„ადგილზე არსებულ ვითარებასა და ცეცხლის შეწყვეტის, სამშვიდობოების და მოგვარების შესახებ პოლიტიკურ დისკურსს შორის წყვეტაა, - უთხრა რადიო თავისუფლებას იანის კლუგემ, გერმანიის საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების ინსტიტუტის რუსეთის ექსპერტმა, - ეს ყველაფერი ჯერაც შორია“.
ზამთრის სუსხმა ბრძოლები ბოლო პერიოდში შეანელა. რუსული ძალები ცდილობდნენ აღჭურვილობა და ჯარისკაცები შეავსონ თვეების განმავლობაში მიმდინარე გამანადგურებელი ბრძოლების შემდეგ, რამაც გამოიწვია მათი ნელი, მაგრამ სტაბილური წინსვლა. უკრაინელი სამხედროები ადამიანური ძალის ნაკლებობას განიცდიან, თუმცა ახალი ტაქტიკისა და ტექნოლოგიების გამოყენებით ცდილობენ რუსეთის თავდასხმების შეჩერებას.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW), ვაშინგტონში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრის თანახმად, ბოლო დღეებში რუსეთის ძალებმა მიაღწიეს მცირე წინსვლას კურსკში, რუსეთის ტერიტორიის მცირე ნაწილზე, რომელიც კიევმა 2024 წლის აგვისტოში დაიკავა. უკრაინის სამხედროებმა ასევე განაცხადეს რუსული თავდასხმების შესახებ ფრონტის გასწვრივ ყველა მიმართულებით, მაგალითად, ქალაქ პოკროვსკთან და სოფელ ნადიივკასთან დონეცკის ოლქის დასავლეთით. უკრაინულმა ძალებმა ასევე განაცხადეს, რომ თებერვლის ბოლოს კონტრშეტევის განხორციელების შემდეგ აღადგინეს კონტროლი სოფელ კოტლინზე.
„ბრძოლის ველზე ვითარება ფუნდამენტურად არ შეცვლილა და ეს არის ის, რომ მოსკოვი კვლავ შედარებით ძლიერ პოზიციაზეა, - განაცხადა კლუგემ, - რუსეთი წინ მიიწევს, თუმცა ძალიან ნელა და ამაში ძალიან ძვირს იხდის“.
რა ვითარებაა ფრონტის ხაზზე?
ომის პირველ დღეებს ახასიათებდა უკრაინელი ან რუსი სამხედროების მიერ მიღწეული ფართო ტერიტორიული წინსვლები. ახლა კი ომი ძირითადად გადაიზარდა შეტევებში მძიმე არტილერიითა და უპილოტო თვითმფრინავებით, რომლებსაც თან დიდი მსხვერპლი ახლავს. რუსული ძალები ამჟამად აკონტროლებენ უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 20 პროცენტს და აცხადებენ, რომ ოთხი რეგიონის - ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ანექსია მოახდინეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტერიტორიების ზოგიერთი ნაწილი კიევის კონტროლის ქვეშ რჩება.
უკრაინულ ძალებს ამჟამად 1500 კილომეტრზე მეტი ფრონტის ხაზი უჭირავთ რუსული ჯარების წინააღმდეგ, ასევე დაახლოებით 400 კვადრატული კილომეტრი კურსკში.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბრძოლის ველზე უპირატესობას რუსული ძალები ინარჩუნებდნენ და დიდწილად აკონტროლებდნენ ბრძოლის ტემპს. ისინი წინსვლას ახერხებენ, თუმცა ამ ლიმიტირებულ წინსვლაში რუსეთი ძვირს იხდის.
ჯორჯ ბაროსი, ISW-ს გუნდის ხელმძღვანელი, რომელიც ბრძოლის ველზე განვითარებულ მოვლენებს აკვირდება, ამბობს, რომ რუსეთის ოპერაციები ადგილზე საგრძნობლად შენელდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქი ავდიევკა დაიპყრო 2024 წლის თებერვალში.
„ერთი წლის წინ ავდიევკის აღების შემდეგ რუსეთმა ვერ მოახერხა თავისი ფრონტის ხაზის დიდად წინ წაწევა, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას, - ამას თან ახლავს ჯარისკაცების და აღჭურვილობის განსაცვიფრებელი დანაკარგები”.
ISW-ის მონაცემებით, რუსულმა ძალებმა 2024 წელს ხელში ჩაიგდეს 4168 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია. ბრძოლები რუსეთსაც და უკრაინასაც ძვირი დაუჯდა.
ბრძოლის ველზე მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია, თუმცა ზელენსკიმ ბოლო გამოსვლისას თქვა, რომ 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ, უკრაინამ ბრძოლაში 46 000 ჯარისკაცი დაკარგა და 380 000 დაიჭრა. ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ რეალური რიცხვი უფრო მაღალია.
ომის დაწყებიდან მოყოლებული რუსი დაღუპულების შეფასებები მერყეობს 600 000-დან 750 000 მოკლულ ან დაჭრილ ჯარისკაცამდე. ISW-ის შეფასებით, მოსკოვი დაახლოებით 25 000-დან 30 000-მდე ჯარისკაცს კარგავს თვეში, ანუ დაახლოებით 1000 ჯარისკაცს დღეში.
სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის (IISS) შეფასებით, მოსკოვმა 2024 წელს ასევე დაკარგა 1400-ზე მეტი ტანკი, თუმცა ომის გაგრძელებას ახერხებს საბჭოთა ეპოქის მარაგების და შიდა წარმოების გაზრდის ხარჯზე.
რუსეთის შეიარაღებული ძალების ექსპერტი, მაიკლ კოფმანი მიიჩნევს, რომ მიუხედავად უპირატესობისა ბრძოლის ველზე, მოსკოვი, სავარაუდოდ, „იმედგაცრუებული“ რჩება იმით, რომ ვერ შეძლო „ოპერატიულად მნიშვნელოვანი გარღვევის“ მიღწევა.
„მიუხედავად იმისა, რომ ისინი ინარჩუნებენ ძალზე მნიშვნელოვან უპირატესობას მატერიალური და საერთო ძალის თვალსაზრისით, მათ ვერ შეძლეს ამ უპირატესობების დიდ მოგებად გარდასახვა ბრძოლის ველზე“, - განუცხადა მან ონლაინპანელს ომის მესამე წლისთავთან დაკავშირებით.
რას მოუტანს 2025 წელი ბრძოლის ველს?
ომის შეწყვეტის შესახებ საუბრის მიუხედავად, ბრძოლა გრძელდება. ღია წყაროს მონიტორინგის ჯგუფის DeepState-ის მოხსენებები აჩვენებს, რომ რუსული ძალები 2025 წელს აღმოსავლეთ უკრაინაში, პოკროვსკის მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებდნენ თავდასხმების თითქმის ნახევარს.
„ამჟამად არცერთ მხარეს არ შეუძლია დიდი ოპერატიული მანევრების ჩატარება, მაგრამ რუსები გაცილებით მეტ რესურსს ხარჯავენ, ვიდრე უკრაინელები“, - თქვა ბაროსმა.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მხარეები ახლა ნაკლებად ცდილობენ დიდი ტერიტორიის ხელში ჩაგდებას და სანაცვლოდ ცდილობენ მეორე მხარე აიძულონ დიდი დანაკარგები განიცადოს აღჭურვილობის, საბრძოლო მასალისა და მსხვერპლის თვალსაზრისით.
უკრაინის მთავარი სისუსტე იყო ჯარისკაცების დეფიციტი მისი დანაკარგების ჩასანაცვლებლად და დასავლური სამხედრო დახმარების გაურკვეველი მიწოდება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ აყენებს კიევის მხარდაჭერას ბრძოლის ველზე.
ეს ბადებს სასიცოცხლო კითხვებს უკრაინისთვის - რა მოხდება, თუ ომი გაგრძელდება, შეერთებული შტატების სამხედრო დახმარება კი შეჩერდება?
გერმანიის კილის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მონაცემების მიხედვით, ევროპის მთავრობებმა - მათ შორის ევროკავშირის არაწევრმა ბრიტანეთმა და ნორვეგიამ - უკრაინას 2024 წლის ბოლომდე თითქმის $64 მილიარდის სამხედრო დახმარება გაუწიეს, იმავე პერიოდში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 66 მილიარდი დოლარი გამოყო.
ჯულია ფრიდრიხი, ბერლინის გლობალური საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარი, ამბობს, რომ ევროპელ სამხედროებს დრო დასჭირდებათ წარმოების გასაძლიერებლად, რათა ადეკვატურად მოამარაგონ უკრაინა - შესაძლოა წლებიც კი.
„ჩვენ ნამდვილად განვიხილავთ განსხვავება იმას შორის, რაც უკრაინელებს სჭირდებათ და რისი მიწოდება შეუძლიათ ევროპელებს, - განუცხადა მან რადიო თავისუფლებას, - იმედოვნებენ, რომ უკრაინულ წარმოებაში ინვესტიცია გამოიღებს შედეგს, მაგრამ ამისთვის მეტი თანხის მოზიდვაა საჭირო, რასაც ასევე დრო სჭირდება“.
„რუსი მომლაპარაკებლები გამოცდილნი არიან და მიზნად დაისახავენ მიიღონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ, - თქვა ფრიდრიხმა, - მოსკოვმა ყველაფერი ჩადო ამ ომში, ამიტომ რუსეთის გასაჩერებლად მეგობრულ სატელეფონო ზარსა და შეხვედრაზე გაცილებით მეტი იქნება საჭირო“.
ფორუმი