პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მთავრობა, როგორც ჩანს, ცდილობს ეს განცხადება რეალობად აქციოს - ყველანაირი გაგებით. კრემლი ებრძვის ყველას და ყველაფერს, რაც ნავალნისთან არის დაკავშირებული. ახლა ნავალნის გამოსახულების საჯარო ჩვენებაც კი ისჯება - იმ მოტივით, რომ ეს „ექსტრემისტული სიმბოლოა“.
ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ მოსკოვს სურს ნავალნისა და მისი მიმდევრების სრული დისკრედიტაცია და მისი ნებისმიერი გავლენის აღმოფხვრა.
ნავალნი პუტინის ყველაზე ცნობილი მტერი იყო ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ის 2024 წლის 16 თებერვალს გარდაიცვალა ციხეში, რომელიც ცნობილია „პოლარული მგლის“ სახელით. მისი ქვრივი იულია ნავალნაია და მრავალი მხარდამჭერი მიიჩნევს, რომ მის სიკვდილზე პასუხისმგებელი პუტინია.
2020 წლის აგვისტოში ნავალნი ძლივს გადაურჩა ციმბირში ნერვული აგენტით მოწამვლას. თავად ის ამტკიცებდა, რომ მის წინააღმდეგ, პუტინის დავალებით, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის აგენტები მოქმედებდნენ. გერმანიაში გამოჯანმრთელების შემდეგ, ის რუსეთში დაბრუნდა და მოსკოვის აეროპორტშივე დააკავეს. მას შემდეგ, სიკვდილამდე, სხვადასხვა ციხესა და საპყრობილეში იმყოფებოდა.
ნავალნის პოლიტიკური ოფისების ქსელი 2021 წელს ექსტრემისტულად და კანონგარეშედ გამოცხადდა, ისევე როგორც მისი ანტიკორუფციული ფონდი. ფონდი ცდილობდა, ეჩვენებინა კორუფციის მასშტაბები რუსეთში და ამტკიცებდა, რომ პუტინთან დაახლოებულ პირთა უმდიდრესი, პრივილეგირებული ჯგუფი ჩვეულებრივი რუსების ხარჯზე ცხოვრებდა ფუფუნებაში.
როგორც მის გარდაცვალებამდე, ასევე შემდეგ, ბევრი მისი თანამოაზრე და მოკავშირე დააპატიმრეს ან გააძევეს რუსეთიდან.
ნავალნის დაკრძალვაზე მოსკოვში ათიათასობით ადამიანი მივიდა, რათა „დამშვიდობებოდნენ ადამიანს, რომელიც თავისუფლების სიმბოლოს წარმოადგენდა“, - როგორც ერთმა იქ მისულმა განაცხადა. იქ მისულებს პოლიცია ყურადღებით აკვირდებოდა. იულია ნავალნაიამ მაშინ პირობა დადო, რომ გააგრძელებდა ქმრის საქმეს და მოუწოდა რუსებს „გაიზიარონ ჩემი ბრაზი, რისხვა და სიძულვილი მათ მიმართ, ვინც გაბედა ჩვენი მომავლის მოკვლა“.
თუმცა, ნავალნის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, მის ქვრივს და ყოფილ თანამებრძოლებს უჭირთ რაიმე გავლენის მოხდენა რუსეთში მიმდინარე პროცესებსა და უკრაინის ომზე.
ამის მაგალითად გამოდგება გულგრილი რეაქცია ანტიკორუფციული ფონდის უახლეს ანგარიშზე, რომელსაც სხვა დროს ან სხვა ქვეყანაში შეიძლება დიდი სკანდალი გამოეწვია. ფონდის გამოძიებამ, კომპანიის ჩანაწერების, პოლიციის მონაცემთა ბაზების, სოციალური მედიისა და სხვა წყაროების შესწავლის საფუძველზე, აჩვენა, რომ რუსულ სახელმწიფო ნავთობის გიგანტ „როსნეფტში“ დასაქმებულია ათობით ახალგაზრდა ქალი, რომლებიც ადმინისტრაციულ თანამშრომლებად არიან გაფორმებული, სინამდვილეში კი ესკორტის მომსახურებას უწევენ კომპანიის მაღალი რანგის ხელმძღვანელებს.
ანგარიშის ავტორები ამტკიცებენ, მაგალითად, რომ „როსნეფტის“ აღმასრულებელ დირექტორს იგორ სეჩინს, პუტინის ახლო პარტნიორს, თავის პირად თვითმფრინავში ერთი ქალი მინიმუმ 58-ჯერ ახლდა მას შემდეგ, რაც ის 2016 წელს 21 წლის ასაკში აიყვანეს სამსახურში და გამოცდილ თანამშრომლებზე ბევრად მაღალი ხელფასი დაუნიშნეს.
კრიტიკოსები ამბობენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის ფონზე მსგავს გამოძიებებს აზრი მაინცდამაინც არ აქვს.
„ეს ისეა, გერმანელი ანტიფაშისტ ემიგრანტებს ომის მესამე წელს, როცა ოსვენციმის ღუმელებს უკვე ბოლი ასდიოდათ, გერინგის კერძო ბორდელის გამოძიება მნიშვნელოვან სენსაციად რომ წარმოეჩინათ“, - წერს „ტელეგრამზე“ იგორ ეიდმანი, გერმანიაში მცხოვრები რუსი სოციოლოგი.
სხვები არ ეთანხმებიან.
„ერთია იცოდე, რომ ყველა [პუტინთან დაახლოებული] იპარავს, მაგრამ სულ სხვაა მტკიცებულებების დანახვა, განსაკუთრებით გამოძიებაში ნაჩვენები მასშტაბებით“, - წერს „ტელეგრამზე“ საზღვარგარეთ მცხოვრები რუსი ჟურნალისტი და იუტუბერი მაიკლ ნაკი.
რუსმა ანალიტიკოსმა სემ გრინმა თქვა, რომ „ომით და ზოგადად რუსული პოლიტიკით გამოწვეულმა პოლარიზაციამ ამ ტიპის გამოძიებების აუდიტორია გააქრო. თუნდაც იმიტომ, რომ მათ, ვინც მიდრეკილია მათი დაჯერებისაკენ, უკვე სჯერა ბევრად უარესი რამეებისა რეჟიმის შესახებ, ხოლო ისინი, ვინც არ არიან მიდრეკილნი მათი დაჯერებისაკენ, წყაროს პირდაპირ უარყოფენ“.
მაგრამ „ეს არ ნიშნავს, რომ ამას აზრი არ აქვს“, - წერს გრინი 2 თებერვლის ბლოგპოსტში. მისი აზრით, კორუფციის მასშტაბების გაშუქებაზე უარი თქმა ხელს უწყობს მათ იზოლაციას, ვისაც სჯერა, რომ რუსეთი შეიძლება და უნდა იმართოს სხვაგვარად.
რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს ნავალნის თანამოაზრეებსა და მათ საქმიანობაზე. ნავალნის გუნდი დააზარალა სკანდალების სერიამაც, რომელიც საერთაშორისო ანტიკორუფციულ ფონდს შეეხებოდა.
ნავალნის თანამებრძოლი ლეონიდ ვოლკოვი ფონდის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა 2023 წელს მწვავე კრიტიკის გამო, რომელიც მის მიერ ხელმოწერილ მიმართვას მოჰყვა. ის მოითხოვდა ევროკავშირის სანქციების გაუქმებას რამდენიმე რუსი ოლიგარქისთვის.
ნავალნის გარდაცვალებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, ვოლკოვს ლიეტუვაში, სახლთან ჩაქუჩით დაესხნენ თავს, ხელი მოტეხეს და ფეხშიც დაჭრეს. ანტიკორუფციულმა ფონდმა თავდასხმის ორგანიზებაში დაადანაშაულა მაგნატი და კრემლის კრიტიკოსი ლეონიდ ნევზლინი, რომელიც ამ ბრალდებას უარყოფს.
გასული წლის ბოლოს, ისედაც დაყოფილი რუსული ოპოზიცია საზღვარგარეთ კიდევ უფრო დაიყო, როდესაც ყოფილმა წევრმა ფონდი დაადანაშაულა ორი რუსი ბანკირის „რეპუტაციის გათეთრებაში“ ფინანსური და ადმინისტრაციული მხარდაჭერის სანაცვლოდ. ფონდი ამ ბრალდებებს უარყოფს.
ბენ ნობლმა, რუსეთის პოლიტიკის ექსპერტმა და ნავალნის შესახებ დაწერილი წიგნის ავტორმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ეს დაპირისპირებები უფრო ფართოდ ერთ ფაქტს ასახავს - „ნავალნი აღარაა. ის აშკარად გამოირჩეოდა ქარიზმით, მჭევრმეტყველებით, სიჯიუტით, სიმამაცით, ყველა ამ თვისებით. მიუხედავად იმისა, რომ იულია ნავალნაიამ პირობა დადო, ქმრის საქმეს გავაგრძელებო, ვერც ის და ვერც ვინმე სხვა ვერ იქცა ცენტრალურ წამყვან ფიგურად“.
თუმცა, მან ასევე დასძინა, „ნავალნის გუნდის ჩამოწერა ნაადრევიაო”.
რაც შეეხება ნავალნის მემკვიდრეობას, ნობლმა თქვა: „ის იქნება შერეული და… ის იქნება პოლარიზებული”.
საბჭოთა კავშირის უკანასკნელი ლიდერის, მიხაილ გორბაჩოვის მსგავსად, ნავალნის დასავლეთის დიდი ნაწილი ადიდებს და მას აღიქვამენ როგორც „თავისუფლებისათვის მებრძოლს და პუტინის დაუნდობელ ოპონენტს, - თქვა ნობლმა, - რუსეთში კი სურათი ძალიან განსხვავებულია, რაც გასაკვირი არ არის, თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რას ამბობდა სახელმწიფო მედია ნავალნის შესახებ ამდენი წლის განმავლობაში. ცდილობდნენ ის დასავლეთის სპეცსამსახურების აგენტად წარმოეჩინათ”.
სანამ პუტინი ხელისუფლებაშია, ეს ვითარება „საეჭვოა, რომ შეიცვალოს და ალბათ პირიქით - გაუარესდება, - თქვა ბენ ნობლმა, - რუსეთში ხალხი დაიწყებს იმის დავიწყებას, ვინ იყო ნავალნი და რა გააკეთა... ასე რომ, ვფიქრობ, მისი მემკვიდრეობის ორი, ძალიან განსხვავებული აღქმა დაგვრჩება”.
ფორუმი