Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა აჩვენა კვლევამ ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში


სამოქალაქო განვითარების სააგენტოს დირექტორი ზვიად დევდარიანი
სამოქალაქო განვითარების სააგენტოს დირექტორი ზვიად დევდარიანი
სამოქალაქო განვითარების სააგენტომ (CIDA), პროექტ „მულტიეთნიკური ნდობის მშენებლობის ქსელის“ ფარგლებში, კვლევა ჩაატარა ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში. კვლევის შედეგებმა მოიცვა ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ადგილობრივი მოსახლეობის ნდობა სხვადასხვა ინსტიტუციისა და სახელმწიფოების მიმართ, ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ხელშემშლელი და ხელშემწყობი ფაქტორები, სოციალური აქტივობის დონე და სხვა.
ყველაზე დიდი პრობლემები რჩება განათლებაში. ასევე პრობლემაა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის დაბალი დონე...

ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის საზღვრისპირა მხარეებს საქართველოს მთელი ტერიტორიის 18 პროცენტი უკავია. ამასთან, ქვემო ქართლში ეთნიკურ უმცირესობათა წილი 55 პროცენტს შეადგენს, სამცხე-ჯავახეთში კი - 57-ს. ზაურ ხალილოვი, „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი, კარგად იცნობს ამ რეგიონების პრობლემებს, რომელთა დიდი ნაწილი ინტეგრაციის დაბალ დონეს, სახელმწიფო ენის უცოდინრობასა და დაბალ სოციალურ აქტივობას უკავშირდება:

„ყველაზე დიდი პრობლემები რჩება განათლებაში. ასევე პრობლემაა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის დაბალი დონე.“

პრობლემათა რიგს განეკუთვნება რეგიონების დაბალი ეკონომიკური აქტივობაც, რის მიზეზადაც ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი დავით ნარმანია ინფრასტრუქტურულ ფაქტორს ასახელებს, თუმცა იქვე შენიშნავს, რომ ვითარებიდან გამოსავალიც არსებობს.
ეკონომიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი დავით ნარმანია

„ბოლო დრომდე ეს რეგიონები უგზოობისა თუ სხვა სახის ტექნიკური პრობლემების გამო იყვნენ მოწვეტილი ეკონომიკურად მეტად აქტიურ რეგიონებსა და დედაქალაქს. ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის, საგზაო ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის განვითარება - ეს სამი მიმართულება ხელს შეუწყობს ამ რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას“, - უთხრა დავით ნარმანიამ რადიო თავისუფლებას.

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ხელისუფლებაც, რომლის ძალისხმევამ, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გარკვეული პოზიტიური შედეგი უკვე გამოიღო. სააგენტოს დირექტორის ზვიად დევდარიანის თქმით, კვლევის კითხვარი 100-ზე მეტი კითხვისგან შედგებოდა და მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა განათლება, კანონის უზენაესობა და ნდობა საკუთარი და მეზობელი სახელმწიფოებისადმი. ზვიად დევდარიანის თქმით, განსაკუთრებით საყურადღებო აღმოჩნდა ნდობასთან დაკავშირებული კვლევა:
საქართველოს სახელმწიფოსადმი ნდობის მაჩვენებელი დიდად არ შეცვლილა...

„ძალიან დიდი პროცენტით კლებულობს ნდობა ზოგადად სხვა სახელმწიფოების მიმართ. მართალია, ეს მაჩვენებელი მაინც მაღალია (ჯავახეთში სომხეთის მიმართ - 35 პროცენტი, დაახლოებით ამდენივე ქვემო ქართლში - აზერბაიჯანის მიმართ), მაგრამ თუ შევადარებთ ორი წლისწინანდელ კვლევას, მაშინ ვნახავთ, რომ ნდობის მაჩვენებლი იყო 70 პროცენტი. ერთი სიტყვით, ძალიან დიდი კლებაა. საქართველოს სახელმწიფოსადმი ნდობის მაჩვენებელი დიდად არ შეცვლილა, მაგრამ სხვების მიმართ დაკლება იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა კრიტერიუმებით მყარდება ნდობა სახელმწიფოს მიმართ.“

ამასთან, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები მოქალაქეების დიდი ნაწილი - დაახლოებით 90 პროცენტი - მიიჩნევს, რომ აუცილებელია სახელმწიფო ენის ცოდნა, რომელიც, გამოკითხვის მიხედვით, გამოადგებათ როგორც დასაქმებისთვის, ასევე ინფორმაციისა და განათლების მისაღებად. საყურადღებოა ისიც, რომ მნიშვნელოვნად, 40 პროცენტამდეა გაზრდილი ქართული ენის მცოდნეთა რაოდენობაც. სახელმწიფო ენისადმი ამგვარად შეცვლილ დამოკიდებულებას პრეზიდენტთან არსებული სამოქალაქო ინტეგრაციის საბჭოს თავმჯდომარე თამარ კინწურაშვილი მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად მიიჩნევს.
სამოქალაქო ინტეგრაციის საბჭოს თავმჯდომარე თამარ კინწურაშვილი

„კვოტირების სისტემის შემოღებამ უმაღლესი განათლების სისტემაში იქონია ძლიერი მასტიმულირებელი ეფექტი. თუ ჩვენ შევადარებთ 2008 და 2010 წლის მონაცემებს, 300 პროცენტიან ზრდას მივიღებთ. ვფიქრობ, რომ მომავალში ეს მონაცემი გაიზრდება. ეს არის ინდიკატორი იმისა, რომ ამ ადამიანებს არ მოუწევთ საქართველოს დატოვება უმაღლესი განათლების მისაღებად და ისინი საკუთარ მომავალს საქართველოს უკავშირებენ“, - უთხრა თამარ კინწურაშვილმა რადიო თავისუფლებას.

თუმცა ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი აქვს ექსპერტთა ერთ ნაწილს. არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენელი ალექსანდრა კალატოზიშვილი ამბობს, რომ ხშირად სტუმრობს აღნიშნულ რეგიონებს, თუმცა რამე სახის რადიკალური ცვლილებები, ენის ცოდნისა და სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობის თვალსაზრისით, არ შეუნიშნავს. ალექსანდრა კალატოზიშვილი იმედოვნებს, რომ კვლევის ავტორებისგან გამოკითხვის მეთოდოლიგიის შესახებ მეტ ინფორმაციას მიიღებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG