Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

საბჭოთა ანაბარი – ქვეყნის დამოუკიდებლობის ხარკი


ახალციხე
ახალციხე
საბჭოთა ანაბრების კომპენსირების საკითხი პერიოდულად ხვდებოდა პოლიტიკოსთა ყურადღების ცენტრში. ვარდების ხელისუფლებისა და, უფრო ადრე, „მოქალაქეთა კავშირის“ წინასაარჩევნო კამპანიაში ეს საკითხი ერთ-ერთი პრიორიტეტული იყო. ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2004 წელს სპეციალური კომისიაც შექმნა, რომელიც ქვეყნის შიდა ვალების საკითხს შეისწავლიდა, თუმცა, როდესაც „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ 90-იან წლებში ფულადი დანაზოგების გაუფასურების საკითხის შესწავლა დაიწყო და საბჭოთა ანაბრების კვლევის ცენტრი შექმნა, აღმოჩნდა, რომ კომისიას ამ მიმართულებით მას შემდეგ არც კი უმუშავია. იმის გასარკვევად, შეუძლია თუ არა სახელმწიფოს მოსახლეობისათვის გაუფასურებული ანაბრების კომპენსაციის გადახდა, ასოციაციის პრეზიდენტმა ნოდარ ჭიჭინაძემ არაერთ სახელმწიფო უწყებას მიმართა.
,,1992-93 წლებში მოხდა რიგ კომპანიებზე უზარმაზარი კრედიტების გაცემა, რამაც რეალურად ფულის გაუფასურება გამოიწვია. სახელმწიფოს აღიარებული აქვს 502 მილიონი ლარი, რაზეც თითქმის ყველა თანხმდება, რომ ეს მიზერულია“.

ნოდარ ჭიჭინაძის განმარტებით, მთავარ პრობლემას მისი ორგანიზაცია სახელმწიფო უწყებებიდან ინფორმაციის გამოთხოვის დროს წააწყდა. „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ ამის გამო სარჩელი სასამართლოში შეიტანა. ასოციაციის უფლებებს ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ადვოკატები“ იცავს. მისი ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი განმარტავს, რომ სწორი ეკონომიკური გათვლით და არა პოლიტიკური ნებით, საბჭოთა ანაბრების კომპენსირების საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია. მისივე ინფორმაციით, სახელმწიფოს საშინაო ვალის შემსწავლელ კომისიას, 2012 წლის 11 დეკემბრით დათარიღებული დოკუმენტის მიხედვით, ვადა 2014 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. დოკუმენტს ხელს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აწერს, – აცხადებს არჩილ კაიკაციშვილი.

,,ერთი მოსაზრებით, ანაბრები ინფლაციამ შეჭამა, მეორე მოსაზრებით, იგი კონკრეტული ადამიანების სახელთან არის დაკავშირებული. საბჭოთა კავშირის ყოფილმა 14–ივე ქვეყანამ ეს საკითხი უკვე მოაგვარა, საქართველოს გარდა. თუ პიროვნება გარდაცვლილია, სხვა ქვეყნების გამოცდილებით, ის კანონისმიერმა მემკვიდრემ უნდა მიიღოს“.

შეტანილი მქონდა 50 ათასი. იმისათვის, რომ ჩემს შვილებს კარგად ეცხოვრათ, წელში ვწყდებოდით, რომ როგორმე შეგვეგროვებინა. მესმის, რომ ერთბაშად ყველას ვერ დაუბრუნებენ, მაგრამ ნელ-ნელა დაგვიბრუნონ...
მოქალაქე
ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი იმასაც აღნიშნავს, რომ 1997 წელს სახელმწიფომ ერთჯერადად ანაბრების კომპენსირების საკითხი პრეზიდენტის ინიციატივით დაძრა, მაგრამ მაშინდელმა სასამართლომ პროცესი შეაჩერა. ჯერ კიდევ 90-იანი წლების მეორე ნახევარში საქართველომ, აზერბაიჯანისგან განსხვავებით, საბჭოთა ანაბარი შიდა ვალად გამოაცხადა. არჩილ კაიკაციშვილი ამბობს, რომ აზერბაიჯანმა ანაბრები შიდა ვალად არ აღიარა, თუმცა პოლიტიკური ნება გამოხატა და მზად არის საბჭოთა ანაბრების კომპენსირების საკითხი 2013-15 წლებში შეისწავლოს და პროცესი დაასრულოს. ახალციხეში ფიქრობენ, რომ ანაბრების კომპენსირება სახელმწიფომ აუცილებლად უნდა მოახდინოს:

,,შეტანილი მქონდა 50 ათასი. იმისათვის, რომ ჩემს შვილებს კარგად ეცხოვრათ, წელში ვწყდებოდით, რომ როგორმე შეგვეგროვებინა. მესმის, რომ ერთბაშად ყველას ვერ დაუბრუნებენ, მაგრამ ნელ-ნელა დაგვიბრუნონ. წაიღო მთავრობამ და შეჭამა ჩვენი ფული. დღეს ისინი მილიონერები არიან, შევარდნაძიდან დაწყებული. წაგვგლიჯეს. გვითხრეს, გაგიორმაგებთო და რა გამოვიდა?! აუცილებლად უნდა დაგვიბრუნონ“.

თუ როგორ უნდა მოხდეს საბჭოთა ანაბრების კომპენსირება მოსახლეობისათვის, ამის ზუსტი პასუხი არც ,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში“ აქვთ და არც ,,ახალგაზრდა ადვოკატების ასოციაციაში“, თუმცა ფიქრობენ, რომ ფულადი ანაზღაურება აუცილებელი არ არის. წიაღისეულით სარგებლობის ნებართვები, პრივატიზაცია, ფასიანი ქაღალდები – ეს უკვე სახელმწიფოს გადასაწყვეტია, კომპენსაციის რომელ გზას აირჩევს, – აცხადებს ნოდარ ჭიჭინაძე. ანაბრების დაბრუნებამდე კი ჯერ ის არის დასადგენი, ზუსტად რამდენი მეანაბრე და რამდენი ანაბარია საბჭოთა პერიოდში დაფიქსირებული.
XS
SM
MD
LG