Accessibility links

მსოფლიო
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
რუბიო-ლავროვის შეხვედრა უკრაინის ომთან დაკავშირებით - რას მივაქციოთ ყურადღება

რუბიო-ლავროვის შეხვედრა უკრაინის ომთან დაკავშირებით - რას მივაქციოთ ყურადღება


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და სხვა ამერიკელი და რუსი ოფიციალური პირები ესწრებიან შეხვედრას საუდის არაბეთის დელეგაციასთან ერ-რიადში 17 თებერვალს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და სხვა ამერიკელი და რუსი ოფიციალური პირები ესწრებიან შეხვედრას საუდის არაბეთის დელეგაციასთან ერ-რიადში 17 თებერვალს.

ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის წარმომადგენლები საუდის არაბეთში ხვდებიან ერთმანეთს, რათა განიხილონ უკრაინაში ომის დასრულების საკითხი და უფრო ფართო დაძაბულობა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის. ამ შეხვედრამ შეიძლება განსაზღვროს ევროპული უსაფრთხოების სიტუაცია მომავალი წლების განმავლობაში.

18 თებერვლის შეხვედრა ერ-რიადში ნაწილია ვაშინგტონის გაძლიერებული ძალისხმევისა დაასრულოს თითქმის სამწლიანი ომი უკრაინაში.

ამერიკის დიპლომატიურმა ბლიცმა კიევსა და ევროპის მთავრობებს შეკითხვები გაუჩინა: რა ფორმა შეიძლება მიიღოს ომის შეჩერებამ?

„ეს გამიზნულია, როგორც პირველი ნაბიჯი მოლაპარაკების უფრო გრძელი პროცესის დასაწყებად, მაგრამ მოვლენები ასევე სწრაფად ვითარდება“, განუცხადა რადიო თავისუფლებას ნაიჯელ გულდ-დეივისმა, ყოფილმა ბრიტანელმა დიპლომატმა, რომელიც ამჟამად სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის უფროსი თანამშრომელია. „ამჟამინდელ ვითარებას თხევადობა ახასიათებს და ის ფორმას ამ ძლიერი გაურკვევლობის მომენტში იღებს“.

ვინ ჩავიდა რიადში მოლაპარაკებებზე?

ეს მოლაპარაკებები პირველი მაღალი დონის პირისპირი დისკუსიაა წლების განმავლობაში და მიზნად ისახავს გზა გაუხსნას სამიტს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის.

მოლაპარაკებებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და პუტინის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში იური უშაკოვი იღებენ მონაწილეობას.

რადიო თავისუფლების საგამოძიებო ჯგუფის, „სისტემის“ ინფორმაციით, მოლაპარაკებებს ასევე ესწრებიან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე და მრჩეველი რუსეთის საელჩოდან კანადაში, რომელიც ამავე დროს არქტიკის საკითხთა სპეციალისტია.

ვაშინგტონიდან შეხვედრას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი მაიკ უოლცი და სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი ესწრებიან.

აშშ-ის დელეგაციაში არ შედის გადამდგარი გენერალი კით კელოგი, თეთრი სახლის მიერ დანიშნული სპეციალური წარმომადგენელი ომის მოგვარების მოლაპარაკებისთვის.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ მიუწვევიათ მოლაპარაკებებზე და მან განაცხადა, რომ კიევი არ აღიარებს უკრაინის შესახებ დადებულ იმ შეთანხმებებს, სადაც ის მოლაპარაკებების მაგიდასთან არ იმყოფება.

ზელენსკიმ - რომელიც ამჟამად ახლო აღმოსავლეთს სტუმრობს - მათ შორის, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, საუდის არაბეთსა და თურქეთს - ასევე დაადასტურა, რომ კელოგი 20 თებერვალს ჩავა კიევში „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ფართო საუბრებისთვის“.

რა არის დღის წესრიგში საუდის არაბეთში?

რუბიომ CBS-ს 16 თებერვალს მიცემულ ინტერვიუში განუცხადა, რომ რიადში გამართული შეხვედრა მიზნად ისახავს უფრო ფართო საუბრის დაწყებას, რომელიც „ჩართავს უკრაინას და ომის დასრულებას გულისხმობს“.

მაგრამ ელიან, რომ რუბიოსა და ლავროვს შორის დისკუსიები მხოლოდ უკრაინაში მშვიდობის დამყარებას არ შეეხება და შეიძლება შეეხოს მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობის უფრო ფართო ასპექტებს, როგორიცაა სანქციები, ენერგეტიკა და უსაფრთხოების საკითხები.

რუბიომ ასევე თქვა, რომ კიევი და ევროპის მთავრობები ჩაერთვებიან მოლაპარაკებებში, თუ ლავროვსა და რუსეთის დელეგაციასთან რიადში შეხვედრას შემდეგ რაიმე პროგრესი მოჰყვა.

„თუ ეს რეალური მოლაპარაკებები იქნება - და ჩვენ ჯერ აქ არ ვართ - მაგრამ ეს რომ მოხდეს, უკრაინა უნდა ჩაერთოს, რადგან ისინი არიან ის, სადაც შეიჭრნენ და ევროპელებიც უნდა ჩაერთონ, რადგან მათაც დაუწესეს სანქციები პუტინსა და რუსეთს და მათ წვლილი შეიტანეს ამ ძალისხმევაში“, - თქვა მან.

საუდის არაბეთში გამგზავრებამდე ლავროვმა 17 თებერვალს გაიმეორა, რომ რუსეთი არ განიხილავს იმ ტერიტორიების დათმობას, რომელიც უკრაინიდან მიიტაცა. ლავროვმა ასევე თქვა, რომ ვერ ხედავს, თუ რატომ უნდა მიიღონ ევროპელებმა მონაწილეობა დისკუსიებში.

„მნიშვნელოვანი არაფერი გადაწყდება, სანამ ტრამპი და პუტინი ერთ ოთახში არ იქნებიან“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ატლანტიკური საბჭოს რეზიდენტმა ენდრიუ დ’ანიერმა. „ეს ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ არის დრო და უამრავი შესაძლებლობა აქვთ ევროპელებსა და უკრაინელებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიდგომაზე გავლენა იქონიონ”.

რას ამბობს აშშ ომის დასრულების შესახებ?

ტრამპის საარჩევნო დაპირება იყო უკრაინაში ომის სწრაფად დასრულება და მისი ადმინისტრაცია ახლა ამბობს, რომ სურთ შეთანხმებას მისი მმართველობის პირველი 100 დღის განმავლობაში მიაღწიონ.

საუდის არაბეთში მოლაპარაკებები მოჰყვა ტრამპისა და აშშ-ის ოფიციალური პირების არაერთ განცხადებას უკრაინაში ომის დასრულების შესახებ.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა 12 თებერვალს ნატოს შტაბბინაში განაცხადა, რომ ვაშინგტონი მხარს არ უჭერს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, როგორც სამშვიდობო მოგვარების ნაწილს და, რომ კიევისთვის „არარეალურია“ ტერიტორიული საზღვრების დაბრუნება 2014 წლის ნიშნულამდე, სანამ რუსეთი ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში შეიჭრებოდა.

ჰეგსეთმა ასევე თქვა, რომ ომის შემდგომი უკრაინა ევროპულმა ჯარებმა უნდა დაიცვან და, რომ აშშ-ის ჯარები არ უნდა ჩაერთონ.

იმავე დღეს, პუტინს და ტრამპს ჰქონდათ სატელეფონო საუბარი, სადაც აშშ-ის პრეზიდენტმა, როგორც ჩანს, მიანიშნა რუსეთის დიპლომატიური იზოლაციის დასრულებისკენ, რადგან ორივე ლიდერმა განიხილა „ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობა“ და ტრამპმა მოსკოვს მოუწოდა დაბრუნებულიყო დიდი რვიანის ჯგუფში, საიდანაც რუსეთი ყირიმის ანექსიის გამო 2014 წელს გააძევეს.

როგორია რუსეთის პოზიცია მოლაპარაკებებში?

პუტინს თავდაპირველად სურდა კიევის დაკავება და უკრაინაში პრორუსული მთავრობის დასმა. მას შემდეგ, რაც ეს ვერ მოხერხდა, კრემლი დაჟინებით ითხოვს შეინარჩუნოს ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიის ნაწილი და შეზღუდოს უკრაინის არმიის მოცულობა.

სატელეფონო საუბრის დროს პუტინმა უთხრა ტრამპს, რომ მას სურდა „კონფლიქტის მიზეზების მოგვარება“, რაც მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთს კვლავაც სურს უკრაინის ამბიციების შეჩერება დასავლეთთან ინტეგრაციასთან დაკავშირებით და ცივი ომის შემდგომი უსაფრთხოების წესრიგის უკან ჩამოშლა.

„პუტინი რომ ვიყო, ახლა ვეცდებოდი გამოვიყენო შეერთებული შტატების სურვილი სწრაფად გაფორმდეს შეთანხმება და ვცადო მივუახლოვდე მაქსიმალისტურ პოზიციებს, რომლებიც ომის დაწყების შემდეგ მიჭირავს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ვაშინგტონში დაფუძნებული დემოკრატიების დაცვის ფონდის ექსპერტმა ჯონ ჰარდიმ.

გულდ-დეივისი, ყოფილი ბრიტანელი დიპლომატი, ამბობს, რომ კრემლმა შეიძლება მსგავსი მოთხოვნები დააყენოს, როგორიც მან გააკეთა 2021 წლის ბოლოს, სრულმასშტაბიანი შეჭრის წინ.

მაშინ ლავროვმა შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებისას გამოაცხადა მოთხოვნები, რომლებიც მოიცავდა უკრაინის ნატოში გაწევრიანების აკრძალვას და ნატოს ჯარებისა და იარაღის განლაგებას 1997 წლის ნიშნულზე, ვიდრე ალიანსი აღმოსავლეთით გაფართოვდებოდა.

„პუტინმა ცხადყო, რომ ის არ არის დაინტერესებული ცეცხლის შეწყვეტით, მას მხოლოდ ომის საბოლოო დასრულება სურს“, - თქვა გულდ-დეივისმა. „ეს გულისხმობს რაიმენაირ გადაწყვეტას მთელი რიგი ფუნდამენტური საკითხებისა და ახალი რეგიონული წესრიგის შექმნას, რომელიც, სავარაუდოდ, ბევრად უფრო ხელსაყრელი იქნება რუსეთისთვის“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG