„35 წლის ასაკში ჩამსვეს. მეგონა, რომ ბევრი რამ ვიცოდი ამ ცხოვრების შესახებ, მაგრამ რას ვიფიქრებდი, რომ ასეთი რამ საერთოდ შეიძლება აჭამო ხალხს. როცა გავთავისუფლდი, დამაინტერესა, შევძლებდი თუ არა თუნდაც ერთი ისეთი კერძის მომზადებას, რომელსაც ციხეში ორი წლის განმავლობაში მაჭმევდნენ. არაფერი გამომივიდა. ვერ ვხდები, როგორ ახერხებდნენ ნებისმიერი ფაფისგან წვინტლების გაკეთებას“, ეუბნება რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივი პროექტის The CurrentTimes-ის კორესპონდენტს ყოფილი პოლიტპატიმარი მარია, რომელიც წინასწარი დაკავების იზოლატორში 2021 წელს მოხვდა.
ჩაშლილი ფაფა, მწირი ბოსტნეული, წყალწყალა ბალანდა, გაშავებული კარტოფილი - საკვები რუსეთის კოლონიებსა და წინასწარი დაკავების იზოლატორებში ისეთი და იმდენია, რომ პატიმარს სული არ გაძვრეს. ციხიდან გათავისუფლებული პოლიტპატიმრები ამბობენ, რომ მეტ-ნაკლებად ნორმალური საკვების მიღების ერთადერთი გზა გარედან ამანათის შეგზავნა და ციხის მაღაზიებში პროდუქტის (გაბერილ ფასში) შეძენაა.
- რისგან შედგება რუსი პატიმრის რაციონი
- როგორ შიმშილობენ წინასწარი დაკავების იზოლატორებში
- შესაძლებელია თუ არა წვნიანის მომზადება ციხის საკანში
- განსაცდელი, რომელიც საკვების მიღებას შეიძლება უკავშირდებოდეს
რეფორმები და სინამდვილე
10 წლის წინ, ნიკოლაი კავკაზსკი, უფლებადამცველი და „ბოლოტნაიას საქმის“ ერთ-ერთი ბრალდებული, წერდა: „უმი ბოსტნეული, ბურღულეული და მრავალი სხვა პროდუქტი არ უნდა იყოს აკრძალული, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ წინასწარ პატიმრობაში პატიმართა კვება აუტანელია. გარდა იმისა, რომ „ბალანდა“ კეთდება გაფუჭებული ან სულაც დამპალი პროდუქტებისგან, ის საშინლადაც არის მომზადებული“.
10 წლის შემდეგ, რუსეთში პოლიტიკური დევნა ყოველდღიურობის ნაწილად იქცა: უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ სულ უფრო მეტი რუსი პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი ხვდება ციხეში პუტინის რეჟიმის კრიტიკის გამო. პატიმრობის პირობებზე საუბრისას ისინი განსაკუთრებით გამოყოფენ კვებას, რომელიც ნიკოლაი კავკაზსკის პატიმრობის შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა. არადა, 2017 წელს ციხის რაციონში პირველად შეიტანეს ცვლილებები 1988 წლის შემდეგ. ახალი წესების მიხედვით, არ შეიძლება ერთი და იმავე კერძის გამეორება კვირაში 2-3-ზე მეტჯერ. გარდა ამისა, პატიმრებმა უნდა მიიღონ 2600-3000 კკალორია დღეში. „რაც, სხვათა შორის, უფრო მაღალია, ვიდრე აშშ-ში“, - აღნიშნეს მაშინ რუსეთის იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში.
ივან ასტაშინმა, უფლებადამცველმა და ყოფილმა პოლიტპატიმარმა, თითქმის ათი წელი მოიხადა ФСБ-ს (უშიშროების ფედერალური სამსახურის) შენობის დაწვისთვის. 10 წლის განმავლობაში მან მოიარა სამი კოლონია და წინასწარი დაკავების ხუთი იზოლატორი. ყოფილ პატიმარს ისიც კარგად ახსოვს, როგორ შემოიღეს ციხეებში პატიმართა კვების ახალი წესები:
„სიახლე პირველად დედაჩემისგან გავიგე და გამეცინა, რადგან ამას სინამდვილეში საერთოდ არ უმოქმედია [ვითარებაზე]. ადმინისტრაციამ მარტივი გამოსავალი იპოვა: კერძებს არსებითად არ ცვლიდნენ, სამაგიეროდ ცვლიდნენ კერძის სახელს. გვქონდა მენიუ, რომელიც ძალიან გემრიელად გამოიყურებოდა. რას არ ნახავდით: რაგუ, მოხრაკული ხორცი, მოშუშული კარტოფილი და ა.შ. სინამდვილეში კი ეს ყველაფერი ერთი და იგივე იყო: კარტოფილი ირმის ხორცით“.
ასტაშინს ირმის ხორცს ნორილსკის კოლონიაში აჭმევდნენ. „ირმის ხორცი“ - არ ჟღერს ურიგოდ, თუმცა სინამდვილეში გაყინული ხორცი მიჰქონდათ მარაგების რაღაც სარდაფებიდან, სადაც ათწლეულების განმავლობაში ინახებოდა გაყინულ მდგომარეობაში, ვიდრე „ზონებისთვის არ ჩამოიწერებოდა“.
„მისი ჭამა შეუძლებელი იყო. საშინლად გამოიყურებოდა და ხშირად მძაფრი უსიამოვნო სუნი უდიოდა. ამიტომ ბევრი პატიმარი მას უბრალოდ პირს არ აკარებდა, მხოლოდ კარტოფილს სჯერდებოდა. თუმცა კარტოფილზეც არ ითქმოდა ჩვეულებრივი. ერთთავად შავი იყო, რადგან შორეულ ნორილსკამდე მხოლოდ გამხმარი სახით აღწევდა“, - იხსენებს ივან ასტაშინი.
ახალი სტანდარტებით, რუსეთის ფედერაცია ერთი პატიმრის შენახვაზე (კვების ჩათვლით) დღეში საშუალოდ 2,5 ევროს ხარჯავდა, მაშინ, როცა ევროკავშირში ეს მაჩვენებელი 128 ევრო იყო.
ივან ასტაშინი ციხის კვებასა და კერძებს ასე იხსენებს:
„საუზმეზე ყველგან ფაფაა. ფაფა მრავალნაირი არსებობს: ხორბლის ფაფა, ქერის ფაფა, შვრიის ფაფა. სადღაც წყალზე ადუღებენ, სადღაც რძეს უმატებენ. არის როგორც ჩვეულებრივი ფაფა, ასევე უბრალოდ წყალწყალა მასა. პური საკვების ყოველ მიღებაზე მოაქვთ. სადილზე რაღაც წვნიანი და ყველაზე ხშირად კარტოფილია, ხან კომბოსტო, ზოგჯერ კარტოფილი კომბოსტოთი, ზოგჯერ ქერის ფაფა, რაღაც ხორცით, უფრო ზუსტად ხორცის ნაკვალევით. არადა, სტანდარტის მიხედვით, სადილზე თითო პატიმარზე 100 გრამი ხორცი უნდა იყოს. ვახშამზე ან კარტოფილია ან კომბოსტო ან ქერის ფაფა. შეიძლება იყოს თევზის ნაჭერი ან თევზის კატლეტი. საუზმესა და ვახშამზე ასევე ერთი ჭიქა ჩაია, სადილზე კისელი ან კომპოტი“.
ივან ასტაშინის თქმით, ზოგადად, კალორიულობის თვალსაზრისით, კვება რუსეთის კოლონიებში მცირედი პლუს-მინუსით ნორმის ფარგლებში ჯდება, რადგან დიდი ულუფებით იძლევიან პურს:
„პური წინასწარი დაკავების იზოლატორსა და კოლონიაში აგურის ფორმისაა და დღიური რაციონიც თითქმის ერთ მთლიან აგურს შეადგენს, თუმცა პრობლემა ის არის, რომ ეს პური, როგორც წესი, ჩაცომებულია და ყველას კუჭი მას ვერ უძლებს. მაგალითად, "მატროსკაია ტიშინაში" (მოსკოვის N1 წინასწარი დაკავების იზოლატორი), სადაც მთლიანობაში ორი წელიწადი გავატარე, პურის ჭამა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, რადგან გული ტალახივით იზილებოდა. ვაცლიდით ქერქს, ვახმობდით, რათა ჭამის შემდეგ მუცლები არ გაგვსკდომოდა“.
19 წლის კევინ ლიკი, რომელიც ახლახან რუსი ჯაშუშებისა და აგენტების პოლიტპატიმრებზე გაცვლის დროს გაათავისუფლეს, ზიზღით იხსენებს მაკარონს ადიღეს წინასწარი დაკავების იზოლატორში:
„მოხარშული, ერთმანეთზე მიკრული, თეთრი და ყველაზე იაფფასიან მარგარინში გაკეთებული. შეუძლებელი იყო მისი ჭამა“.
ყოფილი პატიმარი ამბობს, რომ თავი გაჰქონდა გარედან დედის მიერ მიწოდებული ამანათებით, მათ შორის დოშირაკით (სწრაფი მომზადების ატრიით), რომლის ჭამა შეიძლებოდა, იზოლატორის საკვებისგან განსხვავებით. 190 სანტიმეტრი სიმაღლის კევინ ლიკი გათავისუფლების შემდეგ 72 კილოგრამს იწონიდა.
კევინის მსგავსად სხვა პატიმრებიც ციხის კერძებზე საუბრისას არ იყენებენ ისეთ კატეგორიებს, როგორიცაა „გემრიელი“ ან „უგემური“. მათთვის საკვები ორ ნაწილად იყოფა: რომლის ჭამა შესაძლებელია და რომლის - შეუძლებელი.
ოლეგ ორლოვი, უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალიდან“, ერთმანეთს ადარებს საბჭოთა პატიმრისა და პუტინის რუსეთის პატიმრის კვებას. მისი თქმით, ადრე მხოლოდ ბალანდა იყო, ახლა კი ბალანდასთან ერთად ისეთი რამეც გამოერევა ხოლმე, რომლის ჭამაც შესაძლებელია.
71 წლის ოლეგ ორლოვმა ხუთი თვე გაატარა გისოსებს მიღმა, ვიდრე რუსეთის მთავრობამ იგი რუს ჯაშუშებში არ გაცვალა. ყოფილი პატიმრის თქმით, დიდი შეღავათია ამანათები და ციხის მაღაზიები, თუმცა ორლოვი იმასაც შენიშნავს, რომ, რაც უფრო შორს არის კოლონია მოსკოვიდან, მით უფრო უარესია ვითარება: ზოგან ციხის მაღაზიები არ მუშაობს, ზოგან კი ფორმალურადაა ღია, რადგან გასაყიდი არაფერი აქვთ.
ყოფილი პატიმარი მარია იხსენებს, თუ როგორ გაუჭირდა პატიმრობაში ყოფნა ბოსტნეულის გარეშე, რადგან, მისი თქმით, ამანათით ბოსტნეულის მიღება აკრძალულია.
„მარტო ხმელი პურით და ორცხობილათი შორს ვერ წახვალ, ძალიან გენატრება ბოსტნეული, რომელიც არსად იშოვება. კვირაში ერთხელ, ისიც თუ გაგიმართლა, შეიძლება ერთი კოვზი კომბოსტოს მწნილი შეგხვდეს!“
მარიას თქმით, წინასწარი დაკავების იზოლატორებსა და კოლონიებში მოხვედრილი ქალები ხშირად გარე მხარდაჭერის გარეშე რჩებიან, რაც კიდევ უფრო მეტად ამძიმებს მათ მდგომარეობას:
„თუ ქალს გარეთ არავინ ჰყავს, რა თქმა უნდა, იგი ვერ გადარჩება მხოლოდ ამ ბალანდით. საქმე მხოლოდ ის კი არ არის, რომ მისი ჭამა შეუძლებელია, უბრალოდ იმდენად მწირი და წყალწყალაა, რომ წვნიანი პირობითად თუ ეთქმის“.
კიდევ უფრო მძიმე ვითარებაში იმყოფებიან ადამიანები, რომლებიც რისკჯგუფს წარმოადგენენ და, შესაბამისად, გარკვეული სახის დიეტას საჭიროებენ. მხატვარი საშა სკოჩილენკო, რომელიც პატიმრობაში იმყოფებოდა ომის საწინააღმდეგო ეტიკეტების დამზადების გამო, ამბობს, რომ სასამართლო განხილვის დროს პროცესზე საუზმემდე მიჰყავდათ, ხოლო საკანში ვახშმის შემდეგ აბრუნებდნენ, რის გამოც ორი დღის განმავლობაში ლუკმა არ ჩასვლია პირში. გარდა ამისა, პატიმარს ტანჯავდა ცელიაკია, რის გამოც არ შეეძლო ჩვეულებრივი პურის და ნამცხვრების, მაკარონის, დაკონსერვებული საკვებისა და ა.შ. მიღება. ციხის ადმინისტრაციამ პრობლემა მარტივად გადაჭრა: პატიმარს, სპეციალური კვების შეთავაზების ნაცვლად, პურისა და ცომეულის მიწოდება შეუწყვიტა.
ამანათების იმედად
2010-იან წლებში პოლიტიკურ საქმეზე გასამართლებული მიხაილი (სახელი შეცვლილია), რომელიც მოსკოვის წინასწარი დაკავების იზოლატორში 22 წლის ასაკში მოხვდა, ამბობს, რომ იზოლატორში შიმშილი არ ყოფილა, კოლონიაში კი, კვებასთან დაკავშირებით, ძალიან მძიმე ვითარება იყო:
„ადამიანების უმეტესობას არ ჰქონდა საშუალება გარედან მიეღოთ ამანათები, ამიტომ ჭამდნენ იმას, რასაც კოლონიის ადმინისტრაცია აძლევდათ. შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც მხოლოდ სამზარეულოში იკვებებოდნენ, ცუდად გამოიყურებოდნენ. ციხის საკვების ჭამაც ძნელია და - მონელებაც“.
რუსეთის კოლონიებსა და წინასწარი დაკავების იზოლატორებში პატიმრებს შეუძლიათ მიიღონ საკვები და აუცილებელი ნივთები რამდენიმე გზით: გადაცემის (შეგზავნის), ამანათებისა და გადარიცხვების სახით; ონლაინმაღაზიების ან ციხის ჯიხურების საშუალებით.
წინასწარი დაკავების იზოლატორში ნებადართულია თვეში 30 კგ-ის შეტანა - იგულისხმება როგორც ჩვეულებრივი გადაცემა (შეგზავნა), ასევე ონლაინმაღაზიის მეშვეობით გაკეთებული შეკვეთები. ამ 30 კგ-ში არ შედის ამანათები და პატიმრის მიერ პირადი ფულით შეძენილი ნივთები, თუმცა ამანათების წონა შეზღუდულია. გარდა ამისა, პატიმარს შეუძლია შეინახოს მაქსიმუმ 50 კილოგრამი - აქ შედის ნივთები, წიგნები, საკვები და ა.შ. ანუ ყველაფერი დოკუმენტების გარდა. წინასწარი დაკავების იზოლატორებში წონის ლიმიტი არ არსებობს მხოლოდ ორსული და ბავშვებიანი ქალებისთვის.
კოლონიაში ერთი გადაცემისა და ამანათის მაქსიმალური წონა 20 კილოგრამია, ბანდეროლის - 5 კგ. კაცების კოლონიებში ნივთების შეგზავნისა და ამანათების მიღების რაოდენობა დამოკიდებულია რეჟიმის ტიპსა და სასჯელის მოხდის პირობებზე; ქალთა კოლონიებში ასეთი შეზღუდვა არ არსებობს.
პატიმრებს ასევე აქვთ პირადი ანგარიშები, რომლების შევსება შესაძლებელია გარედან, რათა პატიმრებმა შეძლონ გარკვეული ნივთების შეძენა ჯიხურებსა და ონლაინმაღაზიებში. ასეთი შესყიდვები არ ექვემდებარება მკაცრ კონტროლს - სიგარეტს არ ამტვრევენ, საკვებს კი არ აქუცმაცებენ, როგორც ამას აკეთებენ ჩვეულებრივი ამანათის („პერედაჩის“) შეგზავნის დროს.
„ასეთ მაღაზიებში, როგორც წესი, მწირი ასორტიმენტი და გაბერილი ფასებია, - ამბობს მარია, - ასე არის გათვლილი: ჩადენილი ცოდვების ფასს გვახდევინებენ. ძირითადად ნამცხვარი, ორცხობილა იყიდება. თუ ძალიან გაგიმართლებს, ძეხვიც შეიძლება გამოერიოს. თუმცა ყოველთვის ძალიან ცოტა შემოაქვთ, ყველასთვის სამყოფი არ არის. იმ ექვს თვეში, რაც ციხეში ვიყავი, მხოლოდ ერთხელ გადავაწყდი ხაჭოს“.
პატიმრების თქმით, ხანდახან ციხის ჯიხურებში ნაყიდი ან შეგზავნილი პროდუქტებიდან შესაძლებელია რაღაც ნორმალური კერძის გაკეთება, თუმცა პატიმრობის ადგილებში აკრძალულია ყველა სახის ღუმელითა და ქურით სარგებლობა, გარდა ამისა, ასევე ძნელად ხელმისაწვდომია ჭურჭელი და დანა-ჩანგალი.
„მაგალითად, გინდათ გააკეთოთ წვნიანი, მაგრამ არც ღუმელი გაქვთ და არც - ქვაბი. გაქვთ მადუღარა, იმავე კოლონიის მაღაზიაში შეგიძლიათ იყიდოთ პლასტმასის ვედრო. სწორედ მადუღარათი პლასტმასის ვედროში ხარშავენ წვნიანს. დანებიც არ არის, მაგრამ თუ თანამშრომლები კორუმპირებულები არიან, ისინი მოგყიდიან. ანდა კოვზს გალესავ და დანად აქცევ“, - ამბობს ივან ასტაშინი.
ყოფილი პოლიტპატიმარი მიხაილი იხსენებს, როგორ დაამზადეს მის კოლონიაში ელექტროქურა და როგორ იყენებდნენ მას, ვიდრე ჩხრეკისას არ ჩამოართვეს:
„იღებენ მადუღარას, როგორღაც ხსნიან მას და ამ მადუღარასგან აკეთებენ კუსტარულ ქურას, რომელსაც შემდეგ იყენებენ კერძების გასაკეთებლად“.
მარია ამბობს, რომ მას მხოლოდ წინასწარი დაკავების იზოლატორში შეეძლო საჭმლის მომზადება, ქალთა კოლონიებში კი პრობლემაა არა მხოლოდ ქურის არქონა, არამედ არანორმირებული, ქანცის გამცლელი სამუშაოც (ძირითადად სამკერვალო საამქროში):
„წინასწარი პატიმრობის იზოლატორში, თუ იყო საშუალება, ვიღებდით ერთ ჭარხალს, ერთ სტაფილოს, ერთ ხახვს და ვამზადებდით ბორშჩს. ყველაფერს წვრილად დავჭრიდით და ვყრიდით წყლით სავსე პლასტმასის თასში, სადაც ასევე ვდებდით მადუღარას. გაგიკვირდებათ, მაგრამ ასე მომზადებული საჭმელი ასჯერ უფრო გემრიელი იყო, ვიდრე სასადილოში დამზადებული ბალანდა“.
საკვები და წამება
ყოფილი პატიმრების თქმით, როცა პატიმარი ჩვეულებრივი პირობებიდან ხვდება საჯარიმო იზოლატორში, კვებასთან დაკავშირებული სირთულეების ნაცვლად მას ელოდება ნახევრად მშიერი ყოფა და პირობები, რომლებიც წამებასთანაა გათანაბრებული.
„სადამსჯელო საკანში მოთავსებულებს ეკრძალებათ პაემნები, სატელეფონო საუბრები, საკვების შეძენა, ამანათების, ბანდეროლებისა და შეგზავნილი ნივთების მიღება, - განუმარტა „ნოვაია გაზეტას“ ადვოკატმა კონსტანტინ კუდრიაშოვმა.
„ის, რასაც საჭმელი ჰქვია, დღეში სამჯერ შეაქვთ, მაგრამ ხშირად მისი ჭამა შეუძლებელია“, - ამბობს ადვოკატი ირინა ბირიუკოვა.
კოლონიის თანამშრომლები ასევე აწესებენ დამატებით შეზღუდვებს „დასჯილებისთვის“: მაგალითად, ალექსეი ნავალნის მხოლოდ ათ წუთს აძლევდნენ საკვების მისაღებად. გარდა ამისა, როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ჰყვებოდა, ვლადიმირის ოლქის სასჯელაღსრულების კოლონიის, ИК-6-ის ადმინისტრაციას მასთან მაშინ შეჰქონდა გამოწერილი სურსათი, როცა პატიმარი საჯარიმო იზოლატორში იყო გადაყვანილი და, შესაბამისად, შეუძლებელი იყო მისი მიღება (საჯარიმო იზოლატორში ამანათის მიღება აკრძალულია). პატიმარს აჩვენებდნენ საკვებს და შემდეგ ანადგურებდნენ:
„ეს ასე ხდება, - წერდა ნავალნი კოლონიიდან, - კარი იღება. დგას ადმინისტრაციის თანამშრომელი პაკეტით: "ნავალნი, მიიღეთ თქვენ მიერ ნაყიდი პროდუქტები: მოხარშული კვერცხები. მოაწერეთ ხელი. შეხედეთ, ვყრით ნაგავში, რადგან ვადა აქვს გასული. ნახეთ კარტოფილიც გაქვს და ბრინჯიც. უტილიზაციაზე ვუშვებთ. ხვალ გაფუჭდება. ოჰ! ფუნთუშაც გქონიათ? დღესასწაულისთვის იყიდეთ? მშვენივრად ცხოვრობთ. მოაწერეთ ხელი, რომ ფუნთუშა მიიღეთ, აქ კი მოაწერეთ, რომ გავანადგურეთ. მალფუჭებადი პროდუქტია!“
პატიმართა უფლებების დამცველი ორგანიზაციის „რუს სიდიაშაიას“ ერთ-ერთი თანამშრომელი, თვითონაც ყოფილი პატიმარი, The CurrentTimes-თან საუბარში აღწერს წამების კიდევ ერთ მეთოდს, რომელიც საკვების მიღებასთან არის დაკავშირებული: პატიმრებს აიძულებენ ჭამას იმ ჭურჭლიდან, რომელსაც იყენებდნენ ე.წ. „დაშვებულების“ და „დამცირებულების“ კასტის პატიმრები. ციხეში ამ ჭურჭელს „დასვრილი“ ჰქვია; როგორც ყოფილი პატიმარი ამბობს, ისე ხდება, რომ ზოგიერთ დაწესებულებაში დღეების განმავლობაში მხოლოდ ასეთი „დასვრილი“ ჭურჭლით გაწვდიან საკვებს:
დაშვებულები, დამცირებულები - ასე ეძახიან იმ პატიმრებს, რომლებიც გაუპატიურებას ან სხვა სახის დამცირებას განიცდიან სასჯელაღსრულების ადგილებში; ეს არის ყველაზე დაბალი კასტა რუსეთის ციხეების იერარქიაში. ამ ადამიანების ნივთებთან ან საკვებთან შეხებით პატიმარი ავტომატურად ხდება ამავე კასტის წევრი და ასევე ექვემდებარება ძალადობას; ფორმალურად (კანონით) ასეთ კასტებად დაყოფა აკრძალულია, თუმცა პრაქტიკულად რუსეთის კოლონიებში ამგვარი წესრიგი მოქმედებს სწორედაც რომ სასჯელაღსრულების სამსახურის თანამშრომლების თანხმობით, რაც აუტანელს ხდის პატიმართა ნაწილის ყოფას.
„ასე იქცევიან განსაკუთრებით ეტაპის (ტრანზიტის) დროს, როცა პატიმრებს ყველა ნივთი ჩამორთმეული აქვთ. უსხამენ წვნიანს ჯამში, უდგამენ მაკარონს თეფშით, მაგრამ პურს აძლევენ ხელში. ვინც ჭურჭელს გამოიყენებს, ის ეგრევე დამდაბლდება და "გაპეტუხდება" ანდა გაწითლდება. ვინც მეტ-ნაკლებად აზრზე მოსულია, მხოლოდ პურს აიღებს. არადა, ასეთი ვითარება (ეტაპში ციხეში ყოფნა) შეიძლება რამდენიმე დღე ანდა სულაც რამდენიმე თვე გაგრძელდეს“.
ყოფილი პატიმარი ჰყვება, რომ კოლონიაშიც, სადაც მას რეგულარულად აგზავნიდნენ საჯარიმო საკანში, საჭმელი ასევე „დასვრილი“ ჭურჭლით მიჰქონდათ, რის გამოც, კოლონიიდან გამოსვლისას 73 კილოგრამს იწონიდა მაშინ, როცა დაპატიმრებისას მისი წონა 115 კილოგრამი იყო. „იძულებული ვიყავი, მხოლოდ პური და წყალი მიმეღოო“, - ამბობს ის.
ყოფილმა პატიმარმა რუსლან სულეიმანოვმა 2018 წელს „ნოვაია გაზეტას“ განუცხადა, რომ ომსკის წინასწარი დაკავების იზოლატორში პატიმრებს აიძულებდნენ წიწიბურა „დასვრილი“ კოვზით ეჭამათ. ვინც უარს იტყოდა, სცემდნენ, აუპატიურებდნენ და წიწიბურას უკანალში ტენიდნენ.
ციხის შემდეგ
„იმას, რასაც რუსეთის ციხეებში ადამიანებს აჭმევენ, საბედნიეროდ გარეთ ვერ შეხვდებით, - ამბობს ივან ასტაშინი, - არა, რა თქმა უნდა, არის რაღაც ტრიგერი, მაგალითად, როცა ვინმე ახსენებს „პერლოვკას“ (ქერის ფაფას), ეგრევე ზიზღი მიჩნდება, თუმცა მესმის, რომ ობიექტურად შესაძლებელია ქერის ფაფის გემრიელად მომზადება. ან კიდევ ციხეში გავრცელებული კერძი კარტოფილი კომბოსტოსთან ერთად, რომელსაც ძალიან უსიამოვნო სუნი აქვს. პატიმრები მას "ბიკუსს" უწოდებენ. როცა ჩემმა მეგობარმა თქვა, რომ მას სურდა ბიგუსის (პოლონური კერძი) მომზადება, ინსტინქტურად დავიზაფრე“, - ამბობს ივან ასტაშინი .
მარია კი იხსენებს, რომ პირველი კერძი, რომელიც მან ციხიდან გამოსვლის შემდეგ მოამზადა, ბოსტნეულის სალათი იყო. „კოლონიებში იმდენი ფაფები, ბორშჩები და სუპები ვჭამე, რომ გათავისუფლებიდან ორი წლის განმავლობაში ერთი კოვზი ფაფა ან კოვზი წვნიანი არ მიჭამია“.
კევინ ლიკი, ისევე როგორც სხვები, რომლებიც პატიმართა გაცვლის შემდეგად გათავისუფლდნენ 2024 წლის აგვისტოში, გერმანიაში ჩასვლისთანავე, საავადმყოფოში მიიყვანეს სამედიცინო შემოწმებისთვის. ქალაქ კობლენცის საავადმყოფოში ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ უკლებლივ ყველა ყოფილ პატიმარს აღმოაჩნდა D ვიტამინის დეფიციტი.
ლიკს ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც აღმოაჩნდა: „დამეწყო ფარისებრი ჯირკვლის ანთება. როცა ვიკითხე, რასთან შეიძლებოდა ყოფილიყო დაკავშირებული, მიპასუხეს, რომ შესაძლოა ეს იყო სტრესის და ცუდი კვების შედეგი“.
კევინს არ ახსოვს, გათავისუფლების შემდეგ რა ჭამა პირველად, თუმცა ახსოვს განცდა:
„ჩვეულებრივმა საჭმელმა დიდი სიხარული მომიტანა. საერთოდ სულერთი იყო, რას ვჭამდი“.
ფორუმი