Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Go East - ქართული კინოს წარმატება ვისბადენში


რამდენიმე დღის წინ გერმანიის ქალაქ ვისბადენში დამთავრდა საერთაშორისო კინოფესტივალი სახელწოდებით „Go East“ (თავისუფალ თარგმანში - „სწორება აღმოსავლეთზე“), რომელიც 2001 წლიდან ყოველწლიურად იმართება და რომელშიც წარმოდგენილია შუა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში შექმნილი ნამუშევრები. ძირითადი კონკურსის გარდა ფესტივალის ორგანიზატორები დიდ ყურადღებას უთმობენ სტუდენტურ კინოს და ვისბადენში იწვევენ სხვადასხვა ქვეყნის კინოსკოლების წარმომადგენლებს. წელს მათ შორის იყვნენ თბილისის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულებიც და ფესტივალზე მათი სტუმრობა უხვმოსავლიანი გამოდგა.

თუმცა, ვიდრე ქართული სტუდენტური კინოს წარმატებაზე ვისაუბრებდეთ, გეტყვით, რომ შარშან და შარშანწინ ვისბადენის კინოფესტივალის მთავარი ლაურეატები საქართველოს წარმომადგენლები იყვნენ - 2009-ში პირველი პრიზი - „ოქროს შროშანი“ - მიენიჭა გიორგი ოვაშვილის სურათს „გაღმა ნაპირი“, ხოლო 2010-ში ეს პრემია ლევან კოღუაშვილის „ქუჩის დღეებს“ გადაეცა.

„წელსაც არ დატოვეს ჩვენი ფილმები უყურადღებოდ“, ამბობს საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი თამარ ტატიშვილი. „ალექსანდრე ქვირიას დოკუმენტური ფილმი ‘გორელოვკა’ დაჯილდოვდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრიზით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ პრიზის მთავარი თემატიკა არის კულტურული მრავალსახეობის სწორად დანახვა და მაყურებლისთვის მიწოდება. და ზუსტად ამისთვის მიიღო ქვირიამ პრიზი.“
კადრი დოკუმენტური ფილმიდან "გორელოვკა".

აი, რა გვიამბო ფილმზე თავად ალექსანდრე ქვირიამ: „ფილმს ჰქვია ‘გორელოვკა - თემი გაქრობის პირას’. გადავიღე სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთში, დუხობორების სოფელში, რომელიც დუხობორებმა დააარსეს, როცა საქარველოში ჩამოვიდნენ, ანუ 1844 თუ 1845 წელს. ფილმი ამ პატარა თემზე გვიამბობს - ხალხზე, რომელიც, ფაქტობრივად, წავიდა საქართველოდან, სულ 30-მდე ოჯახია დარჩენილი. ძირითადად, მინდოდა იმ ხალხის ემოციის დაჭერა, რომელიც მიდის.“

როგორც ჟიურის გადაწყვეტილებამაც დაადასტურა, ამ ემოციის „დაჭერა“ რეჟისორმა მართლაც მოახერხა. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ „Go East“-ის ძირითად კონკურსში წლეულს აშკარა წარმატებას მიაღწიეს რუსეთისა და რუმინეთის კინემატოგრაფისტებმა: „ოქროს შროშანი“ მოიპოვა რუსი რეჟისორის, ალექსეი ბალაბანოვის ფილმმა „მეცეცხლურმა“, ხოლო საუკეთესო რეჟისორის პრიზი გადაეცა რუმინელ მარიან კრიშანს სურათისთვის „მორგენი“.

ახლა კი, როგორც თავიდანვე დაგპირდით, ქართული სტუდენტური ფილმების წარმატებაზე ვისაუბროთ - წარმატებაზე, რომელიც, თავად ლაურეატების გარდა, განსაკუთრებით ახარებს თბილისის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოფაკულტეტის დეკანს დათო ჯანელიძეს:
დათო ჯანელიძე

„მახარებს სწორედ იმიტომ, რომ ასეთი უხვმოსავლიანი ფესტივალი ძალიან დიდი ხანია, არ გვქონია, ერთ ფესტივალზე ამდენი პრიზი, ალბათ, ერთი 20 წელიწადია, არ მიგვიღია. ამ დროის განმავლობაში სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ფესტივალებზე სხვადასხვა ფილმები იღებდნენ პრიზებს, მაგრამ კინოსკოლას, როგორც ასეთს, ასეთი წარმატება არ ჰქონია. ჩვენ წარმოვადგინეთ ექვსი ფილმი სამ ნომინაციაში - დოკუმენტურში, მხატვრულში და ანიმაციაში - და ამ ექვსი ფილმიდან ოთხმა მიიღო პრიზები: ერთი პირველი, ორი მეორე და ერთი მესამე, რაც, რასაკვირველია, ძალიან დიდი წარმატებაა!“

ამ წარმატების ერთ-ერთი შემოქმედი გახლავთ ანა ჩერქეზიშვილი, რომლის 13-წუთიანმა სურათმა - „აგვისტო 2008“ - გაიმარჯვა დოკუმენტური ფილმების ნომინაციაში. ფილმი, როგორც მისი სახელწოდებითაც ჩანს, რუსეთ-საქართველოს ომის თემატიკას ეძღვნება. მაგრამ, თავად ანას თქმით, „ფილმი საერთოდ არ განიხილავს ამ საკითხს პოლიტიკურ ასპექტში. ძირითადად ეს არის ინდივიდუალური ტრაგედიები ადამიანებისა, რომლებიც იმ პერიოდში იმყოფებოდნენ გორში ან ოსეთის ტერიტორიაზე. ფილმი შედგება ლტოლვილებთან ინტერვიუებისგან და, რა თქმა უნდა, გამოყენებულია ამ პერიოდის უამრავი ტრაგიკული საარქივო კადრი.“
ეროვნული კინოცენტრის დირექტორი თამარ ტატიშვილი

ეს ყველაფერი ახალგაზრდა რეჟისორმა, როგორც უკვე გითხარით, 13 წუთში ჩაატია. ანა ფიქრობს, რომ მისი ფილმის წარმატება თავად თემის აქტუალობამაც განაპირობა: „ფილმი, მე მგონი, თემატურად იყო ძალიან მნიშვნელოვანი და გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ სტუდენტი ვარ და ვიმუშავე ასეთ სერიოზულ კონფლიქტზე, მგონი, ამანაც განაპირობა ეს გადაწყვეტილება. მეორე მიზეზი, ჩემი აზრით, ის არის, რომ საკმაოდ ემოციური ფილმია და ძირითადად ეხება ინდივიდუალურ ტრაგედიებს - ადამიანებს, ვინც ამ სიტუაციაში მოჰყვა. მე ვფიქრობ, რომ მაყურებელს ჰქონდა ძალიან ემოციური რეაქცია და ეს პრობლემა გულთან ახლოს მიიტანა.“

ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელი, თამარ ტატიშვილი, ხაზგასმით აღნიშნავს სწორედ იმ გარემოებას, რომ სტუდენტური ფილმების კონკურსში პრიზების ბედს მაყურებელი წყვეტდა.

„ყველაზე ნიშანდობლივი იყო ის“, ამბობს ტატიშვილი, „რომ ამ ცერემონიაში, რომელშიც მაყურებელი აჯილდოებდა სტუდენტურ ფილმებს, პრიზების უმეტესობა გადაეცათ ქართველ დამწყებ კინორეჟისორებს. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ეს ახალგაზრდები დააჯილდოვა მაყურებელმა, ანუ იმ საბოლოო ადრესატმა, რომლისთვისაც კეთდება კინო. ამ კუთხით ძალიან წარმატებული იყო ასევე, ანიმაციური პროექტი.“

ანიმაციური პროექტი, რომელიც თამარ ტატიშვილმა ახსენა, გახლავთ ნათია ნიკოლაშვილის ნამუშევარი „ამომავალი მზის ქვეყანა“, რომელმაც ანიმაციური ფილმების კატეგორიაში მესამე პრიზი მოიპოვა. რაზეა ეს სურათი? ამ კითხვაზე თავად რეჟისორი გვიპასუხებს:
ვისბადენის კინოფესტივალის ლაურეატები ანა ჩერქეზიშვილი (მარცხნივ) და ნათია ნიკოლაშვილი

„ფილმი არის ადამიანზე, რომელსაც აქვს ოცნება სახელად ‘იაპონია’ და, ყველაფრის მიუხედავად, ამ იაპონიისკენ მიიწევს. და, რა თქმა უნდა, აღწევს! იდეურად სწორედ ეს მინდოდა მეჩვენებინა: ადამიანის დამოკიდებულება ოცნებისადმი. იმიტომ, რომ ამ ბიჭს ეს ოცნება დარჩა ბაბუისგან, რომელმაც, რა თქმა უნდა, ის ვერ აისრულა და ვერ გადადგა ნაბიჯი ოკეანეში. მაგრამ შვილიშვილმა უკვე გადადგა ნაბიჯი და ოცნება განახორციელა. მორალი არის ის, რომ როცა რაღაცის მართლა ძალიან, ძალიან გჯერა, ისევე, როგორც ვიღაცამ შეიძლება ოკეანე გადალახოს ოცნების მისაღწევად, ასევე ცხოვრებაშიც შეიძლება მიაღწიო ყველაფერს.“

თუ ნათია ნიკოლაშვილი მართალია, მაშინ, ვფიქრობ, მასა და მის კოლეგებს მთავარი წარმატებები ჯერ კიდევ წინ აქვთ. თბილისის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოფაკულტეტის დეკანი დათო ჯანელიძე კი იმ ინტერვიუს იხსენებს, რომელიც მან ჩვენს რადიოს 2009 წლის დეკემბერში მისცა: „მახსოვს, შარშან, თქვენთან როდესაც ვიყავი სტუმრად, როცა ინტერვიუში ვთქვი, რომ სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა ქართულ კინოში, ცოტა სკეპტიკურად შეხედეს მაშინ ამ ინტერვიუს თბილისში. მაგრამ აი, რეალობა! არა მარტო სტუდენტურმა, ქართულმა ფილმებმა ძალიან ბევრი პრიზი მიიღო ბოლო ორი წლის განმავლობაში (გავიხსენოთ გიორგი ოვაშვილის და ლევან კოღუაშვილის ფილმები). ასე რომ, ვფიქრობ, ყველაფერი დალაგდება, თუ ხელშეწყობა იქნა, რასაკვირველია. იმიტომ, რომ ეს სტუდენტური ფილმები რომ არ დაფინანსებულიყო ეროვნული კინოცენტრის მიერ, ამ ხარისხს, ანუ საერთაშორისო ხარისხს, ვერ მივაღწევდით.“

თუ ხელშეწყობა იქნაო, თქვა დათო ჯანელიძემ. ხელშეწყობას ქართველი კინემატოგრაფისტები პირველ ყოვლისა, ეროვნული კინოცენტრისგან ელიან. როგორც მისმა ხელმძღვანელმა თამარ ტატიშვილმა გვითხრა, ამჟამად კინოცენტრის პრიორიტეტია ევროპული კოპროდუქცია, ანუ ქართველი კინემატოგრაფისტების წარმოჩენა ევროპულ სივრცეში. „ამ მხრივ ჩვენი ერთ-ერთი პროექტი, რომლის თაობაზეც მოლაპარაკება დასრულდა აქ, ვისბადენში, არის თანამშრომლობა რობერტ ბოშის ფონდთან. ეს არის კერძო გერმანული ფონდი, რომელიც აფინანსებს კინოგანათლებას. კინოცენტრისა და ამ ფონდის თაოსნობით, ივლისში საქართველოში მოხდება გერმანელი და ქართველი ახალგაზრდა კინოპროფესიონალების დამეგობრება - ჩამოვა დელეგაცია, რომელსაც აინტერესებს საქართველოსთან კოპროდუქცია. ამ ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ პროფესიული ტრენინგები და ვფიქრობ, რომ შემოდგომაზე უკვე შეიძლება, რამდენიმე საინტერესო თანამშრომლობა შედგეს გერმანელ და ქართველ კინემატოგრაფისტებს შორის.“

ვისბადენში თამარ ტატიშვილმა საფუძველი ჩაუყარა კიდევ ერთ პერსპექტიულ თანამშრომლობას.

„მეორე პროექტი, რომელზეც ასევე აქ დავასრულე მოლაპარაკება, ეხება ბოსნიას, ანუ ყოფილ იუგოსლავიას, უფრო ზუსტად კი სარაევოს კინოფესტივალს, რომელიც რეგიონში ყველაზე ძლიერი ფესტივალია და საინტერესო კინობაზრობასაც მართავს სახელწოდებით „სინელინკი“. ალბათ, წელს მოხდება ფოკუსი საქართველოზე და სარაევოში ჩვენი კინოცენტრი წარდგება რამდენიმე ახალგაზრდა და შედარებით უკვე წარმატებული რეჟისორით და გავაცნობთ ყველა იმ დამსწრე გაყიდვის აგენტს, დისტრიბუტორს, სხვადასხვა ფონდის წარმომადგენლებს, თუ რა ხდება დღეს ქართულ კინოში და როგორ გვინდა მისი ინტეგრირება უფრო ფართოდ ევროპულ კინოინდუსტრიაში“, აღნიშნა საუბრის დასასრულს საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა თამარ ტატიშვილმა.
XS
SM
MD
LG