Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეკომენდაციები გაეროში


დევნილთა იძულებით გამოსახლების პროცესი
დევნილთა იძულებით გამოსახლების პროცესი
დევნილთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტურად განხორციელების მიზნით, საქართველოში მოქმედმა 43-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს საგანგებოდ მომზადებული ერთობლივი ჩარჩო დოკუმენტი გაუგზავნა. დოკუმენტში ასახულია რეკომენდაციები, რომელთაც დევნილთა და ომით დაზარალებულთა მდგომარეობის შემსუბუქებას უნდა შეუწყონ ხელი.
ჩვენ მოვითხოვთ, რომ შეწყდეს გამოსახლება, სანამ ჩვენ ერთობლივად არ მივიღებთ მონაწილეობას და არ გარდავქმნით დოკუმენტს სამართლებრივ დოკუმენტად, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს სასამართლოში ვიმსჯელოთ უკვე გამოსახლების სამართლიანობა-უსამართლობაზე...

დიალოგი ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს შორის პრაქტიკულად დევნილთა განსახლების პროცესში არსებულ დარღვევებზე პასუხისმგებელ მხარეთა გაკრიტიკების შემდეგ დაიწყო. ქართული სამოქალაქო სექტორის კრიტიკის ობიექტი, საქართველოს მთავრობის, კერძოდ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა სამინისტროს გარდა, გაეროც იყო. არასამთავრობოთა შეფასებით, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი დევნილთა ძალადობრივი გზით გასახლების პროცესში საქართველოს მთავრობის მხარდამჭერად წარმოჩნდა. იგულისხმება გაეროს ლტოლვილთა კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის 2 თებერვლის განცხადება, რომელშიც დევნილთა განსახლების პროცესი დადებითადაა შეფასებული და აღნიშნულია, რომ ეს პროცესი 2011 წლის იანვარში გაცილებით უკეთ წარიმართა, ვიდრე 2010 წლის ზაფხულში.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული რეკომენდაციების ჩამონათვალში პირველი ადგილი სწორედ განსახლების პროცესის კანონის ჩარჩოში მოქცევის საკითხს დაეთმო. კერძოდ, არასამთავრობოების აზრით, აუცილებელია სამართლებრივ დოკუმენტად გარდაიქმნას, იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, დევნილთა სხვა საცხოვრებელში გადაყვანის სტანდარტული ოპერაციული პროცედურა, ეგრეთ წოდებული სოპი:
კავკასიის ქალთა ქსლის ხელმძღვანელი ნინო ციხისთავი

”ჩვენ მოვითხოვთ, რომ შეწყდეს გამოსახლება, სანამ ჩვენ ერთობლივად არ მივიღებთ მონაწილეობას და არ გარდავქმნით დოკუმენტს სამართლებრივ დოკუმენტად, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს გავასაჩივროთ და სასამართლოში ვიმსჯელოთ უკვე გამოსახლების სამართლიანობა-უსამართლობაზე... და არა ამ ფორმით და ამ შედეგებით, როგორც აქამდე განხორციელდა”, - კავკასიის ქალთა ქსლის ხელმძღვანელის ნინო ციხისთავის ნათქვამს დავძენთ, რომ დევნილებისთვის სასამართლოს ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას შეეხება რიგით მეორე რეკომენდაცია, მესამეა სოციალურად დაუცველთა ქულის გაზრდა თავშესაფრის ქულის ხარჯზე.
„გლუკი“ ამბობს, რომ მე ვეხმარები სამინისტროს და საქართველოს მთავრობას. ჩვენ გვინდა „გლუკის“ მეშვეობით მოვახდინოთ გავლენა სამინისტროზე და მთავრობაზე. ...

არასამთავრობოები მოითხოვენ ასევე: დევნილთათვის განკუთვნილი შემწეობისა და სოციალურად დაუცველის სტატუსის შემწეობათა ერთდროული მიღების უფლების განსაზღვრას, სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში ცვლილებების შესატანად სამუშაო ჯგუფის შექმნას, დევნილებთან მიმართებაში გადაწყვეტილების მიღების გამჭვირვალობას და სხვა. დოკუმენტში, რომელიც აღწერილობითი ხასიათის სქელტანიანი პაკეტია, სულ შვიდი ძირითადი რეკომენდაციაა გაწერილი. გაეროს ლტოლვილთა კომისარიატს ამ შემთხვევაში შუამავალი რგოლის ფუნქცია ეკისრება დევნილთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის.
"ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" თავმჯდომარე ლია მუხაშავრია

”ჩვენ ამჯერად გვაქვს დიალოგი მხოლოდ „გლუკთან“. მაგრამ „გლუკი“, ცხადია, არ არის მხარე. ის ამბობს, რომ მე ვეხმარები სამინისტროს და საქართველოს მთავრობას. ჩვენ გვინდა „გლუკის“ მეშვეობით მოვახდინოთ გავლენა სამინისტროზე და მთავრობაზე. ეს არის ჩვენი ამოცანა”, - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” თავმჯდომარე ლია მუხაშავრია.

პირველი დიალოგი არასამთავრობო ორგანიზაციებთან გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის - იმავე „გლუკის“ - საქართველოს წარმომადგენლობაში 9 მარტს გაიმართა. სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდა, მომზადებულიყო დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების პაკეტი. პაკეტი, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის გარდა, გადაეგზავნათ ასევე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს.
XS
SM
MD
LG