Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანმა აკრძალა ფანჯრების გაკეთება ისეთ ადგილებში, საიდანაც შეიძლება ჩანდნენ ქალები


ჰუმანიტარული დახმარების რიგში მდგომი ქალები. ქაბული, 23 მაისი, 2023.
ჰუმანიტარული დახმარების რიგში მდგომი ქალები. ქაბული, 23 მაისი, 2023.

თალიბანის უზენაესმა ლიდერმა ჰაიბატულა ახუნდზადამ გამოსცა ბრძანებულება, რომელიც კრძალავს ფანჯრების გაკეთებას საცხოვრებელი შენობებისთვის, რომელთა წინ მდებარე ტერიტორიებს „როგორც წესი, ქალები გამოიყენებენ“.

ბრძანებულების ტექსტი ტვიტერში გამოაქვეყნა თალიბების წარმომადგენელმა ზაბიულა მუჯაჰიდმა.

განცხადების თანახმად, ახალ შენობებს არ უნდა ჰქონდეთ ფანჯრები, რომლებიდანაც მოჩანს „ეზო, სამზარეულო, მეზობლის ჭა და სხვა ადგილები, რომელთაც შეიძლება იყენებდნენ ქალები“.

„ქალების თვალთვალმა, რომლებიც სამზარეულოებში და ეზოებში მუშაობენ ან წყალს იღებენ ჭიდან, შესაძლოა უხამსი საქციელი გამოიწვიოს,“ ნათქვამია ბრძანებულებაში.

მუნიციპალურ ხელისუფლებას და სხვა შესაბამის ორგანოებს დაევალათ, თვალ-ყური ადევნონ ახალ მშენებლობებს, რათა დაცულ იქნეს ახალი სტანდარტები. ასეთი ფანჯრების არსებობის შემთხვევაში შენობების მფლობელებმა უნდა ააგონ კედელი ან ხედი სხვა საშუალებებით ჩაკეტონ, „რათა მეზობლებს პრობლემები არ შეუქმნან“.

თალიბები ავღანეთში 2021 წელს მოვიდნენ ხელისუფლებაში და მას შემდეგ ქვეყანაში ქალებს თითქმის ყოველგვარი უფლებები ჩამოერთვათ. იუნესკოს მონაცემებით, ავღანეთში 1,4 მილიონზე მეტი გოგონა მოკლებულია სწავლის შესაძლებლობებს და ეს მთელი თაობის მომავალს უქმნის საფრთხეს.

თალიბანმა ქალთა უფლებების სფეროში მსოფლიოში ყველაზე სერიოზული კრიზისი წარმოშვა ხელისუფლებაში მოსვლის მომენტიდან, განაცხადა ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა, რომელსაც ნიუ-იორკში უდევს ბინა. „თალიბანის სასტიკი მმართველობის პირობებში ავღანელი ქალები და გოგონები ყველაზე საშინელ კოშმარში იმყოფებიან“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG