და გააგრძელა:
„რათა ადამიანის ღირსება, პირადი ცხოვრება იყოს დაცული, ადამიანის შეურაცხყოფა იყოს დასჯადი იმ მიზნით, რომ ადამიანები დავიცვათ“, - მიმართა მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, არჩილ გორდულაძეს და ისიც დაამატა, რომ „დღეს ტელევიზიასთან, რადიოსთან შედარებით, საზოგადოებრივ აზრზე გაცილებით მეტი გავლენა შეიძლება მოახდინოს სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ინფორმაციამ“.
- რას გულისხმობდა კონკრეტულად სოზარ სუბარი „სფეროს რეგულირებაზე“ ლაპარაკისას?
- შესაძლებელია, პარლამენტის დარბაზში ნათქვამი ეს ფრაზა საკანონმდებლო ინიციატივად იქცეს?
- თუ კი, სოციალურ ქსელებში ქცევა და გამოხატვის ფორმა სახელმწიფომ უნდა აკონტროლოს?
გვინდოდა ამ და კიდევ სხვა კითხვებზე პასუხი თავად სოზარ სუბარისგან მოგვესმინა, მაგრამ მან ჩვენს სატელეფონო ზარებსა და მესიჯებს არ უპასუხა. „ხალხის ძალის“ აპარატის თანამშრომელმა კი გვითხრა, რომ პარლამენტარი „დღეს ლაპარაკს ვერ შეძლებს“.
თუკი ჩვენ ამ კითხვებზე პასუხს მოგვიანებით მაინც მივიღებთ, გამოვაქვეყნებთ.
ეს იქნება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა
„რომ არ უარესდებოდეს ყოველდღიურად ამ ქვეყანაში დემოკრატიის ნარჩენები, რა თქმა უნდა, სოციალური ქსელების რეგულირებაზე საუბარი ლეგიტიმური იქნებოდა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „ჯეოფაქტს.ჯი“-ს რედაქტორი მარიამ წიწიკაშვილი, და აი, რას გულისხმობს:
„ევროკავშირში არსებობს „ციფრული სერვისების აქტი“, რომლის მიზანიცაა, სოციალური ქსელები გახადოს უფრო უსაფრთხო, მაგალითად, ციფრულ სივრცეში დაიცვას არასრულწლოვანები, პლატფორმებზე არ მოხვდეს არალეგალური მასალები, პლატფორმები იყვნენ ანგარიშვალდებულები, რომ ყურადღება დაუთმონ მათ სივრცეში საზიანო მასალების გავრცელების პრევენციას. ამ აქტის ადრესატები არიან სოციალური ქსელების პლატფორმები და არა ადამიანები“.
მარიამ წიწიკაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, სოციალურ ქსელებზე რეგულაციების დაწესების ინიციატივა აჩენს რეალურ მოლოდინს, რომ ქვეყანაში საფრთხის წინაშე დადგება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება:
„თუკი ამის გაკეთებას ნამდვილად გადაწყვეტენ, ეს იქნება სოციალურ ქსელში გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი რეგულირების მიღება, რომლის მიზანი და მოტივია, რომ მსუსხავი ეფექტით გააჩუმოს ადამიანები, წაართვას სურვილი, ღიად დააფიქსიროს საკუთარი აზრი. სოციალური ქსელის მსგავს რეგულაციაში მოქცევა, კიდევ უფრო მეტად შეზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას“, - ამბობს მარიამ წიწიკაშვილი.
მისი თქმით, დღეს, რთულ მდგომარეობაში მყოფი მედიაგარემოს ფონზე, სოციალური ქსელია ის ალტერნატიული სივრცე, სადაც ინფორმაცია ვრცელდება თავისუფლად და მაქსიმალურად ფართოდ:
„ტელევიზიების შემთხვევაში ვხედავთ, რომ მათ აქვთ უმძიმესი ფინანსური პრობლემები. ონლაინმედია, რომელიც უმეტესწილად დამოკიდებული იყო საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან დახმარებასა და გრანტებზე, სერიოზული პრობლემების პირისპირ აღმოჩნდა. ამის პარალელურად მედიას უწესდება ახალი და ახალი რეგულაციები.
ბოლო მაგალითითაც რომ ვიმსჯელოთ, ჩვენ კარგად ვნახეთ, რა როლი შეასრულა სოციალურმა ქსელმა გურიაში დიდთოვლობის დროს. სწორედ სოციალური ქსელის საშუალებით გავიგეთ, რა სიტუაცია იყო იქ რეალურად. სწორედ ასეთი ინფორმაციის ჩასახშობადაც შეიძლება იყოს გამოყენებული ის ინიციატივა, რაზეც სოზარ სუბარმა განაცხადა. რაზეც „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ასევე მამუკა მდინარაძე საუბრობდნენ, რომ თითქოს სოციალურ ქსელებში ადამიანები ყალბ ინფორმაციას ავრცელებდნენ და ამით ხელს უწყობდნენ სიტუაციის დაძაბვას“.
ჯარიმები და გამოკითხვები სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო
ბოლო წლების ქართულ მართლმსაჯულებაში არსებობს მაგალითები, როდესაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო მოქალაქეებს სამართლებრივი პასუხისმგებლობები დაეკისრათ ან გამოკითხვაზე დაიბარეს.
#1
მაგალითად, 2022 წელს, ფეისბუკში გამოქვეყნებული სტატუსის გამო ბათუმის რაიონულმა სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო კაცი, რომელმაც სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე, მეგობრებისთვის, გააზიარა პოსტი, სადაც გააკრიტიკა და უცენზურო სიტყვებით მოიხსენია პოლიციის თანამშრომლები. მას 2500-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
სასამართლომ კაცი სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. სასამართლომ გადაწყვეტილების გამოცხადების დროს განმარტა, რომ სოციალური ქსელი, მათ შორის ფეისბუკი, წარმოადგენს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილს და ნებისმიერ პირს აქვს ვალდებულება, დაიცვას საზოგადოდ მიღებული ეთიკისა და ზნეობის ნორმები.
#2
2022 წლის მიწურულს, კიდევ ერთი სამართალდამრღვევი პოლიციამ Tik-Tok-ზე გამოქვეყნებული ვიდეოს საფუძველზე გამოავლინა. ერთ-ერთი კომპანიის კურიერმა, ირაკლი მილაძემ, 2022 წლის 6 დეკემბერს ვიდეო ჩაწერა, სადაც ჰყვებოდა, რომ თბილისში, ავტობუსის ზოლში ბევრი მანქანა დადის, პოლიცია კი მათ შერჩევითად აჯარიმებს. მან სატრანსპორტო პოლიტიკის გამო თბილისის მერი, კახა კალაძე გააკრიტიკა და აგინა. ვიდეოს კი ე.წ. გაფრთხილება წაუმძღვარა: „ვისაც გინების მოსმენა არ გსურთ, არ უყუროთ და არ უსმინოთ“.
ირაკლი მილაძის თქმით, ვიდეოს ჩაწერიდან რამდენიმე დღეში, მასთან ქუჩაში უფორმო პოლიციელები მივიდნენ, მანქანაში ჩასვეს, გინების გამო პასუხი მოსთხოვეს და სცემეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი მილაძე ჯერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საფუძველზე დააჯარიმა 2000 ლარით. ერთ თვეში კი ამ ჯარიმას მეორე 2000-ლარიანი ჯარიმაც დაემატა, ამჯერად Tik-Tok-ზე გამოქვეყნებული ვიდეოს გამო.
#3
2022 წელს გამოკითხვაზე დაიბარეს სამოქალაქო აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი. გამოკითხვაზე დაიბარეს ტელეკომპანია „ფორმულის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და წამყვანი მიშა მშვილდაძეც.
ზუკა ბერძენიშვილის ფეისბუკპოსტში უსაფრთხოების სამსახურმა სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოწოდების ნიშნები დაინახა.
მიშა მშვილდაძე კი იმიტომ აღმოჩნდა გამოკითხვაზე, რომ სოციალურ ქსელში ის უკრაინის შესახებ პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა და დაწერა: „ასეთი აზრი მაქვს დიდი ხანია, ორი დიდი აქციით საკითხის გადაწყვეტის ამბავი: იკრიბება დიდი აქცია შაბათს და ამბობს, რომ ხვალ დილამდე ღარიბაშვილი უნდა იყოს გადამდგარი, თორემ ხვალ ზუსტად ეს იგივე ხალხი შევიკრიბებით და დავლეწავთ კანცელარიას.... არ გადადგება და უნდა შევიკრიბოთ და დავლეწოთ. სულ ესაა“.
#4
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო დაეკისრა 2000-ლარიანი ჯარიმა ქეთევან გაბიანს. თუმცა, ამ შემთხვევაში, მის წინააღმდეგ საქმე აღძრული იყო არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, არამედ სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, რაც მუქარას გულისხმობს. ქეთევან გაბიანს მაშინდელმა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა უჩივლა.
„დღეს გეტყვიან, რომ არ უნდა შეიგინო. ხვალ გეტყვიან, რომ ზოგადად ცუდი სიტყვა არ უნდა გამოიყენო, მერე გეტყვიან, რომ დასაბუთებული კრიტიკა თუ არ გაქვს, ხმა არ უნდა ამოიღო. სწორედ ამ გზას გადიან ავტორიტარული რეჟიმები. ცარიელი ფურცლის გამო ადამიანის დაჭერა მეტი რა არის? იმის ჩვენება, რომ უთქმელად რასაც ფიქრობ, ამის გამოც შემიძლია დაგაკავო“, - ამბობს „დემოკრატიის მცველების“ თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე.
რამდენიმე ინიციატივა, როდესაც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხე გაჩნდა
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, „აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია“. კონსტიტუციური სტანდარტის ფარგლებში დაცულია, მათ შორის, აღმაშფოთებელი ან/და უმრავლესობისთვის მიუღებელი აზრის გამოხატვა.
მიუხედავად ამისა, ბოლო წლებში მოქმედი ხელისუფლებისა თუ მათი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ხშირად მსჯელობენ გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნაზე. მაგალითად, ასეთი ინიციატივებია რელიგიური გრძნობების ან, ზოგადად, შეურაცხყოფის, ცილისწამების დასჯის ან რეგულაციების გამკაცრება.
- 2013 წელს, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტი განიხილავდა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესების საკითხს. მათ შორის, მაშინ, როდესაც ადამიანი „თავისი განცხადებით ან ქმედებით რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის ან მორწმუნის მიმართ სიძულვილს საჯაროდ გამოხატავდა, რაც მიზნად ისახავდა მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას“, ან საჯარო გამოხატვაში „ჩანდა რელიგიური შუღლი და სიძულვილი ან შეიცავდა საჯარო მოწოდებას ამგვარი ქმედებისკენ“.
- 2015 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, პარლამენტმა ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების კრიმინალიზება მოახდინა. ნორმის თავდაპირველი ვერსია ძალიან ფართო იყო და მნიშვნელოვნად აკნინებდა გამოხატვის თავისუფლების არსებულ სტანდარტს.
- 2016 წელს საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიამ ცილისწამებისა და შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის აღდგენის მოთხოვნით საქართველოს პარლამენტს მიმართა. საკანონმდებლო წინადადებას კანონის სახე არ მიუღია. ცილისწამების დეკრიმინალიზება საქართველოში 2004 წელს მოხდა, რაც დარგის სპეციალისტების მხრიდან, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით მნიშვნელოვან მიღწევად ითვლება.
- 2017 წელს „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი იუსტიციის იმჟამინდელი საბჭოს წევრი, ევა გოცირიძე, წინადადებით გამოვიდა, რომ მოსამართლის მიმართ უნდა დადგენილიყო „დასაშვები კრიტიკის ფარგლები“, რათა სათანადოდ დაცული იყოს სასამართლოს ავტორიტეტი და მოსამართლეთა რეპუტაცია. ამ წინადადებას საკანონმდებლო ინიციატივის სახე არ მიუღია.
- 2018 წელს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, დეპუტატმა, ემზარ კვიციანმა. ეს ინიციატივა საზოგადოების კრიტიკის ფონზე კანონად არ ქცეულა.
- ამავე წელს, იმ დროისთვის „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა, ეკა ბესელიამ და ლევან გოგიჩაიშვილმა, პარლამენტში დაარეგისტრირეს საკანონმდებლო ინიციატივა. ეს დოკუმენტი ითვალისწინებდა სასამართლოს მიერ ისეთი შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვას, რომელიც ლახავს სხვა ადამიანის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, აღვივებს შუღლს... სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან უარყოფითი რეაგირების შემდეგ, ავტორებმა ეს ინიციატივა უკან გაიწვიეს.
- 2019 წელს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა (საშობაო ეპისტოლეში) დააფიქსირეს მოსაზრებები ცილისწამების და შეურაცხყოფის აღკვეთის მოტივით გამოხატვის თავისუფლებით დაცული სფეროს შეზღუდვასთან დაკავშირებით.
რუსული მაგალითები
დღეს, რუსეთის ციხეებში, სოციალურ სივრცეში გამოთქმული მოსაზრებისა და პოსტების გამო არაერთი ადამიანი იხდის სასჯელს. სიტუაცია განსაკუთრებით 2022 წლიდან, მას შემდეგ დამძიმდა, რაც რუსეთმა ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო უკრაინაში და სისხლის სამართლის კოდექსში შეიტანა ცვლილება, რომლის თანახმადაც დასჯადი გახდა რუსეთის ჯარის წინააღმდეგ ე.წ. ყალბი ინფორმაციის გავრცელება.
19 წლის სტუდენტი არხანგელსკიდან, ოლესია კრივცოვა 2023 წლის იანვრის დასაწყისში სასამართლომ შინაპატიმრობაში გაუშვა სოციალურ ქსელში, ინსტაგრამზე გამოქვეყნებული, ომის საწინააღმდეგო პოსტისა და რუსეთის არმიის დისკრედიტაციის ბრალდებით. მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.
სტუდენტმა, რომელიც რუსული უფლებადამცველი ორგანიზაციის „მემორიალის“ მიერ პოლიტპატიმრად იყო მიჩნეული, ქვეყნის დატოვება და ლიტვაში წასვლა უფლებადამცველების დახმარებით მოახერხა.
რუსეთის არმიის შესახებ სოციალურ ქსელში ყალბი ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით დააკავეს 35 წლის ვსევოლოდ კოროლიოვი. გამოძიების თანახმად, მან რუსულ სოციალურ ქსელში ВКонтакте გამოაქვეყნა ინფორმაცია რუსი ჯარისკაცების მოქმედებების შესახებ უკრაინის ქალაქებში, ბუჩაში, ბოროდიანკასა და დონეცკში.
ჟურნალისტ მარია პონომარენკოს კი სასამართლომ ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯა ტელეგრამარხზე გამოქვეყნებული პოსტის გამო, სადაც ის მარიუპოლში თეატრის დაბომბვის შესახებ წერდა. სასამართლომ მას ასევე ხუთი წლით აუკრძალა ჟურნალისტური საქმიანობა.
მოსკოვის სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა პანკჯგუფ Pussy Riot-ის წევრსა და აქტივისტს ლიუსია შტეინს, რომელიც ბრალდებულია რუსეთის არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელებაში. აქტივისტის წინააღმდეგ საქმის აღძვრის მიზეზი გახდა მისი კომენტარები ტვიტერში (პლატფორმა X-ზე), რომელიც მან 2022 წლის 27 მარტს დაწერა. ამ დღეს შტეინმა სოციალურ ქსელში მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში ინტერნეტში გამოქვეყნებული ვიდეოს შესახებ.
მანამდე, მოსკოვის სასამართლომ Pussy Riot-ის კიდევ ერთ წევრსა და „მედიაზონის“ ყოფილ გამომცემელს, პიოტრ ვერზილოვს, დაუსწრებლად მიუსაჯა რვა-ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა რუსული არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელების ბრალდებით.
საქმე აღიძრა ბუჩაში მომხდარი მკვლელობების შესახებ ტვიტერზე (ამჟამად X) და ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ოთხი პოსტის გამო. გამომძიებლების თქმით, პუბლიკაციები შეიცავს აზრს, „რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სოციალური დაძაბულობის არაგონივრული ზრდა და ზიანი მიაყენოს რუსეთის ინტერესებს“.
ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ საქმეებისა, რომლებიც რუსეთში, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო აღიძრა და რუსეთის ჯარის წინააღმდეგ ე.წ. ყალბი ინფორმაციის გავრცელების მუხლით (რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსში ეს მუხლი უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე, 2022 წლის მარტში შევიდა), სასამართლომ რუსეთის მოქალაქეები პატიმრობაში გაუშვა.
რამდენიმე დღის წინ კი, „როსკომნადზორმა”, რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა ორგანომ, რომელიც ასევე აკონტროლებს ინტერნეტში კანონის დაცვას, ტენდერი გამოაცხადა თანამშრომლებისთვის კიბერდაზვერვის ახალი უნარების შესწავლის მიზნით.
როგორც Forbes Russia წერს, „როსკომნადზორის“ თანამშრომლები სწავლების გავლის შემდეგ შეძლებენ სოციალური ქსელის მომხმარებლის ვინაობის, მისამართის, მდებარეობისა და სხვა პირადი ინფორმაციის დადგენას, მაგალითად, ე.წ. ნიკნეიმის, ფოტოს ან ავტომობილის ნომრის მიხედვით.
ასევე, „როსკომნადზორის“ თანამშრომლებს ახალი უნარებით აღჭურვის შემდეგ, ექნებათ შესაძლებლობა, შექმნან სოციალური მომხმარებლის „ქცევის პორტრეტი“ მისი პოსტების მიხედვით და შეაფასონ ამ მომხმარებელთან დაკავშირებული რისკები და სანდოობა.
ტრენინგის თემების სია ასევე შეიცავს „ადამიანის ემოციებზე ზემოქმედების ნიშნებისა და მეთოდების“ შესწავლას.
ინფორმაციის თანახმად, სწავლება 11-მა თანამშრომელმა უნდა გაიაროს, რაც, ექსპერტთა აზრით, ნიშნავს იმას, რომ ლაპარაკია სპეციალური განყოფილების შექმნაზე, რომლის მიზანიც იქნება იმ ინტერნეტმომხმარებლების გამოვლენა და მათზე თვალთვალის დაწესება, რომლებსაც „როსკომნადზორი“ „არასანდოდ“ მიიჩნევს.
რუსეთის ხელისუფლება უკვე დიდი ხანია ცდილობს ინტერნეტსივრცის რეგულირებას, ბლოკავს და აჯარიმებს იმ საიტებს, რომლებიც მათთვის არახელსაყრელ ინფორმაციას ავრცელებენ. ამ საიტებზე წვდომისათვის მომხმარებლები VPN-სერვისს (ვირტუალური კერძო ქსელი) იყენებენ, თუმცა, ხელისუფლება მათაც ბლოკავს.
მიმდინარე წელს, საქართველოში უწყვეტი პროტესტის პარალელურად, რომელიც გასული წლის 28 ნოემბრიდან მიმდინარეობს და რომელიც მოჰყვა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე შეაჩეროს ევროინტეგრაციის პროცესი, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა არაერთი კანონი გაამკაცრა. გაზარდა ადმინისტრაციული ჯარიმები, 15-დან 60 დღემდე გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა.
„ქართულმა ოცნებამ“ აკრძალა აქციებზე ნიღბების ტარება, ფეიერვერკის გამოყენება, ლაზერის მინათება. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სახელით ხელი მოაწერა დადგენილებას, რომლითაც ათეულობით საავტომობილო გზაზე აქციის გამართვა აიკრძალა.
ფორუმი