სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის ახალი პროგრამა “მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობა” დაიწყო.
მთავრობის ინფორმაციით, პროგრამაში მონაწილე კოოპერატივის წევრებს საშუალება ეძლევათ არა მხოლოდ ყურძნის, არამედ უკვე ღვინის რეალიზაციიდან მიიღონ სარგებელი.
სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისათვის დადგენილია შემდეგი პირობები: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 20 მეპაიეს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს ანდა მის მეპაიეებს საკუთრებაში უნდა ჰქონდეთ არანაკლებ 20 ჰექტარი ვენახი, რომელშიც გაშენებული უნდა იყოს ვაზის შემდეგი ჯიშები: რქაწითელი, საფერავი, მწვანე, ხიხვი, ქისი, ჩინური, ცოლიკაური, ციცქა, კრახუნა, ალექსანდროული, ოჯალეში, ჩხავერი, ალადასტური, უსახელოური, მუჯურეთული, წულუკიძის/რაჭული თეთრა.
მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა საპილოტე პროექტია, რომლის ფარგლებშიც გაიცემა არანაკლებ 3 ერთეული საწარმოსათვის საჭირო აღჭურვილობა. პროექტის ბიუჯეტი 1 მილიონ ლარს შეადგენს.
დღეის მდგომარეობით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მევენახობის მიმართულებით 40 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი საქმიანობს, რომლებშიც გაერთიანებულია 250 მეპაიე, მათ საკუთრებაში არსებული ვენახი კი 316 ჰა -ს შეადგენს.
ზოგადად, საქართველოში ვენახები 37 419 ჰექტარზეა გაშენებული (2004 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის მიხედვით), მათ შორის, კახეთში 22 227 ჰექტარი ვენახია. 2013-2014 წლებში საქართველოში 5 000 ჰექტარი ახალი ვენახი გაშენდა (4 700 ჰექტარი კახეთში). სპეციალისტების განმარტებით, ვენახების გაშენება ბოლო წლების (2013, 2014) წარმატებულმა რთველმა და ჩაბარებული ყურძნიდან მიღებულმა მაღალმა შემოსავლებმა განაპირობა.
საქსტატის ინფორმაციით, ყურძნის ყველაზე მაღალი მოსავალი, 2007 წლის შემდეგ (227 000 ტონა), 2014 წელს დაფიქსირდა (224 000 ტონა). 2007-2015 წლებში ყურძნის მთლიან მოსავალში კახეთის წილი 51-71 %-ია.
შეგახსენებთ, რომ მევენახეებისთვის ერთ-ერთი მსხვილი პროგრამა ეგრეთ წოდებული რთვლის სუბსიდირების პროგრამაა. წლების მანძილზე ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი რესურსები იხარჯება, კერძოდ: 2016 წელს საქართველოში 117 777 ტონა ყურძენი მოვიდა. 2016 წლის რთვლის ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ სუბსიდია 1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე განისაზღვრა 45 თეთრით, 1 კგ საფერავზე - 20 თეთრით, 1 კგ ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე - 2 ლარით. 2016 წლის რთვლის ფარგლებში, ყურძენს 100-ზე მეტი ღვინის საწარმო ჩაიბარებს. გასული წლის მსგავსად, სუბსიდია გაიცემა პირდაპირ მევენახეებზე და არა ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე. ამ მიზნისთვის 2016 წლის ბიუჯეტში 40 მილიონი ლარი იყო ჩადებული. ამ თანხების რეალურ ეფექტიანობაზე ექსპერტებში მუდმივად ისმება კითხვები. ბევრის აზრით, სუბსიდირება უფრო სოციალური პროექტია, ვიდრე ეკონომიკური. ამასთან, ამ ბოლო დროს პრობლემა შეიქმნა ყურძენზე მოთხოვნასთან დაკავშირებით - 2015 წლის განმავლობაში ტრადიციულ ბაზრებზე ღვინოზე მოთხოვნის შემცირების გამო საქართველოს მეღვინეებს ღვინის მარაგები დაუგროვდათ, რამაც ყურძენზე მოთხოვნის შემცირება გამოიწვია.
მსგავსი პრობლემის მოგვარების მცდელობაა კოოპერატივების ის პროექტი, რომელსაც ხელისუფლება ამჟამად აანონსებს და რომელიც, იდეაში, ფერმერების მიერ ღვინის საკუთარი ძალებით წარმოებას გულისხმობს. როგორც წესი, მსგავსი პროექტები ეკონომიკურად უფრო გამართლებული შეიძლება იყოს, ვიდრე სუბსიდირების პროექტებია. მათ ნაწილზე - მაგალითად, საზაფხულო ნათესების მოხვნაზე - ხელისუფლებამ 2017 წელს უკვე თქვა უარი, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაფინანსების შემცირება ისეთ პროექტებს შეეხოს, როგორიც რთვლის სუბსიდირებაა, ზუსტად მისი სოციალური ხასიათის გამო.