რეინჯერი სოფელ ცხემვანაში 10 დღის განმავლობაში იყო გარესამყაროს მოწყვეტილი, მისი გამოყვანა მთამსვლელებმა, რომლებიც მოხალისე მაშველების სტატუსით ეხმარებოდნენ ადამიანებს გურიასა და აჭარაში, მხოლოდ 1 მარტს შეძლეს.
ცხემვანა, სადაც რეინჯერების საგუშაგოს გარდა ტურისტებისთვის ცენტრიცაა მოწყობილი, ქობულეთიდან 25 კილომეტრით არის დაშორებული, სოფელ ჭახათიდან - 6-ით. სოფელ ჭახათამდე, დიდთოვლობის მიუხედავად, ავტომობილებით მისვლა შესაძლებელი იყო, ჭახათიდან ცხემვანამდე მიმავალი გზა კი რთული რელიეფის და თოვლის გამო გაუვალი აღმოჩნდა მუნიციპალიტეტის სპეცტექნიკისა და რეინჯერების ავტომობილებისთვის.
ხის სახლი, სადაც თოვლში დარჩენილი გენო გოგიტიძე აფარებდა თავს, მდინარის პირას დგას, სახურავზე მზის ენერგიის პანელები აქვს და შეშის ღუმლით თბება. კინტრიშის ნაკრძალზე მიმაგრებული 6 რეინჯერი, რომლებიც ჯამში 13 ათასი ჰექტარი დაცული ტყის კონტროლზე არიან პასუხისმგებლები, გარდა ფეხით შემოვლისა, ამ სახლში 10 დღეში ერთხელ, მორიგეობით რჩებიან 48 საათით ყველა სეზონზე. ამჯერად გენო გოგიტიძის მორიგეობის პერიოდი იყო.
„მამაჩემის ცვლის დრო იყო 20 თებერვალს, იქ რომ ავიდა, უკვე გამოცხადებული იყო თოვა და ვაფრთხილებდით, რომ არ იყო კარგი ამინდი და ვთხოვდით, ეგებ არ წასულიყო. თუ თოვს, იქ თოვს ორმაგად, მაგრამ ზედმეტად ალალი და პატიოსანი ადამიანია და თავისი სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულა.
მეორე დღეს უკვე იმდენად დიდი იყო თოვლის საფარი, წამოსვლა შეუძლებელი იყო. მოკლედ, იქ ჩარჩა და ჩარჩა. რომ მიხვდა, რომ თუ კიდევ დაემატებოდა თოვლი, აქედან საერთოდ ვეღარ გამოვალო, სცადა ფეხით წამოსულიყო, ეს ხდება 23 თებერვალს, რეინჯერებიც ავიდნენ აქედან, რომ შეხვედროდნენ, მაგრამ თოვლი იმდენად დიდი იყო, მამაჩემმა თქვა, რომ დავიხრჩობოდი ამ თოვლში და ვერავინ ვერ მიპოვიდაო და დაბრუნდა უკან”, - უყვება რადიო თავისუფლებას რეინჯერის შვილი, გვანცა გოგიტიძე.
ოჯახის წევრებს ბოლოს 23 თებერვალს ელაპარაკა, როცა უკან მიბრუნება მოუწია. რეინჯერები მობილური ტელეფონების გარდა რაციებსაც იყენებენ, თუმცა სიგნალი მხოლოდ 3 კილომეტრის მანძილზე აღწევს. იმის მიუხედავად, რომ გენო გოგიტიძე მზის ენერგიაზე მომუშავე ელემენტების წყალობით ტელეფონს ტენიდა, დიდთოვლობამ სატელეფონო კავშირიც შეაფერხა და ინტერნეტიც გაითიშა. მას შემდეგ, რაც მასთან კავშირი გაწყდა, ოჯახმა დახმარება ჯერ 112-ს სთხოვა, შემდეგ ადგილობრივ ხელისუფლებას და რეინჯერთა სამსახურს.
„მეგობრებო, ჩემი მეგობრის მამა არის რეინჯერი და ჩარჩა მთაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კინტრიშის ნაკრძალის ტერიტორიაზე, სოფელ ცხემვანაში. არც შუქი აქვს, ტელეფონიც დაუჯდა. რაციით ბოლოს გუშინ წინ დაუკავშირდნენ და ამის მერე კონტაქტზე არ გასულა არავინ. ჩამოყვანას ეცადნენ, მაგრამ უშედეგოთ (ტექნიკა არ არის შესაბამისი ალბათ). რითი შეგვიძლია დავეხმაროთ? თოვლმავალებით შესაძლოა წესით გამოყვანა”, - დაწერა 25 თებერვალს გურიის დასახმარებლად შექმნილ მოხალისეების ჯგუფში ნიკა ჩხარტიშვილმა.
ერთი დღის შემდეგ, 26 თებერვალს, უკვე თოვლში ჩარჩენილი რეინჯერის შვილი, გვანცა გოგიტიძე ითხოვდა დახმარებას: „თოვლის საფარის გამო საჭიროა დრონი ან ვერტმფრენი. ადამიანის სიცოცხლეა საფრთხეში”. დახმარებისთვის მზადმყოფი მოხალისეები მას მეორე დღესვე გამოეხმაურნენ.
„მე თვითონაც ვიცოდი, რომ თოვა იყო მოსალოდნელი და ვუყურებდი ამინდს, მაგრამ ამნაირ თოვლს არ ველოდი, რომ მცოდნოდა ასე გაიგიჟებდა თავს, ნაღდად წამოვიდოდი იმავე დღეს, მაგრამ მეორე დღეს მივხვდი, რომ უკვე ვეღარ წამოვიდოდი. თოვა, ქარი და საშინელი ამინდი იყო - გარეთ არ გამოისვლებოდა.
22-ში და 23-ში იყო ამინდი, 23-ში ვცდილობდი გამოსვლას, მაგრამ ვერ წამოვედი, ტელეფონს არ იჭერდა, რომ გამჭირვებოდა გზაში, ვერც მომისწრობდნენ, დავიღუპებოდი. მერე გაუტია, 25-ში თოვა იყო, 26-ში თოვა იყო - მარტოკაცი არ წამოისვლებოდა იქიდან, ზვავები მოდის, ძალიან საშიში ადგილებია, ვერ წამოხვიდოდი მარტო, ამინდი უნდა გამოსულიყო. ორ-სამჯერ სცადეს ჩემმა რეინჯერებმაც ამოსვლა, ბურანი ხომ გამოუშვეს, ვერ ამოვიდა, ბიჭებს დღესაც სიცხე აქვთ, დაცივდნენ”, - უყვება რადიო თავისუფლებას გენო გოგიტიძე სახლში დაბრუნების შემდეგ.
ის საბოლოოდ ორმა მთამსვლელმა, დავით წერეთელმა და დავით ვარდანიძემ გამოიყვანეს 1 მარტს სამშვიდობოს.
„მაშველები რომ მოვიდნენ, წნევა რომ მქონდა 130, ავიდა 170-ზე - სპეციალური თხილამურები ამოიტანეს და იმეებით გამოვედით. შიში ყოველთვის არსებობს, ოჯახია, მეუღლე, შვილები, ვინ არ ფიქრობ ეგეთ დროს ოჯახზე. მერე [იმაზეც ვფიქრობდი] რამე ისეთი არ შეჭამო, ავად არ გახდე, რამე ისეთი არ დალიო, რო მოიწამლო, არ გაცივდე.
საკვები ჩემიც მქონდა წაღებული და საგუშაგოზეც გვქონდა მარაგი, მაგრამ ერთი სამი-ოთხი კილო მაინც დავიკელი, იმიტომ არა, რო ჭამა დამაკლდა, ნერვიულობამ ქნა ყველაფერი. სამსაათ-ნახევარი დაგვჭირდა ჭახათამდე ჩამოსასვლელად. ეს ბიჭები რომ არ ამოსულიყვნენ და თხილამურები არ ამოეტანათ, მე იქიდან ვერ გამოვიდოდი”, - ამბობს ის.
იმ ათი დღის განმავლობაში, სანამ გენო გოგიტიძე გარესამყაროს იყო მოწყვეტილი, მისი იმედი ცხემვანას მამათა მონასტრის ბერები იყვნენ - სანამ თოვლში სიარული ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო, ისინი ერთმანეთს ამხნევებდნენ. რეინჯერს და სასულიერო პირებს შეთანხმებული ჰქონდათ ნიშანიც, რომელიც იმის სიგნალი უნდა ყოფილიყო, რომ გენო გასაჭირშია - საფრთხის შემთხვევაში ის სამსახურებრივ იარაღს ისროდა, რაც ბერებისთვის ნიშანი იქნებოდა, რომ მისი საქმე კარგად არ არის.
„112-ში მართლა უკვე მცნობდნენ, იმდენჯერ დავრეკე. პირველად რომ დავრეკე, მითხრეს, რომ აუცილებლად მოყვება რეაგირება, მაგრამ რეაგირება არ იყო - ფიზიკურად არ იყო ტექნიკა, რომ იმ წერტილში ასულიყო. გამგეობაშიც ვრეკავდით, ადგილობრივ სამაშველოშიც, რეინჯერების უფროსთანაც - ბოლოს მითხრეს, რომ ან უნდა დაელოდოთ, ან თქვენი ძალებით უნდა ქნათ რამე. 25 იყო ალბათ ეს [ან უნდა დაელოდოთ, ან თქვენი ძალებით უნდა ქნათ რამე] რომ მითხრეს - ამ დროისთვის ყველა უწყებისთვის გვქონდა მე და დედას მიმართული, ვერ ვიტყვი, რომ გულგრილად მოგვექცნენ, მაგრამ არც ადამიანური რესურსი და არც მობილიზებული ტექნიკა არ იყო, რომ მამაჩემისთვის გვეშველა. მეუბნებოდნენ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია - მართლა ეგრე იყო, ქობულეთში რეინჯერების სამსახურს ქონდა ერთი ტრაქტორი, რომელიც იყო ბათუმში. სხვა ტექნიკა, რაც გამგეობას ქონდა, ვერ იმუშავებდა იქ. ფეხით ხალხის გაშვება ძალიან სარისკო იყო, დრონებიც ვერ გაუშვეს უამინდობის გამო.
27-ში თოვლმწმენდი მანქანა რომ გაუშვეს, იმის მძღოლმა თქვა, 5 დღე მაინც დამჭირდება, ბოლომდე გზა რომ გავწმინდოო. მამა რო გამოვიდა, ამბობდა, 95% ადამიანების იქ ვერ გადარჩებოდაო”, - ასე იხსენებს გვანცა მამის გადასარჩენად გაწეულ ძალისხმევას. თავად ის მთელი ამ დროის განმავლობაში დედასთან ერთად ქობულეთის სოფელ ქვედა სამებაში იყო, ასევე თოვლისგან ჩაკეტილი და უწყებებთან მხოლოდ ტელეფონით ახერხებდა კომუნიკაციას.
გენო გოგიტიძე რეინჯერად 30 წელზე მეტია მუშაობს - თავიდან მძღოლად დაიწყო დაცულ ტერიტორიებში მუშაობა 1989 წელს. მისთვის ნაკრძალები და ველური ბუნების დაცვა მემკვიდრეობითი სამუშაოა, კინტრიშის ნაკრძალში ასევე 30 წელზე მეტი იმსახურა მისმა მამამ.
გურიასა და აჭარაში დიდთოვლობა 21 თებერვალს დაიწყო - ამ დროისთვის სახელმწიფოს უკვე ჰქონდა ინფორმაცია მოსალოდნელი უამინდობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ 112 თავად აფრთხილებდა მოსახლეობას მოსალოდნელ საფრთხეზე, სახელმწიფოს რეაგირებას თოვლში ჩარჩენილი მოსახლეობისა და გარესამყაროსგან მოწყვეტილი სოფლების დახმარებაში არასაკმარისად მიიჩნევს მოსახლეობის ნაწილი. 600-მდე პროფესიონალ მაშველთან და თავდაცვის ძალებთან ერთად როგორც გურიაში, ისე აჭარაში მოხალისეებიც მუშაობდნენ.
ფორუმი