Accessibility links

პოლიტიკა
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ჩინეთს უნდა, სათავისოდ გამოიყენოს დაძაბულობა აშშ-სა და ევროპას შორის

ჩინეთს უნდა, სათავისოდ გამოიყენოს დაძაბულობა აშშ-სა და ევროპას შორის


(მარცხნიდან მარჯვნივ) საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი და ევროკომისიის ხელმძღვანელი, ურზულა ფონ დერ ლაიენი. პარიზი, 2024 წელი.
(მარცხნიდან მარჯვნივ) საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი და ევროკომისიის ხელმძღვანელი, ურზულა ფონ დერ ლაიენი. პარიზი, 2024 წელი.

ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის უთანხმოებებში პეკინი საკუთარ სარგებელს ეძებს. ექსპერტები ამბობენ, რომ ევროპამ და ჩინეთმა შეიძლება მართლაც უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ. ოღონდ ეს მყისიერად არ მოხდება.

ის, თუ როგორ დამყარდება უკრაინაში მშვიდობა, მხოლოდ აშშ-ის და რუსეთის გადასაწყვეტი არ არის, - თქვა 6 მარტს ლუ შაემ, ჩინეთის მრჩეველმა ევროპის საკითხებში.

მან დაამატა, რომ მოლაპარაკებებში ევროპული ქვეყნებიც უნდა ჩაერთონ და ის გაოგნებულია ევროპასთან მიმართებით დონალდ ტრამპის “თავხედური და დომინაციური პოლიტიკით”.

ევროპელები “უნდა დაფიქრდნენ ამაზე და შეადარონ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა ჩინეთის მთავრობის პოლიტიკას. ისინი დაინახავენ, რომ ჩინეთის დიპლომატიური მიდგომა აქცენტს აკეთებს მშვიდობაზე, მეგობრობაზე, კეთილმოსურნეობასა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე”, - ციტირებს ლუ შაეს ჰონგკონგური გამოცემა South China Morning Post-ი.

ლუ შაეს ხისტი დიპლომატის რეპუტაცია აქვს. 2023 წელს მან ეჭვქვეშ დააყენა ყოფილი საბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტი და თქვა, რომ მათ “არ აქვთ რეალური სტატუსი საერთაშორისო სამართალში”.

ლუ შაე, ჩინეთის მრჩეველი ევროპის საკითხებში. 2019 წელი
ლუ შაე, ჩინეთის მრჩეველი ევროპის საკითხებში. 2019 წელი

ის თანამდებობაზე სულ ახლახან, თებერვალში დაინიშნა. იქამდე ელჩი იყო საფრანგეთში, რომელთანაც ევროკავშირის ბევრი სხვა წევრისგან განსხვავებით, ჩინეთს სტაბილურად კარგი ურთიერთობა აქვს.

ჩინეთი და ევროპა ურთიერთობას არკვევენ

ლუ შაე ახალ საქმიანობას ჩინეთისთვის ძალიან მნიშვნელოვან მომენტში შეუდგა.

თეთრ სახლში 20 იანვარს დაბრუნებულმა დონალდ ტრამპმა, როგორც ჩანს, რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვა დაიწყო.

ამასთან, მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის “დიქტატორი” უწოდა, ევროკავშირს კი ტარიფების გაზრდით დაემუქრა.

ტრამპს საკუთარი ხედვა აქვს იმაზეც, თუ როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი. თებერვალში, აშშ-ის დელეგაცია რუსეთისას ერთი ერთზე შეხვდა, უკრაინისა და ევროკავშირის წარმომადგენლების გარეშე.

ბრიუსელში ეს ყველაფერი ძალიან არ მოსწონთ, პეკინში კი ვითარებას ყურადღებით აკვირდებიან.

ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ ჩინეთი ახლა ეძებს გზებს, როგორ გამოიყენოს სათავისოდ აშშ-სა და ევროკავშირს შორის გაჩენილი დაძაბულობა.

ლუ შაემ ფაქტობრივად გაიმეორა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის სიტყვები.

თებერვალში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ვან იმ თქვა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში უნდა მონაწილეობდეს ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის ევროპელები.

ვან ი მიუნხენში შეხვდა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მეთაურ კაია კალასს, გერმანიის წარმავალ კანცლერ ოლაფ შოლცსა და ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტეს.

თებერვალშივე, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა გამოცემა Financial Times-ს უთხრა, რომ “ევროპამ თავად უნდა გადაწყვიტოს”, როგორი ურთიერთობა სურს ჩინეთთან და აღარ იხელმძღვანელოს აშშ-ის ინტერესებით.

ჩინეთი სარგებელს ეძებს

“პეკინი რომ ვყოფილიყავი, ევროპელებს იმას ვეტყოდი, რის გაგონებაც უნდათ… რომ ევროპა და კიევი უნდა იყვნენ [მოლაპარაკებათა] მაგიდასთან და განიხილავდნენ უკრაინის მომავალს”, - უთხრა რადიო თავისუფლების ინგლისურენოვან სამსახურს ჟუჟა ანა ფერენციმ, ევროპარლამენტის ყოფილმა მრჩეველმა.

მისი თქმით, პეკინი ახლა ნიადაგს სინჯავს და ბრიუსელს სიგნალს უგზავნის, რომ მზადაა ურთიერთობების გალღობისთვის.

2 მარტს, South China Morning Post-მაც დაწერა, რომ ჩინეთს ახალი შესაძლებლობები უჩნდება, რათა იხეიროს აშშ-სა და ევროპას შორის შექმნილი დაძაბულობით.

ერთ-ერთი ინტერესი შეიძლება იყოს ომის შემდეგ უკრაინის აღდგენა და ევროკავშირთან ერთად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა.

თუმცა პეკინი და ბრიუსელი მყისიერად ალბათ არ დაახლოვდებიან, - ამბობს ენდრიუ სმოლი, ევროკომისიის ყოფილი მრჩეველი ჩინეთის საკითხებში.

“ჩინეთმა რა შეთავაზებაც არ უნდა გააკეთოს, მას სკეპტიციზმით შეხვდებიან. მაგრამ პეკინს ჰგონია, რომ ამ პირველი ფაზის გადაგორების შემდეგ, [ევროპასთან დაახლოების] შესაძლებლობებს მაინც გამონახავს. განსაკუთრებით, თუკი [აშშ] ტარიფებს შემოიღებს”, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

ჩინეთი ღელავს აშშ-რუსეთის დაახლოების გამოც

იანვარში, რადიო თავისუფლება უკვე წერდა, რომ ჩინეთი “აღელვებული” იყო აშშ-რუსეთის ურთიერთობების გადატვირთვით.

“პეკინში შიშობენ, რომ თუ ტრამპი რუსეთისათვის დაწესებულ სანქციებს გააუქმებს, მაშინ მოსკოვის დამოკიდებულება ჩინეთზე შემცირდება“, - თქვა დენის უაილდერმა, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის ყოფილმა მრჩეველმა.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და დასავლეთმა მას სანქციები დაუწესა, ჩინეთმა რუსეთთან ვაჭრობა საგრძნობლად გაზარდა.

2024 წელს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობამ 245 მილიარდი დოლარი შეადგინა. თუმცა ეს მაინც ნაკლებია, ვიდრე რუსეთ-ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა 2021 წელს - 270 მილიარდი.

ჩინეთთან ვაჭრობის გაზრდა რუსეთისთვის “იძულებითი ნაბიჯი იყო” და ის ნამდვილად დაინტერესებული იქნება საკუთარი ეკონომიკის დივერსიფიკაციით, - უთხრა ვენის საერთაშორისო ეკონომიკური ინსტიტუტის მკვლევარმა ვასილი ასტროვმა “ფაინენშალ ტაიმსს”.

ფორუმი

XS
SM
MD
LG