რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან სამი წლის შემდეგ, უკრაინა მთავარი მხარდამჭერის, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების გარეშე დარჩა.
3 მარტს, უსაფრთხოების მრჩევლებთან, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან და თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა.
„ბლუმბერგის“ თანახმად, ეს გადაწყვეტილება ეხება იმ შეიარაღებასაც, რომელიც აშშ-ს უკვე გაგზავნილი ჰქონდა, მაგრამ უკრაინაში ჯერ არ ჩაუღწევია.
ვაშინგტონში განმარტავენ, რომ ეს გადაწყვეტილება საბოლოო არაა და შეიცვლება იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ტრამპი ჩათვლის, რომ უკრაინის ხელისუფლებას „მშვიდობის მიღწევა“ სურს.
უმსხვილესი დონორი
„საშუალოდ წარმატებულმა კომიკოსმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაარწმუნა აშშ, რომ 350 მილიარდი დოლარი დაეხარჯა ომში, რომელშიც შეუძლებელია გამარჯვება და რომელიც საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო”, - დაწერა დონალდ ტრამპმა 19 თებერვალს თავისსავე სოციალურ ქსელ TRUTH-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტს „დიქტატორიც“ უწოდა.
ყველა შეფასების თანახმად, ტრამპის ნახსენები 350 მილიარდი დოლარი გადაჭარბებული რიცხვია. თებერვალში პენტაგონმა „ამერიკის ხმას“ აცნობა, რომ 2022 წლის თებერვლის შემდეგ აშშ-ის კონგრესმა უკრაინისთვის $183 მილიარდი გამოყო (აქ შედის დახმარების ის ნაწილიც, რომელიც უკრაინას ჯერ არ მიუღია).
ტრამპის გაზვიადების მიუხედავად, გასული სამი წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის მთავარი მხარდამჭერი იყო როგორც სამხედრო, ისე ფინანსური დახმარების კუთხით.
კილის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მონაცემებით, რომელიც უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების რაოდენობას ითვლის, აშშ-მა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინისთვის დაახლოებით $124 მილიარდი გაიღო.
აქედან 69 მილიარდი სამხედრო დახმარებაზე მოდის, 50 კი - ფინანსურზე.
შედარებისთვის, სამხედრო დახმარების თვალსაზრისით ამერიკის შემდეგ ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი გერმანიაა, რომელმაც $13,57 მილიარდი გამოყო.
ევროკავშირმა (ცალკეული წევრი სახელმწიფოებისგან დამოუკიდებლად) თითქმის $50 მილიარდის ფინანსური დახმარება გამოყო, თუმცა ბრიუსელს სამხედრო დახმარება საკუთარ თავზე არ აუღია - ამას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ინდივიდუალურად აკეთებენ.
ჯამში, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარება იმაზე მეტია, ვიდრე ყველა ევროპული სახელმწიფოსი ერთად აღებული.
თებერვალში ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინას 2022 წლის თებერვლის შემდეგ ომი $320 მილიარდი უჯდებოდა.
„აქედან $120 მილიარდი ჩვენგან, უკრაინელი ხალხისგან, გადასახადების გადამხდელებისგან მოდის და $200 მილიარდი აშშ-სა და ევროკავშირისგან“, - ამბობდა მაშინ უკრაინის პრეზიდენტი.
რა გავლენა ექნება ომზე ამერიკული დახმარების შეჩერებას?
იმის მიუხედავად, რომ ამ ეტაპზე უკრაინა ყველაზე მსხვილი საგარეო დონორის დახმარების გარეშე რჩება, ექსპერტები ფიქრობენ, რომ პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას მყისიერი შედეგი არ მოჰყვება.
„ექსპერტების უმეტესობის შეფასებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები შეძლებენ, სამხედრო ოპერაციების ამჟამინდელი ტემპი დაახლოებით ექვს თვეს შეინარჩუნონ“, - უთხრა რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივ პროექტს, Current Times-ს, დამოუკიდებელმა სამხედრო ანალიტიკოსმა იური ფედოროვმა.
ამერიკელი თავდაცვის ანალიტიკოსი, კარნეგის ფონდის უფროსი მკვლევარი, მაიკლ კოფმანი ამბობს, რომ უკრაინა დღეს ამერიკაზე იმაზე ნაკლებადაა დამოკიდებული, ვიდრე სრულმასშტაბიანი შეჭრის საწყის ეტაპზე იყო:
„ამჟამად ტრადიციული საარტილერიო ცეცხლი ნაკლებად მნიშვნელოვანია და ორ მხარეს შორის შედარებით თანასწორი მდგომარეობაა. აშშ-ის მიერ გასულ თვეებში გადაცემულ აღჭურვილობასთან ერთად, რაც გადაჭარბებით იყო მიწოდებული, ევროპელებს ამ წლის განმავლობაში უკრაინის შენახვა შეუძლიათ“, - დაწერა მან X-ზე.
ამას ისიც ემატება, რომ უკრაინის თავდასხმების 80% დრონებზე მოდის, რომლებსაც თითქმის მთლიანად თავად უკრაინელები აწარმოებენ, წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების უფროსი სერჟანტი იეგორ ფირსოვი.
ამის მიუხედავად, მაიკლ კოფმანი ვარაუდობს, რომ ტრამპის გადაწყვეტილების შედეგები დროსთან ერთად იჩენს თავს, რადგან გაურკვეველი მომავლის გამო, უკრაინელები, დიდი ალბათობით, ჭურვების გამოზოგვას დაიწყებენ, რაც რუსებს საჰაერო უპირატესობას მისცემს.
შეიარაღებასთან ერთად, აშშ-ის სამხედრო დახმარების მნიშვნელოვანი ასპექტი დაზვერვა და კომუნიკაციებია. ჯერჯერობით უცნობია, შეუწყვეტს თუ არა ამერიკა უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას და „სტარლინკზე“ წვდომას. „სტარლინკი“ სატელიტური ინტერნეტის სისტემაა, რომელსაც ილონ მასკის კომპანია SpaceX-ი ფლობს. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ის უკრაინული ჯარის კომუნიკაციის ძირითადი საშუალებაა.
რას იზამს ახლა ევროპა? ევროკავშირის დიპლომატები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ დიდი მნიშვნელობა ექნება, შეძლებენ თუ არა ისინი ამერიკისგან იარაღის ყიდვას და უკრაინისთვის გადაცემას.
„ევროპას ამჟამად უბრალოდ არ გააჩნია საკმარისი რესურსი, მაგრამ თუ კვლავ ექნება წვდომა ამერიკულ იარაღსა და ტყვია-წამალზე, მაშინ შეიძლება კარგად იყოს საქმე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ერთ-ერთმა მათგანმა.
დღეს, 4 მარტს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა ევროპის გადაიარაღების ხუთპუნქტიანი გეგმა წარადგინა, მაგრამ იქ მხოლოდ ევროპის თავდაცვაზეა ლაპარაკი და არა უკრაინაზე.
ევროპელი ლიდერები 6 მარტს შეიკრიბებიან ბრიუსელში და კოლექტიურ უსაფრთხოებაზე იმსჯელებენ.
ფორუმი