რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე მცოცავი ოკუპაციის გაგრძელების პროცესი და ამ პროცესიდან გამომდინარე შედეგები საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიურ კორპუსთან მსჯელობის საგანი გახდა. საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს ბოლო დროს კონფლიქტის ზონაში განვითარებული მოვლენები საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ გააცნო. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები პირობით საზღვრისპირა რეგიონებში რუსეთის ქმედებების შესაჩერებლად აქცენტს საერთაშორისო ჩართულობის გაძლიერების მნიშვნელობაზე აკეთებენ, პოლიტიკურ ძალებს ქვეყნის შიგნით კი შეთანხმებული მოქმედებებისკენ მოუწოდებენ.
ამ დღეებში ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების - ავნევის, კნოლევის, თამარაშენისა და ცერონისის - მიმდებარე ტერიტორიაზე ოსური მხარის მიერ ახალი თხრილების გავლებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო ქმედებების შესახებ სასაუბროდ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები საგარეო საქმეთა სამინისტროში 12 ივლისს დილიდან შეიკრიბნენ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუამ დიპლომატებს მცოცავი ანექსიის ბოლო ფაქტებისა და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის გახშირებული შემთხვევების შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია:
არასდროს არ ყოფილა რუსეთის ფედერაცია ამხელა საერთაშორისო წნეხის ქვეშ საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე აგრესიისთვის, ვიდრე არის ის დღეს და ამის ნათელი მაგალითია ის გადაწყვეტილებები, უპრეცედენტო გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულ იქნა გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოს ფარგლებში...მიხეილ ჯანელიძე
“გვაშფოთებს ის ბოლო განვითარებები, რომლებსაც ადგილი აქვს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ხელოვნური ბარიერების, მავთულხლართების გავლება-გაგრძელება ამ პროცესის, რაც კიდევ უფრო ართულებს იქ დარჩენილი ქართული მოსახლეობის მდგომარეობას. ასევე გვაშფოთებს ის გახშირებული დაკავებები, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში. გვაშფოთებს გამალებითი მილიტარიზაცია რუსეთის შეიარაღებული ძალების. ასევე გვაშფოთებს, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება იწყებს, აპირებს გალის რაიონში დროებითი დოკუმენტების დარიგებას ქართველი მოსახლეობისთვის“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე პროცესები ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევად შეაფასა, თავის მხრივ, საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იგორ დოლგოვმა. მისი შეფასებით, ეგრეთ წოდებული ბორდერიზაცია სულ უფრო საშიში და საგანგაშო ხდება და უკვე ყველასთვის გასაგებია, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებები ქართველი ხალხისა და მშვიდობის წინააღმდეგაა მიმართული.
რუსეთის ფედერაციის პროვოკაციული ნაბიჯები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში განხილვის თემა იყო ეუთოს არაფორმალურ მინისტერიალზეც, რომელიც ეუთოს სივრცეში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებს შეეხებოდა. მინისტერიალის მონაწილეებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიაწოდა ინფორმაცია სამხრეთ ოსეთის პირობით საზღვრისპირა რეგიონში საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ განთავსების პროცესისა და ამ პროცესით ოკუპირებული რეგიონის საქართველოსგან კიდევ უფრო იზოლირების შესახებ.
რუსეთის ქმედებებზე, როგორც რეგიონში უსაფრთხო გარემოს დამაზიანებელ ფაქტორზე, და ამასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებთან წარმოებული თანამშრომლობის ეფექტურობაზე მიხეილ ჯანელიძემ 12 ივლისს საქართველოს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგაც განაცხადა:
“არასდროს არ ყოფილა რუსეთის ფედერაცია ამხელა საერთაშორისო წნეხის ქვეშ საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე აგრესიისთვის, ვიდრე არის ის დღეს და ამის ნათელი მაგალითია ის გადაწყვეტილებები, უპრეცედენტო გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულ იქნა გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოს ფარგლებში“.
საგარეო საქმეთა მინისტრი აქვე ამბობს, რომ საერთაშორისო ფორმატებში საქართველოს პოზიციების გამყარების პარალელურად, რუსეთი მიზანდასახულად განაგრძობს პროვოკაციებს და ამაში მას ხელს უწყობენ საქართველოს ოპოზიციური პარტიები. მიხეილ ჯანელიძის თანახმად, მათი ნაწილი წინა ხელისუფლების პოლიტიკური ნაბიჯებისკენ დაბრუნებას, ნაწილი კი, საერთაშორისო ჩართულობის გარეშე, პრობლემის მხოლოდ პირდაპირი დიალოგით მოგვარებას ემხრობა. მინისტრი მათ სთხოვს, შიდა პოლიტიკური სპეკულაციების გარეშე შეაფასონ რეალობა და შეეცადონ ერთად შეეწინააღმდეგონ აგრესიას - ერთობით და გაწონასწორებული პოლიტიკით.
თავის მხრივ, პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე არასაკმარისად ეფექტურად მიიჩნევს იმ ნაბიჯებსაც, რომლებსაც რუსეთის აგრესიისა და "ბორდერიზაციის" პროცესის შესაჩერებლად დგამს საქართველოს მთავრობა. იგი ფიქრობს, რომ შექმნილ ვითარებაში მთავრობისა და საზოგადოების კონსოლიდირებული ქმედებები ორი მთავარი მიმართულებით უნდა განვითარდეს:
“პირველი, რა თქმა უნდა, საოკუპაციო ხაზთან უნდა იყოს, პრინციპში, ალბათ, 24-საათიანი მორიგეობა. ესენი უნდა იყვნენ ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები, თუ გნებავთ, მთავრობის აქტივისტები. როცა სჭირდება ხოლმე მთავრობას, აქტივისტებს კრებს ძალიან მარტივად ხან რისთვის, ხან რისთვის. ასევე უნდა ჩანდეს იქ ყოველთვის ვინმე უცხოელი ჟურნალისტი კამერით ხელში აუცილებლად, რომ ეს დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლება გადაიცემოდეს რომელიმე უცხოურ ტელეარხზე. ეს იქნება, მე მგონი, ყველაზე უფრო შემაკავებელი ფაქტორი რუსეთისთვის“.
მეორე მიმართულებაში თორნიკე შარაშენიძე ქართული სპეცსამსახურების მუშაობის გააქტიურებას გულისხმობს.