პრემიერ-მინისტრის განცხადებას კახეთში ცალკე აეროპორტის აშენებისა და რკინიგზის აღდგენის შესახებ მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. ოპოზიცია მეტი ეკონომიკური სარგებლის მისაღებად გომბორის მთაზე გვირაბის გაჭრის მომხრეა, კახეთის გუბერნატორის მოადგილე კი ამბობს, რომ ჯერ არც აეროპორტის და არც რკინიგზის აღდგენის გადაწყვეტილება არ არის მიღებული.
რკინიგზა და აეროპორტი კახეთში
- ამჟამად თელავში ფუნქციონირებს ერეკლე II-ის სახელობის აეროპორტი „მიმინო“.
- აეროპორტი საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მფლობელობაშია და აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და საჰაერო ხომალდებით.
- რკინიგზამ კახეთში მუშაობა 1990-იან წლებში შეაჩერა. ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი განადგურებულია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ კახეთს სჭირდება ცალკე აეროპორტი. ამის შესახებ მან გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში განაცხადა, სადაც სასტუმრო და ღვინის კომპლექსი გახსნა. პრემიერ-მინისტრმა კახეთისა და თუშეთის ტურისტულ პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ აუცილებლად უნდა ააღორძინოს კახეთის რკინიგზაც, რომლის ინფრასტრუქტურა 90-იანი წლების შემდეგ საგრძნობლად არის დაზიანებული. პრემიერის ეს განცხადებები ტურიზმის განვითარების შესაძლებლობებს ეხებოდა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებების შემდეგ ჩვენ დავინტერესდით, რეალურად განიხილავენ თუ არა აეროპორტის მშენებლობის საკითხს და იგეგმება თუ არა რკინიგზის აღდგენა. კახეთის გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი ამბობს, რომ აეროპორტის მშენებლობასა და რკინიგზის აღდგენაზე, ბოლო ორი წელია, ლაპარაკობენ, თუმცა რეგიონში ვერც აეროპორტი აშენდება და ვერც რკინიგზა აღდგება ისე, თუ პროექტები ეკონომიკური თვალსაზრისით არ იქნება დასაბუთებული, ასეთი დოკუმენტი კი ჯერ არ არსებობს.
„თავიდან ბოლომდე თუ ეკონომიკურად დასაბუთებული არ იქნა, რა საჭიროებას წარმოადგენს და რამდენად გამართლებული იქნება თანხის დახარჯვა აეროპორტის მშენებლობისთვის კახეთში, მაშინ როცა საათ-ნახევრის სავალზე თბილისის აეროპორტია, მანამდე ეს გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება“.
პრემიერის ინიციატივას კახეთში აეროპორტის აშენებასთან დაკავშირებით გაუმართლებლად მიიჩნევს „ევროპული საქართველო“. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კანდელაკის, თქმით, „ეს არის არაკომპეტენტური გადაწყვეტილება და უმჯობესი იქნება გომბორის უღელტეხილზე გვირაბის მშენებლობა მოხდეს, რაც უფრო დიდი სტიმული იქნება კახეთის ეკონომიკისთვის“.
აეროპორტიც საჭიროა და რკინიგზაც. უფრო მეტი ინვესტიცია იქნება. შემოვა ტურისტი, ქვეყანა გაგვიცნობს. ადგილები გვაქვს საუკეთესო...
„კახეთისთვის მწვავე აუცილებლობად დგას არა აეროპორტის, არამედ იმ გვირაბის, რომელიც უნდა გასულიყო გომბორის უღელტეხილის ქვეშ და რომელიც შეამცირებდა თბილისიდან თელავში მგზავრობის ხანგრძლივობას 40 წუთამდე, რაც, რა თქმა უნდა, აეროპორტს აზრს უკარგავს. შეგახსენებთ, რომ ამ პრემიერის ინიციატივით აშენდა და 15 მილიონი ლარი დაიხარჯა ამბროლაურის აეროპორტზე და ეს აეროპორტი, ფაქტიურად, უფუნქციოა. ეს ფული სრულიად წყალში არის გადაყრილი“.
მართალია, კახეთში რკინიგზის აღდგენისა და ახალი აეროპორტის მშენებლობის საკითხი გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ პრემიერ-მინისტრის ინიციატივა რეგიონში ჩვენ მიერ გამოკითხული მოსახლეობის ნაწილს მოსწონს.
„ადრე კახეთი სარგებლობდა აეროპორტით და პრემიერის ახლანდელი განცხადება ნორმალურად მიმაჩნია“;
„მარტო თელავში კი არა, ლაგოდეხშიც იყო აეროპორტი. ახლაც თუ იქნება, მივესალმები“;
„ტურისტი რომ შემოვა, ხალხიც კმაყოფილი დარჩება“;
„ადრე აეროპორტი რომ მუშაობდა, მგზავრობის გარდა გლეხი ტვირთის გადატანასაც ახდენდა. მაშინ ყველა კმაყოფილი იყო, გლეხიც და მოსამსახურეც“;
„აეროპორტიც საჭიროა და რკინიგზაც. უფრო მეტი ინვესტიცია იქნება. შემოვა ტურისტი, ქვეყანა გაგვიცნობს. ადგილები გვაქვს საუკეთესო“.
ამჟამად თელავში ფუნქციონირებს ერეკლე II-ის სახელობის აეროპორტი „მიმინო“, რომელიც საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მფლობელობაშია და აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და საჰაერო ხომალდებით. რკინიგზამ კი კახეთში მუშაობა 1990-იან წლებში შეაჩერა. ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი ახლა განადგურებულია.
ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სხვადასხვა კერძო ბიზნესმენთან თუ დაინტერესებულ პირთან. თუკი ვინმე გამოთქვამს სურვილს აამუშაოს ფაბრიკა, ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს...გიორგი გოგილაშვილი
ჩვენ დავინტერესდით, რა კეთდება მთავრობის მეთაურების მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებების შემდეგ. მაგალითად, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2015 წლის 15 აპრილს კახეთის რეგიონის განვითარების პროგრამა წარადგინა. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობდა, რომ სიღნაღში აღდგებოდა სამკერვალო ქარხანა, რომელიც წლების წინ, საბჭოთა კავშირის პერიოდში, მუშაობდა და იქ 600-მდე ადგილობრივი იყო დასაქმებული, თუმცა სიღნაღის მერი გიორგი გოგილაშვილი დღეს გვეუბნება, რომ კონკრეტული სამუშაოები დაიწყო, სამკერვალო ქარხნის შენობა ინვესტორს გადაეცა, მაგრამ პირობები დაირღვა და ქონება კვლავ სიღნაღს უფუნქციო მდგომარეობაში დაუბრუნდა:
„ეს იდეები ნამდვილად კარგად იყო გაჟღერებული. მაშინ მსურველიც იყო, რომ კონკრეტული სამუშაოები ჩაეტარებინათ, მაგრამ როგორც კი წინააღმდეგობას აწყდებიან, მაშინვე თავს ანებებენ სამუშაოებს. ძალით ხომ ვერ მოვიყვანთ ინვესტორს? ამიტომ ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სხვადასხვა კერძო ბიზნესმენთან თუ დაინტერესებულ პირთან. თუკი ვინმე გამოთქვამს სურვილს აამუშაოს ფაბრიკა, ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს“.
ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი თელავის განვითარებას 2015 წელს მარმარილოს გადამამუშავებელი ქარხნის ამუშავებაში ხედავდა. კიდევ ერთი გეგმა, სადაც თამბაქოსა და აბრეშუმის კულტურების აღდგენაზე იყო ლაპარაკი, ლაგოდეხს ეხებოდა, თუმცა სოფლის მეურნეობის ამ დარგების განვითარებაზე მუშაობა არც კი დაწყებულა.