თალიბანი წლების განმავლობაში თავს მსოფლიოს წინაშე, ერთიან, მონოლითურ ძალად წარმოადგენდა და ნებისმიერ უთანხმოებას თავის რიგებში უმალ და მკაცრად აღმოფხვრიდა ხოლმე.
ახლა, თალიბანის შიგნით უთანხმოების უპრეცედენტო გამოვლენა აჩვენებს, რომ დაჯგუფებაში ძალაუფლებისთვის მძაფრი ბრძოლაა.
ექსპერტები შიშობენ, რომ შიდა უთანხმოებას შეიძლება მოჰყვეს ძალადობა, რაც გადაიზრდება სამოქალაქო ომში და კიდევ უფრო არასტაბილურს გახდის რეგიონს.
„მიუხედავად საიდუმლოების და ერთიანობის კულტურისა, ბოლო ხანს საჯაროდ გამოჩნდა უთანხმოება“, - ამბობს მაიკლ სემპლი, ავღანეთის საკითხებში გაეროს და ევროკავშირის ყოფილი მრჩეველი. „ეს მეტყველებს იმაზე, რომ დაჯგუფებაში რეალური დაძაბულობაა“.
„ქაოსი და გაურკვევლობა“
შარშან დეკემბერში თალიბების მთავრობის მინისტრი დევნილთა საკითხებში, ხალილ ჰაყანი თვითმკვლელის მიერ ბომბის აფეთქებას ემსხვერპლა. ის იყო ყველაზე მაღალი რანგის მოხელე, რომელიც მას მერე მოკლეს, რაც თალიბანმა ძალაუფლება დაიბრუნა 2021 წელს.
ექსპერტების თანახმად, ჰაყანის მომხრეთა უმეტესობა კერძო საუბრებში მის მკვლელობას თალიბანში მოწინააღმდეგეებს აბრალებენ.
იანვარში თალიბანის მაღალი რანგის ერთმა მოხელემ ავღანეთი დატოვა მას მერე, რაც თალიბანის სულიერი წინამძღოლი, მოლა ჰაიბატულა ახუნძადა გააკრიტიკა.
„მისდიეთ მას, მაგრამ არა იმდენად, რომ ღმერთმა ნუ ქნას, მას წინასწარმეტყველის ხარისხი და ღვთაებრიობა მიანიჭოთ“, - თქვა მოჰამად აბას სთანიქზაიმ, თალიბანის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. ამ სიტყვების აუდიოჩანაწერი გასულ თვეში გავრცელდა. „თუ თქვენ ალაჰის გზას ოდნავ გადაუხვევთ, თქვენ აღარ ხართ ჩემი წინამძღოლი, მე თქვენ არ გაღიარებთ“.
სთანიქზაიმ გააკრიტიკა ახუნძადა ქალებისთვის განათლების აკრძალვის გამოც. ამ აკრძალვას მსოფლიოს ბევრ კუთხეში შეხვდნენ უარყოფითად.
თვითონ სულიერი წინამძღოლის ოპონენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებშია და, რომ ეს მის ჯანმრთელობას უკავშირდება. ცნობილი გახდა, რომ ის ავღანეთიდან გაიქცა მას მერე, რაც ახუნძადამ მისი დაპატიმრების ორდერი გასცა და უცხოეთში წასვლა აუკრძალა.
ამას დაერთვის ის, რომ სულ უფრო მეტი თალიბია უკმაყოფილო ჯამაგირის გადახდის შეფერხების გამო.
თალიბანი უარყოფს, რომ მის შიგნით უთანხმოებაა. თალიბთა უზენაესმა წარმომადგენელმა, ზაბიჰულა მუჯაჰედმა, Tolo News-ს, კერძო მაუწყებელს განუცხადა, რომ „ჯგუფში არასოდეს იქნება აზრთა სხვადასხვაობა, ის არასოდეს იქნება განხეთქილების წყარო და არ იმოქმედებს ისე, რომ ქვეყანას უბედურება დაატყდეს თავს, ძველი არასტაბილურობა დაბრუნდეს“.
ამ დროს, თალიბანში წყაროები, რომლებსაც ესაუბრა რადიო თავისუფლება, და რომლებიც ვინაობას არ ამხელენ, რადგან არ აქვთ მედიასთან საუბრის უფლებამოსილება, თალიბანში ახლა შექმნილ ვითარებას ახასიათებენ, როგორც „ქაოსურს“ და „გაურკვეველს“.
„ეს ცნობები იმავე მეტყველებს, რომ მართლაც გამოწვევის წინაშეა დაჯგუფების ერთიანობა, ერთი მხრივ, თალიბებს, ვინც გარიყულად მიიჩნევს თავს და, მეორე მხრივ, მათ შორის, ვინც ძალას გრძნობს“, ამბობს სემპლი, ამჟამად ბელფასტის სამეფო უნივერსიტეტის პროფესორი.
„ახლა სხვა ვითარებაა, - დასძენს ის, - თალიბების მოწინააღმდეგე ოპოზიცია ახლა უფრო სუსტია, ვიდრე 1990-იან წლებში“. - მკვლევარი გულისხმობს ავღანეთში თალიბების მმართველობის პირველ პერიოდს. - „მაგრამ ავღანეთის მოსახლეობის მოლოდინი ბევრად მაღალია, ხოლო თალიბების ქმედებებით სახალხო უკმაყოფილება - დღემდე არნახული. და უბედურმა თალიბებმა იციან ამის შესახებ“.
კონკურენცია დაჯგუფების შიგნით
თალიბანში შიდა განხეთქილება სულ უფრო და უფრო იკვეთება მას შემდეგ, რაც დაჯგუფებამ ავღანეთში ძალაუფლება დაიბრუნა 2021 წელს.
ახუნძადამ, რომელიც იშვიათად ტოვებს ყანდაარში თავის სიმაგრეს, მოახდინა ძალაუფლების მონოპოლიზება, გარიყა უფრო ზომიერი ფიგურები და ატარებს მკაცრ პოლიტიკას, რამაც ავღანეთი საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია.
ახუნძადას კონკურენტებს შორის არის სირაჯუდინ ჰაყანი, თალიბანის თავდაცვის მინისტრი და ჰაყანის ქსელის ლიდერი - ძლიერი ფრაქციისა, რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს აღმოსავლეთ ავღანეთში.
მათ რიგებს ეკუთვნის აგრეთვე მოლა მოჰამად იაქუბი, შინაგან საქმეთა მინისტრი და დაჯგუფების დამფუძნებლის, მოლა მოჰამად ომარის ვაჟი, ასევე მოლა აბდულ ღანი ბარადარი, რომელიც ხელმძღვანელობდა დაჯგუფების პოლიტიკურ ოფისს კატარში და თალიბანის კაბინეტის პრემიერ-მინისტრის მოადგილეა.
„ბოლოდროინდელი მოვლენები, განსაკუთრებით, დაძაბულობა თალიბანის სხვადასხვა ფრაქციას შორის, არის მნიშვნელოვანი გამოწვევა მათი ერთიანობისთვის, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი ან აუცილებლად ყველაზე დიდი საფრთხე“, - თვლის ჰათეფ მუხთარი, „ავღანეთის სტრატეგიული კვლევების ცენტრის” დირექტორი.
თალიბანში არის იდეოლოგიური განხეთქილება. თალიბანის ზოგიერთ ლიდერს სურს საერთაშორისო აღიარება და ეკონომიკური ინვესტიციები, ზოგისთვის კი პრიორიტეტია მკაცრი ისლამური წესების დაცვა, თუნდაც იზოლაციის ფასად, თქვა მუხთარმა.
მისი აზრით, ყანდაარში დაფუძნებული ხელმძღვანელობის მზარდი გავლენა ფრონტზე მეომარი ყოფილი მეთაურებისა და პოლიტიკური ოფისის ხარჯზე, ასევე დაძაბულობის წყაროა.
ამასობაში, ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო-ხორასანი“ (IS-K), რომელიც კვლავ საფრთხეს წარმოადგენს თალიბებისთვის, ამოწმებს, რამდენად აქვს დაჯგუფებას უნარი, შეინარჩუნოს უსაფრთხოება.
ამ საფრთხის წარმოსაჩენად, „ისლამურმა სახელმწიფო-ხორასანმა” პასუხისმგებლობა აიღო თვითმკვლელის მიერ 11 თებერვალს, ჩრდილოეთ ავღანეთში, ბანკთან განხორციელებულ თავდასხმაზე, რომლის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა, განაცხადა თალიბანმა. თალიბანის ორმა წყარომ - რომლებმაც ვინაობა არ გაამხილეს, რადგან არ ჰქონდათ მედიასთან საუბრის უფლება - თქვა, რომ თავდასხმის შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 14 ადამიანი, მათ შორის - დაჯგუფების წევრები.
თალიბანის მთავრობა, რომელსაც მსოფლიო არ აღიარებს, ნაღდი ფულის ნაკლებობას და მზარდ ფინანსურ ზეწოლას განიცდის.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, გაყინა ყველა საგარეო დახმარება, მათ შორის ავღანეთისთვისაც. ეს, სავარაუდოდ, გაამწვავებს ძლიერ ჰუმანიტარულ კრიზისს ქვეყანაში. ეროვნული ვალუტის, ავღანის, ფასი ბოლო კვირების განმავლობაში დაეცა, რამაც ყველაფერი გააძვირა.
ექსპერტების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თალიბანმა გამძლეობა გამოიჩინა შიდა დავების მართვაში, დაძაბულობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას დაჯგუფების ერთიანობას.
ყველაზე სავარაუდო სცენარი „დაბალი დონის შიდა ომი, მკვლელობები და შიდა წმენდაა, ვიდრე ღია სამხედრო დაპირისპირება“, - თვლის მუხთარი.
„მაგრამ თუ თალიბანი ვერ მოაგვარებს შიდა განხეთქილებებს, ავღანეთი საბოლოოდ შეიძლება შიდა ისლამისტური კონფლიქტის კიდევ ერთი ციკლის წინაშე აღმოჩნდეს”, - დასძინა მან.
ფორუმი