Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კინზინგერი: კონგრესმა საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის მოსახლეობას მიმართა


"ამერიკის ხმის" ქართულმა რედაქციამ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა ამერიკელ კონგრესმენთან, გასულ კვირას რუსეთის მოქმედებების წინააღმდეგ მიღებული რეზოლუციის ავტორთან ადამ კინზინგერთან.კონგრესმენი საქართველოს, უკრაინის, და მოლდოვის დახმარების აუცილებლობაზე საუბრობს და რამდენიმე სხვა საყურადღებო საკითხს აფასებს.

ამერიკის ხმა: რეზოლუცია, რომელიც თქვენი ავტორობით დამტკიცდა, რუსეთის აგრესიას გმობს და მისი შეიარაღებული ძალების რეგიონის ქვეყნებიდან გაყვანას, ასევე ამ ქვეყნების სუვერენული უფლებების დაცვას ითხოვს. შეძლებს თუ არა აშშ, პარტნიორებთან ერთად, ყირიმის ანექსიის გამოსწორებას? ან სხვა რა ცვლილებები შეიძლება მოხდეს?

ადამ კინზინგერი: ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ამერიკის კონგრესში ძალიან გვაშფოთებს რუსეთის ქმედებები რეგიონში. ფაქტია, რომ რაც უკრაინაში ხდება, პირველი შემთხვევა არ არის. ეს, ფაქტობრივად, 2008 წელს საქართველოში დაწყებული მოვლენების გაგრძელებაა. რუსეთი აგრძელებს საქართველოს 20 პროცენტის უკანონო ოკუპაციას. აქედან გამომდინარე, ვაცნობიერებთ, რომ რუსეთის აგრესია უკრაინით, შესაძლოა, არ დამთავრდეს. შეერთებულმა შტატებმა 1930-იან წლებში ისწავლა, რომ ტირანებს დროულადუნდა აღუდგეს წინ. კონგრესის რეზოლუცია მკაფიო სიგნალია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მოსახლეობისადმი, რომ ამერიკა და დასავლეთი მათ გვერდით დგას. ამ რეზოლუციით მხარს ვუჭერთ იმ ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებას, რათა მან თავი დაიცვას.

რამდენად რთულ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს უკრაინა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2008 წლის შემდეგ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასაც აგრძელებს. როგორ უნდა შეიცვალოს ეს? საბოლოო ჯამში, პრეზიდენტმა პუტინმა უნდა დაინახოს, რომ ყირიმის ანექსიით ის უფრო მეტს კარგავს, ვიდრე იგებს. იგივე უნდა მოხდეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და იმედია, ეს დღე დადგება. პუტინი ვნებს რუსი ხალხისა და რუსეთის რეპუტაციას შინ და გარეთ.

ამერიკის ხმა: რამდენად იქონიებს გავლენას ეს რეზოლუცია კონგრესსა და სენატში განხილულ ინიციატივებზე, რომ უკრაინას გადაეცეს თავდაცვითი იარაღი?

ადამ კინზინგერი: ამ რეზოლუციის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი იყო უკრაინის შეიარაღების საკითხზე წარმომადგენელთა პალატის პოზიციის დაფიქსირება. გამიხარდება, თუ ეს რეზოლუცია სენატშიც დამტკიცდება და შემდეგ პრეზიდენტს გადაეგზავნება. საბოლოო ჯამში, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება პრეზიდენტის გადასაწყვეტია, თუმცა წარმომადგენელთა პალატის პოზიციის გამოხატვა ჩვენი მოვალეობა იყო. კონგრესი უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და ის ძლიერ სიგნალს უგზავნის რუსეთს. რამდენადაც ვიცი, კონგრესის რეზოლუცია რუსულ პრესაში უყურადღებოდ არ დარჩენილა. რუსეთმა უნდა დაიცვას ბუდაპეშტის ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერა. და ბოლოს, ამ რეზოლუციით ვაჩვენეთ ჩვენ პრეზიდენტსა და უკრაინელ ხალხს, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინის თავდაცვითი იარაღით დახმარებას. ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს უფლება, დაიცვას თავი.

ამერიკის ხმა: იარაღით დახმარება წარმოშობს თუ არა კონფლიქტის გამწვავების საშიშროებას?

ადამ კინზინგერი: მეორე მსოფლიო ომმა კარგი გაკვეთილი გვასწავლა. სხვათა შორის, ეს გაკვეთილი რუსმა ხალხმაც კარგად იცის. როდესაც ტირანი რომელიმე რეგიონში შედის და სხვა სახელმწიფოებს ეუბნება, არაფერი მოიმოქმედოთ, თორემ თქვენი ქმედება ვითარებას გაართულებსო, უმოქმედობა ვითარებას კიდევ უფრო მეტად ართულებს.

ასე რომ, ჩვენ მყარად უნდა დავდგეთ და შევეწინააღმდეგოთ ტირან პუტინს. უკრაინას იარაღი საკუთარი ტერიტორიის დასაცავად ესაჭიროება. თუ ამ დახმარებამ პუტინი გააღიზიანა, ეს მისი პრობლემაა. ყირიმი უკრაინის ნაწილია. არ მგონია, ჩვენმა დახმარებამ უფრო დიდი ტერიტორიული კონფლიქტი გამოიწვიოს, თუმცა რუსეთმა აუცილებლად უნდა გააცნობიეროს მიმდინარე აგრესიის ფასი.

ამერიკის ხმა: ამ კონტექსტში, როგორ შეაფასებთ რუსეთის ქმედებებს საქართველოში დასაქართველოს დასავლეთთან დააახლოების მცდელობებს?

ადამ კინზინგერი: მე საქართველოს ევროპასთან დაახლოებისა და ნატოში გაწევრიანების დიდი მხარდამჭერი ვარ. საქართველო ძალიან რთულ ვითარებაშია. ყველაზე იოლი გამოსავალი იქნებოდა ის, თუ ქვეყანა ტირან ჩრდილოელ მეზობელს მიუბრუნდებოდა, მაგრამ საქართველოს თავისუფლება სურს. მას უნდა, რომ ღია, თავისუფალი საზოგადოების ნაწილი იყოს. დღეს მე აშშ-ში საქართველოს ელჩს შევხვდი და ეს საკითხები განვიხილეთ. აფხაზეთისა და რუსეთის შეთანხმებით, ვშიშობ, რომ დაიწყება ანექსიის ეტაპი. საქართველომ ექვსი წლის წინ გადაიტანა ის, რაც უკრაინაში ხდება. მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს ამის შესახებ. რუსეთმა აგრესიისათვის დიდი საზღაური უნდა გადაიხადოს.

მე ვიცი, რომ საქართველო ჩვენი კარგი პარტნიორია ავღანეთში. მისი მეომრები მხნედ იბრძვიან ჩვენი ჯარისკაცების გვერდით. ჩვენ ეს უნდა დავაფასოთ და გავაღრმაოთ კავშირები საქართველოსთან.

ამერიკის ხმა: როგორ აფასებთ აფხაზეთ-რუსეთის შეთანხმებას?

ადამ კინზინგერი: შეთანხმება უკანონოა. ის მსოფლიო თანამეგობრობამ არ უნდა აღიაროს. შეთანხმება, ფაქტობრივად, ერთი ნაბიჯით გვაშორებს ანექსიას. რუსეთი უკანონო ქმედებას ჩადის. თუ სამხრეთ ოსეთთანაც მსგავსი შეთანხმება გაფორმდა, მივიღებთ ორი რეგიონის ფაქტობრივ ანექსიას. ეს საფრთხეს შეუქმნის [საქართველოს] დედაქალაქსაც და მას რუსეთის საარტილერიო ცეცხლის რადიუსში მოაქცევს. ამიტომ უნდა გავაგრძელოთ ქართველი ჯარისკაცების წვრთნა. თუ ანექსია გაფორმდება, ამას რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები და სერიოზული ეკონომიკური ზეწოლა უნდა მოჰყვეს.

ამერიკის ხმა: საქართველოს მთავრობის მიერ შიდა და საგარეო პოლიტიკაზე რა კომენტარს გააკეთებთ?

ადამ კინზინგერი: ზოგადად, თავს ვიკავებ ქვეყნის შიდა პოლიტიკის შეფასებისგან, თუმცა მაშფოთებს რამდენიმე დაკავების ფაქტი და სხვების მიმართ წაყენებული ბრალდებები. მიმდინარე მოვლენებს მომავალშიც დავაკვირდებით. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა ღიად უნდა მოეკიდოს განსხვავებულ აზრს, ისე როგორც ჩვენ. ეს მხოლოდ გვაძლიერებს.

მეორეს მხრივ, ვიცი, რომ საქართველოს მთავრობას დასავლეთისკენ სვლა სურს. ჩვენ ამ პროცესსაც დავაკვირდებით და მხარს დავუჭერთ ქართველ ხალხსა და მათი ქვეყნის მთლიანობას.
XS
SM
MD
LG