Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეაიარაღებს თუ არა საერთაშორისო საზოგადოება ლიბიის ოპოზიციას


ლიბია
ლიბია
შეერთებული შტატები და ბრიტანეთი არ გამორიცხავენ სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას ლიბიელი მეამბოხეებისათვის, რომლებიც მუამარ კადაფის გადაყენებას ესწრაფვიან. ამაზე ორი ქვეყნის ლიდერებმა ლონდონში მიმდინარე ნატოსა და არაბული ლიგის კონფერენციაზე მიანიშნეს. თუმცა აღნიშნულ კონფერენციაზე არანაირი შეთანხმება არ მიუღიათ ლიბიის ოპოზიციის იარაღით დახმარებაზე, რის მიმართაც საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულება საკმაოდ წინააღმდეგობრივია.
მე არც გამოვრიცხავ ამას და არც მის ინიცირებას ვახდენ. ჩვენ ჯერ კიდევ იმის შეფასებაში ვართ, თუ რის გაკეთებას აპირებენ კადაფის მომხრე ძალები...

ალყა სულ უფრო და უფრო ვიწროვდება მუამარ კადაფის ირგვლივ, რომელიც ქვეყანას რკინის ხელით მართავს 40 წლის განმავლობაში, და საერთაშორისო კოალიციის იერიშები აიძულებს მას ბოლოს და ბოლოს დატოვოს პოსტი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „ენ-ბი-სისათის“ მიცემულ ინტერვიუში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, განაცხადა. რაც შეეხება ლიბიის ოპოზიციისათვის საბრძოლო იარაღის შესაძლო მიწოდებას, ობამა მხოლოდ ასეთი კომენტარით შემოიფარგლა:

„მე არც გამოვრიცხავ ამას და არც მის ინიცირებას ვახდენ. ჩვენ ჯერ კიდევ იმის შეფასებაში ვართ, თუ რის გაკეთებას აპირებენ კადაფის მომხრე ძალები.“
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა

ობამას ამ კომენტარს დღეს გამოხმაურება მოჰყვა ლონდონში. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა კანონმდებლებთან საუბარში განაცხადა, რომ ლიბიის ოპოზიციისათვის საკუთარი თავის დაცვაში მხარდაჭერა არ ეწინააღმდეგება ლიბიისათვის დაწესებული იარაღის ემბარგოს:

„იარაღის ემბარგო მთელი ლიბიის ტერიტორიაზე ვრცელდება, მაგრამ, ამავე დროს, გაეროს უშიშროების საბჭოს N1973 რეზოლუცია სამოქალაქო პირებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად ყველა შესაძლებლობის გამოყენების ნებას იძლევა, რაც, ჩვენი აზრით, არ უნდა გამორიცხავდეს საგანგებო შემთხვევაში დახმარების აღმოჩენას მათთვის, ვინც სამოქალაქო მოსახლეობას იცავს. თუმცა, როგორც ადრე მოვახსენე საკანონმდებლო ორგანოს, ჩვენ ამას არ გამოვრიცავთ, მაგრამ არც რაიმე გადაწყვეტილება მიგვიღია ამის თაობაზე.“
ჩვენ ლიბიაში ვიმყოფებით ხალხის დასაცავად და არა ხალხის შესაიარაღებლად...

თუმცა ლიბიის გაურკვეველი შემადგენლობის მეამბოხე ძალების შეიარაღების იდეა აზრთა სხვადასხვაობას იწვევს ნატოს შიგნით, რომელმაც ოფიციალურად იტვირთა ლიბიაში მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციის ხელმძღვანელობა. 30 მარტს ალიანსის გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა, უარყო ლიბიის ოპოზიციის შეიარაღების განზრახვა.

„ჩვენ ლიბიაში ვიმყოფებით ხალხის დასაცავად და არა ხალხის შესაიარაღებლადო“, - განაცხადა რასმუსენმა „სკაი ნიუსთან“ ინტერვიუში.

სამხედრო აღჭურვილობით ლიბიის ოპოზიციის შესაძლო დახმარების კატეგორიული წინააღმდეგია რუსეთი, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ლიბიის ოპოზიციის შეიარაღება სცდება გაეროს მანდატს. ამასთან, ლავროვმა კვლავ მოუწოდა მუამარ კადაფის დატოვოს პოსტი და შესაძლებლობა მისცეს ლიბიელ ხალხს, თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG