Accessibility links

პოლიტიკა
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
დატოვებს თუ არა აშშ ნატოს? ოფიციალური პირები ეჭვების გაქარწყლებას ცდილობენ

დატოვებს თუ არა აშშ ნატოს? ოფიციალური პირები ეჭვების გაქარწყლებას ცდილობენ


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი (მარჯვნივ) ესაუბრება ნატოს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს (ცენტრში) და ევროპაში ნატოს მოკავშირეთა ჯარების სარდალს ქრისტოფერ კავოლის, ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი (მარჯვნივ) ესაუბრება ნატოს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს (ცენტრში) და ევროპაში ნატოს მოკავშირეთა ჯარების სარდალს ქრისტოფერ კავოლის, ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე.

ეს უკვე გვინახავს - ნატოს მკვდრად ან მომაკვდავად გამოცხადება. ცოტა ხნის წინ ამერიკელმა რესპუბლიკელმა სენატორმა მაიკ ლიმ გამოაქვეყნა პოსტი X-ზე და თქვა: „დროა დავტოვოთ ნატო და გაერო“. ილონ მასკმა, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ახლო მოკავშირემ კი მოკლედ უპასუხა: „ვეთანხმები“.

ოფიციალური პირები ბრიუსელსა და სხვა დედაქალაქებში აღნიშნავენ, რომ მასკი ხშირად აზიარებს პოლიტიკურ მოსაზრებებს პლატფორმაზე, რომელსაც ის ფლობს, მაგრამ არ მონაწილეობს აშშ-ის პოლიტიკის ჩამოყალიბებაში, თუმცა სხვები აღიარებენ, რომ ტრამპთან სიახლოვე მას არაფორმალური გავლენის საშუალებას აძლევს ვაშინგტონის გარკვეულ კონსერვატიულ წრეებში.

მიუხედავად ამისა, ნატოს ოფიციალური პირები ბრიუსელის შტაბ-ბინაში ჯერჯერობით მოულოდნელ სიმშვიდეს ინარჩუნებენ. მათი პასუხი იმაზე, არის თუ არა ალიანსის დაღუპვა გარდაუვალი, კვლავაც მტკიცე „არაა“ ორი მიზეზის გამო: რიტორიკა ხშირად განსხვავდება მოქმედებისგან და ასევე განსხვავებაა ნატოს მოკავშირეებსა და ნატოში გაწევრიანების მსურველებს - განსაკუთრებით უკრაინას - შორის.

"ნუ მიაქცევთ ყურადღებას ხმაურს"

ავიღოთ პირველი მიზეზი. ჯერ კიდევ გასულ კვირას, ტრამპმა მორიგჯერ დაადასტურა თავისი ერთგულება ნატოს მე-5 მუხლის მიმართ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან ერთად.

ეს პოზიცია არაერთხელ გაიმეორა - როგორც საჯაროდ, ისე პირად საუბრებში - აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა თებერვალში ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დროს.

ამ შეხვედრებზე ის ევროპელ მოკავშირეებს მოუწოდებდა თავდაცვის ხარჯების გაზრდისაკენ, მაგრამ ყველამ, ვისაც ველაპარაკე, ბრიუსელში გამართულ დისკუსიებს კონსტრუქციული უწოდა.

„ოთახი არც ერთხელ არ დაუტოვებია, ისმენდა, სვამდა შეკითხვებს და აკეთებდა ჩანაწერებს. არ ჰგავდა მოკავშირის საქციელს, რომელიც გასვლას აპირებს“, მითხრა ნატოს ერთ-ერთმა ელჩმა.

ნატოს დიპლომატებს მუდმივად უწევთ დადგენა, თუ რა დგას სიტყვებს უკან. „ჩვენ უნდა გავარკვიოთ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი“, - თქვა ერთმა მაღალჩინოსანმა. „მაგრამ ასევე ვისწავლეთ ხმაურის იგნორირება და მოქმედებებზე დაკვირვება. ეს არის ერთგვარი "სტრატეგიული მოთმინება", რომელიც უნდა გამოვიჩინოთ“.

უკრაინის გაურკვეველი გზა

თუმცა უკრაინა სხვა საქმეა.

„უკრაინისადმი მიდგომა შეიცვალა, მაგრამ არა ნატოსადმი მიდგომა. ისინი საკმაოდ მკაცრი იყვნენ უკრაინის მიმართ, მაგრამ რჩებიან ნატოს ერთგულად“, - აღნიშნა ალიანსის ერთ-ერთმა ელჩმა. ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ ვაშინგტონის ტონის ცვლილება ამის ნათელი მაგალითია, თუმცა კიდევ ერთი მაჩვენებელი შეიძლება იყოს ბრიტანეთის ახალი როლი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების კოორდინაციაში.

ასევე აშკარაა, რომ უკრაინა ნატოს უახლოეს მომავალში არ შეუერთდება, თუმცა კიევის ალიანსში გაწევრიანება ჯერაც ბაიდენის ადმინისტრაციამ დაბლოკა ნატოს ბოლო სამიტებზე, რის შემდეგაც დასავლეთ ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ მშვიდად ამოისუნთქა. აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ამას უბრალოდ უფრო მკვახედ ამბობს.

მე-5 მუხლი შროდინგერის ყუთში

ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე მყოფი ქვეყნები ახლა კითხულობენ, დარჩება თუ არა იქ განლაგებული ამერიკელი ჯარი. ჯერჯერობით პასუხია - დიახ, დარჩება, თუმცა ჯერ ცხადი არ არის, რამდენ ხანს შენარჩუნდება ეს ვითარება.

თუ რუსეთი ამ ქვეყნებს თავს დაესხმება, დაეხმარება თუ არა მათ ამერიკის ჯარი? ახლა უმეტესობა მიიჩნევს რომ კი, თუმცა მე-5 მუხლის ეფექტიანობა იმაზეა დამოკიდებული, რომ მოკავშირეებსაც და მეტოქეებსაც მისი ამოქმედების სწამდეთ.

როგორც აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა თქვა: „ეს ჰგავს შროდინგერის კატას - ის არსებობს ორივე მდგომარეობაში - ცოცხალიცა და მკვდარიც, ვიდრე ყუთი არ გაიხსნება. ნატოს შემთხვევაში პასუხი არ გვეცოდინება, ვიდრე მე-5 მუხლი რეალურად არ გამოიცდება”.

XS
SM
MD
LG