Accessibility links

პოლიტიკა
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები საუდის არაბეთში: რა შევიტყვეთ

აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები საუდის არაბეთში: რა შევიტყვეთ


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში იური უშაკოვი და დელეგაციის სხვა წევრები. ელ-რიადი, 2025 წლის 18 თებერვალი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში იური უშაკოვი და დელეგაციის სხვა წევრები. ელ-რიადი, 2025 წლის 18 თებერვალი.

აშშ-ისა და რუსეთის მაღალჩინოსნებმა დაასრულეს უკრაინაში ომზე პირველი მოლაპარაკებები. კრემლმა ახალი მოთხოვნები წამოაყენა, ვაშინგტონი და მოსკოვი შეთანხმდნენ, რომ სწრაფად შეუდგებიან ურთიერთობების ნორმალიზებას და თითქმის სამწლიანი კონფლიქტის შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

შეხვედრამ ელ-რიადში ოთხ საათზე მეტხანს გასტანა. მას ესწრებოდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. ეს დისკუსიები, რომლებიც აშშ-ის დიპლომატიური ძალისხმევის ნაწილია ომის დასრულებისათვის, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა „საძიებო მოლაპარაკებებად“ მოიხსენიეს, რამაც შეიძლება გზა გაუხსნას პოტენციურ პირისპირ შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის.

შეხვედრის შემდეგ რუბიომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საუდის არაბეთის დედაქალაქში ჩატარებული მოლაპარაკებები იყო „გრძელი და რთული მოგზაურობის პირველი ნაბიჯი“ უკრაინაში ომის დასასრულებლად და, რომ აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციები დისკუსიების დროს ოთხ პრინციპზე შეთანხმდნენ.

მათ შორისაა დიპლომატიური მისიების სრულად აღდგენა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მრავალწლიანი სანქციებისა და დაპირისპირებების შემდეგ, მაღალი დონის სამუშაო ჯგუფის შექმნა უკრაინაში ომის დასრულების მოსალაპარაკებლად, შემდგომი „გეოპოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის შესწავლა, რომელიც შეიძლება მოჰყვეს უკრაინის კონფლიქტის დასრულებას“ და იმის უზრუნველყოფა, რომ აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლები სამომავლოდაც გააგრძელებენ დისკუსიებს.

ლავროვმა შეხვედრას „ძალიან სასარგებლო“ უწოდა და თქვა, რომ მოსკოვი რაც შეიძლება სწრაფად დანიშნავს სპეციალურ წარმომადგენელს. „მე მაქვს ყველა საფუძველი ვიფიქრო, რომ ამერიკულ მხარეს ესმის ჩვენი პოზიცია“, - განაცხადა ლავროვმა.

დელეგაციის წევრმა, რუსეთის მთავარმა მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, იური უშაკოვმა თქვა, რომ მხარეებმა მოკლედ განიხილეს პუტინ-ტრამპის სამიტისთვის საჭირო პირობები. თუმცა დასძინა, რომ გადაწყვეტილებას უკრაინის შესახებ ამერიკასთან უფრო ღრმა მოლაპარაკებების დაწყებაზე, საბოლოო ჯამში, თავად პუტინი მიიღებს.

რა მივიღეთ შეხვედრებისგან?

როგორც ჩანს, შეხვედრამ საფუძველი ჩაუყარა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის მომავალ მოლაპარაკებებს. რუბიომ და ლავროვმა განაცხადეს, რომ ორივე მხარე აღადგენს პერსონალს ვაშინგტონისა და მოსკოვის საელჩოებში და შექმნიან მისიებს უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების, ორმხრივი ურთიერთობებისა და უფრო ფართო თანამშრომლობის მხარდასაჭერად.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ორივე ქვეყნის დელეგაციები შეთანხმდნენ, „შეიქმნას საკონსულტაციო მექანიზმი აშშ-რუსეთის ურთიერთობებში "გამაღიზიანებლების" აღმოსაფხვრელად“, წლების განმავლობაში მიმდინარე დაძაბულობის შემდეგ.

სპიკერმა ტამი ბრიუსმა თქვა, რომ ორივე ქვეყანა შეისწავლის „მომავალ თანამშრომლობას“, მაგრამ დასძინა, რომ ზუსტი ვადები ჯერ კიდევ გაურკვეველია და აღნიშნა: „ერთი სატელეფონო ზარი, რომელსაც მოჰყვება ერთი შეხვედრა, არ არის საკმარისი მტკიცე მშვიდობის დასამყარებლად“. მან დასძინა, რომ რიადის მოლაპარაკებები უფრო გრძელი პროცესის ადრეული ნაბიჯია.

ლავროვმა თქვა, რომ მხარეები „პრაქტიკულად შეთანხმდნენ“, რომ მათ უნდა გადაჭრან დიპლომატიური მისიების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები.

უკრაინასთან დაკავშირებით, მან თქვა, რომ არსებობს გადაწყვეტილებების პოვნის „ორმხრივი სურვილი“ და რუსეთი დაელოდება შეერთებული შტატების წარმომადგენლების დანიშვნას.

„ამის შემდეგ შესაბამისი კონსულტაციები დაიწყება და მას რეგულარული ხასიათი ექნება“, - განაცხადა მან.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დასძინა, რომ უკრაინაში ნატოს ჯარების პოტენციური განლაგება, რაზეც დასავლეთის ზოგიერთმა მთავრობამ მიანიშნა - კრემლისთვის „სრულიად მიუღებელი“ წინადადება იქნება.

რუსმა ოფიციალურმა პირებმა ასევე განაცხადეს, რომ გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმება უკრაინაში შეუძლებელი იქნება ევროპის მასშტაბით უსაფრთხოების საკითხების ფართო სპექტრის განხილვის გარეშე.

„ყოვლისმომცველი გრძელვადიანი შეთანხმება შეუძლებელია კონტინენტზე უსაფრთხოების საკითხების ყოვლისმომცველი განხილვის გარეშე“, - განუცხადა კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს 18 თებერვალს.

პესკოვმა ასევე თქვა, რომ პუტინი ღია იქნება მოლაპარაკებებისთვის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, „თუ ეს საჭირო იქნება“.

პუტინმა ადრე თქვა, რომ მას არ სურს მოლაპარაკება ზელენსკისთან, რადგან მისი მმართველობა „არალეგიტიმურია“, ნაწილობრივ იმიტომ, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინაში არჩევნები არ ჩატარებულა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ მოსკოვში თქვა, რომ კრემლს სურს ნატომ უარყოს 2008 წლის დაპირება, რომ ერთ დღეს უკრაინა სამხედრო ალიანსში გაწევრიანდება და კიევი ნეიტრალიტეტზე დათანხმდეს.

რა მოხდება შემდეგ?

ორივე მხარე შეთანხმდა ელჩების დანიშვნაზე და მოლაპარაკებების გაგრძელებაზე. რუბიომ ასევე ახსენა ევროკავშირის სამომავლო როლი და თქვა, რომ „სანქციები სხვა მხარეებსაც აქვთ და ევროკავშირი რაღაც დროს მაგიდას უნდა მიუჯდეს, რადგან მათაც ასევე აქვთ სანქციები დაწესებული“.

იანა პუგლიერინმა, საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს უფროსმა თანამშრომელმა, თქვა, რომ კიევი და მისი ევროპელი მოკავშირეები აშშ-ისა და რუსეთის ოფიციალური პირების შეხვედრას რიადში კულუარებიდან შეშფოთებით აკვირდებიან და შიშობენ, რომ ტრამპმა შეიძლება დადოს ნაჩქარევი შეთანხმება მოსკოვთან, სადაც არ იქნება გათვალისწინებული მათი უსაფრთხოების ინტერესები.

„2022 წლის თებერვალმა გაანადგურა ჩვენი რწმენა რუსეთთან ერთად კოლექტიური უსაფრთხოების წესრიგზე და დაგვანახვა რუსეთსა და ჩინეთზე კრიტიკულ სფეროებში ჩვენი ფუნდამენტური დამოკიდებულების ბნელი მხარე“, - თქვა მან. „2025 წლის თებერვალი გვიჩვენებს, რომ ამერიკელები აღარ გრძნობენ პასუხისმგებლობას ევროპის უსაფრთხოებაზე და, რომ მათი ინტერესები ფუნდამენტურად განსხვავდება ჩვენისგან“.

ევროპელმა ლიდერებმა 17 თებერვალს პარიზში საგანგებო მოლაპარაკებები გამართეს უკრაინის ომისა და ევროპის უსაფრთხოების საკითხების განსახილველად, მაგრამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

საუდის არაბეთში შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ უოლცმა თქვა, რომ ომისშემდგომი მშვიდობის გარანტიას ევროპა უნდა გაუძღვეს. ეს შეესაბამება აშშ-ის ოფიციალური პირების მოწოდებებს ევროპელი მოკავშირეების მიმართ, გაზარდონ თავდაცვის ხარჯები. ისინი აქებენ ბრიტანეთსა და საფრანგეთს „უკრაინის უსაფრთხოებისთვის გაწეული უფრო ძლიერი წვლილისთვის“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG