდება, რის გამოც გადაადგილება სახიფათოა.

ქალაქის ძირითადი ქუჩების თოვლის საფარისგან გაწმენდას შპს ,,ოცხე“ უზრუნველყოფს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ნალექის დროს მათი თანამშრომლები ძირითადად ღამის 12 საათიდან დილის 6 საათამდე მუშაობენ. პრობლემას ქმნის ქუჩაში მდგომი ავტომობილებიც, რის გამოც სპეციალური ტექნიკა გზის გაწმენდას სრულად ვერ ახერხებს. შესაბამისად, ვერც ტროტუარები იწმინდება. შპს ,,ოცხეს“ მთავარი ინჟინერი, იური მელიქიძე, დასახმარებლად მერიასა და სამართალდამცველებს მიმართავს.

უამინდობის გამო ათეულობით სატვირთო ავტომობილი მთელი დღის განმავლობაში იდგა ქალაქის შესასვლელთან. როგორც მძღოლები აცხადებენ, უხვმა ნალექმა რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა შეაფერხა, ამიტომ სამართალდამცველებმა, მოძრაობის გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით, პრობლემური მონაკვეთების გაწმენდამდე მათ ახალციხეში დარჩენა ურჩიეს.

უხვ ნალექს პრობლემები არ შეუქმნია ახალციხის სოფლებში. გამგეობაში ირწმუნებიან, რომ თოვლისგან გზები ყველა მიმართულებით დროულად გაიწმინდა და ტექნიკური მარილი დაიყარა. დიდთოვლობის დროს პრობლემები მუნიციპალიტეტის მასშტაბით ძირითადად ათამდე სოფელში იქმნება, თუმცა 31 იანვარს მოსული უხვი ნალექის გამო სოფლამდე მისასვლელი გზები არსად ჩაკეტილა. მუნიციპალიტეტის გზებს შპს „ვალეს“ კომუნალური გაერთიანება ემსახურება, აცხადებს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი ინფრასტრუქტურის საკითხებში ნოდარ ბალახაშვილი.

ადიგენის მუნიციპალიტეტში 30-31 იანვარს თოვლის საფარმა 15 სმ–მდე მიაღწია. გზები გაიწმინდა ენთელი–შოყის, უდე–არლის, ადიგენი–უტყისუბნის მონაკვეთებზე და აბასთუმნის მიმართულებით. დიდთოვლობას პრობლემები არ შეუქმნია ასპინძისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში.

XS
SM
MD
LG