თალიბანის მმართველობის სტრუქტურა ნათელყოფს, რომ მისი პოლიტიკური გუნდი, რომელიც დოჰაში აწარმოებს მოლაპარაკებებს, პირდაპირ ვერ აკონტროლებს საველე მეთაურებსა და მებრძოლებს ავღანეთში.
მაშინ, როცა მოძრაობა თალიბანი ავღანეთის ყველა ოლქის ნახევარზე მეტს აკონტროლებს, მისი პოლიტიკური გუნდის მიერ გაცემული დაპირებები ეჭვებს იწვევს.
2020 წლის თებერვალში თალიბანის პოლიტიკური საკითხების კომისიამ კატარის დედაქალაქ დოჰაში აშშ-სთან მოლაპარაკებებში პირობა დადო, რომ თალიბანის პატივს სცემს ადამიანის უფლებებს და მის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებზე არ დაუშვებს უცხო ქვეყნის მებრძოლებს.
მაგრამ რადიო თავისუფლების ავღანური და ტაჯიკური სამსახურების ინფორმაცია ცხადყოფს, რომ თალიბანის ეგიდით ათასობით უცხოელი იბრძვის ავღანეთში.
რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, Human Rights Watch-მა განაცხადა, რომ მეამბოხეებმა, რომლებმაც ახლახან წაიწიეს წინ ღაზნიში, ყანდაარსა და ავღანეთის სხვა პროვინციებში, აპატიმრებდნენ და ჯგუფურად სჯიდნენ სიკვდილით ჯარისკაცებს, პოლიციელებსა და ავღანეთის მთავრობასთან კავშირში ეჭვმიტანილ სამოქალაქო პირებს.
ასეთი ცნობები ბადებს ეჭვებს, რამდენად ან საერთოდ აკონტროლებს თუ არა დოჰაში მყოფი პოლიტიკური ორგანო საველე მეთაურებსა და ჩრდილოვანი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებსაც თალიბანის სამხედრო ხელმძღვანელები ნიშნავენ დაკავებულ ტერიტორიებზე.
„ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა თალიბანის სამეთაურო სისტემისა და კონტროლის შესახებ ისაა, რომლის შესახებაც ამჟამად ყველაზე ცოტა ვიცით,“ ამბობს უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსი ტედ კალაჰანი. „საქმე ეხება თალიბებს, რომლებიც ავღანეთის მთავრობასთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს, და იმას, თუ რამდენად აკონტროლებენ ისინი საბრძოლო მოქმედებებს უშუალოდ ბრძოლის ველზე.“
ხელმძღვანელობა და კონტროლი
რადიო თავისუფლების შეკითხვაზე თალიბანის წარმომადგენელმა ზაბიულა მუჯაჰიდმა მოძრაობის სამეთაურო სტრუქტურა აღწერა. მისი მონათხრობიდან ჩანს, რომ დოჰაში მყოფი პოლიტიკურ საკითხთა კომისია პირდაპირ ვერ აკონტროლებს უკანასკნელ თვეებში ავღანეთში მიმდინარე ბრძოლებს.
როგორც მუჯაჰიდი ხსნის რადიო თავისუფლებისთვის მოწერილ წერილში, დოჰაში მყოფი პოლიტიკური ოფისი მხოლოდ ერთ-ერთია ოცზე მეტ კომისიასა და უწყებას შორის, რომლებიც ერთგვარი მინისტრთა კაბინეტის ფუნქციას ასრულებენ და თალიბანის უზენაეს ლიდერს, მალავი ჰიბატულა ახუნდზადას ექვემდებარებიან.
მუჯაჰიდის თქმით, თალიბანის მმართველი სტრუქტურის სხვა შტო - სამხედრო საქმეთა კომისია - კონტროლს უწევს მოძრაობის სამეთაურო ჯაჭვს პროვინციებისა და ოლქების დონემდე.
ახუნდზადა თალიბანის „უმაღლესი ავტორიტეტია“ რელიგიურ, პოლიტიკურ და სამხედრო საკითხებში. მას სამი მოადგილე ჰყავს.
პოლიტიკურ საკითხებში მისი მოადგილეა მოლა აბდულ ღანი ბარადარი, რომელიც პოლიტიკურ საკითხთა კომისიას ხელმძღვანელობს და დოჰაში წარმოებულ მოლაპარაკებებში თალიბანის დელეგაციას უდგას სათავეში.
სამხრეთის პროვინციების საკითხებში მოადგილეა მოლა მოჰამად იაყუდი, თალიბანის დამაარსებლის, მოლა მოჰამად ომარის ვაჟი. ის ასევე თალიბანის სამხედრო ოპერაციებს ხელმძღვანელობს.
აღმოსავლეთის პროვინციების საკითხებში მოადგილეა სირაჯუდინ ჰაყანი, რომელიც ამავე დროს ე.წ. „ჰაყანის ქსელის“ ხელმძღვანელია.
მუჯაჰიდის თქმით, სამხედრო სამეთაურო სტრუქტურას ხელმძღვანელობს სამხედრო საკითხების კომისია, რომელშიც იაყუდი და ჰაყანი დომინირებენ.
სამეთაურო სტრუქტურა მოიცავს შვიდ რეგიონულ „წრეს“, რომელთაგან თითო მინიმუმ სამი პროვინციის სამეთაურო სისტემისთვის არის პასუხისმგებელი.
თალიბანის სამხედრო საკითხების კომისია ჩრდილოვან მთავრობაში პასუხისმგებელია ასევე პროვინციებისა და ოლქების „გუბერნატორთა“ დანიშვნისა და ზედამხედველობისთვის.
აუცილებელი ევოლუცია
ანალიტიკოსების თქმით, თალიბანის ხელმძღვანელობის დღევანდელი სტრუქტურა აუცილებლობით იყო განპირობებული და მან ევოლუცია განიცადა 2001 წლის შემდეგ. ადგილობრივი სამხედრო მეთაურების დაქსაქსული სტრუქტურა შეცვალა უფრო ორგანიზებულმა პოლიტიკურმა და სამხედრო მოძრაობამ.
ხელმძღვანელობაში საკვანძო მნიშვნელობის ცვლილებები პასუხი იყო უთანხმოებაზე, რომელმაც მოქიშპე ფრაქციებად დაანაწევრა თალიბანი მას შემდეგ, რაც 2013 წელს გარდაიცვალა მისი დამაარსებელი მოლა ომარი.
ფაქტობრივად, ეს დანაწევრებულობა გაგრძელებაა ძალაუფლებისთვის ბრძოლისა, რომელიც პუშტუნების ტომობრივ სტრუქტურებს ემყარება.
მოძრაობის უზენაესი ლიდერის პოზიციისთვის ბრძოლაში ერთმა ნაწილმა მხარი დაუჭირა მოლა ომარის ვაჟს. მას ავღანეთის დასავლეთ და სამხრეთ ნაწილებში ჰყავს მიმდევრები. ის ასევე დომინირებდა თალიბანის უზენაეს საბჭოში, რაჰბარი შურაში, რომელიც ყუეტა შურას სახელით უფრო არის ცნობილი.
მეორე მხარეს არიან მეთაურები ავღანეთის აღმოსავლეთსა და პაკისტანში. ისინი დაკავშირებული არიან „ჰაყანის ქსელთან“.
როგორც აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტი (USIP) აღნიშნავს 2019 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში, უფრო შეკავშირებული სამხედრო და პოლიტიკური მოძრაობის შექმნით თალიბანმა „შეძლო ფართო ტერიტორიების ხელში ჩაგდება და მართვა.“
საამისოდ მან შექმნა თალიბანის ჩრდილოვანი მთავრობა. ამან სხვადასხვა ფრაქციის სამხედრო მეთაურებს მისცა საშუალება, დაენიშნათ ჩრდილოვანი მთავრობის წარმომადგენლები მათ კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებზე.
„მიუხედავად ამისა, ჩრდილოვანი მთავრობის სისტემა არათანაბარი და დროებითი ხასიათისაა,“ დაასკვნის USIP-ი.
კვლევის თანახმად, თალიბანში პოლიტიკური პროცესი წარმოებს როგორც ზევიდან ქვევით, ისე ქვევიდან ზევითაც - საველე მეთაურები და მებრძოლები საკუთარ გავლენას ახდენენ წესებზე.
კალაჰანის თქმით, ერთ-ერთი მთავარი საკითხია, შეძლებს თუ არა თალიბანი ამჟამინდელი სამეთაურო სტრუქტურის შენარჩუნებას.
დღევანდელი თალიბანი
„ძალიან გამარტივებული იარლიყი რომ გამოვიყენოთ, თალიბები არიან უკმაყოფილო ავღანელები,“ უთხრა კალაჰანმა რადიო თავისუფლებას. თუმცა, მისივე თქმით, მოძრაობაში ათასობით არაავღანელი მონაწილეობს.
„ეს აღარ არის პუშტუნების ეთნონაციონალისტური მოძრაობა. ის ბევრად უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე 1990-იან წლებში იყო,“ შენიშნავს კალაჰანი.
აშშ-ის თავდაცვისა და დემოკრატიის ფონდის წამყვან თანამშრომელს, ბილ როგიოს, არ სჯერა თალიბანის მიერ დოჰაში 2020 წელს გაკეთებული დაპირებებისა, რომ დაიცავს ადამიანის უფლებებს და მის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებზე არ შეუშვებს უცხოელ მებრძოლებს.
მისი თქმით, თალიბანი დღემდე ცდილობს შექმნას ავღანეთის ისლამური საამირო და ავღანელი ხალხი ისლამური კანონმდებლობის მკაცრ ვერსიას დაუქვემდებაროს.
მაგრამ როგიო ასევე ხედავს მნიშვნელოვან სხვაობას დღევანდელ თალიბანსა და მის 1990-იანი წლების ვერსიას შორის.
„თალიბანი ძირითადად ავღანელებისგან შედგება,“ უთხრა როგიომ რადიო თავისუფლებას. „მასში ავღანელები დომინირებენ. მაგრამ ეს ცოტა რთული საკითხია, ვინაიდან ‘ჰაყანის ქსელის’ მსგავსი ჯგუფები პაკისტანშიც მოქმედებენ და ავღანეთშიც.“
როგიოს თქმით, დღევანდელ თალიბანში მონაწილეობენ უზბეკები და ტაჯიკები, თურქმენებიც კი. ზოგ შემთხვევაში ეთნიკური ჰაზარებიც.
აშშ-ის ექსპერტთა თანახმად, 85 ათასი თალიბი მეომრიდან დაახლოებით 10 ათასი უცხოელია. ამათგან დაახლოებით 6500 პაკისტანის მოქალაქეა. ბევრია ცენტრალური აზიიდან, ჩეჩნეთიდან ანდა ახლო აღმოსავლეთის ჯგუფებიდან, როგორიცაა, მაგალითად, „ალ-ყაიდის“ ნარჩენები.
„ალ-ყაიდასთან“ ურთიერთობებში თალიბანის მთავარი კომპონენტია „ჰაყანის ქსელი“. ორ ჯგუფს მჭიდრო კავშირები აქვს, რაც მათ იდეოლოგიურ სიახლოვეს, საერთო საბრძოლო გამოცდილებას და ერთმანეთს შორის ქორწინებებს ემყარება.
ჩრდილოეთ ავღანეთში ძლიერია ტაჯიკების გავლენა. უკანასკნელ ხანებში დაკავებული ხუთი ოლქის გამგებლად თალიბანმა სწორედ ტაჯიკი მეთაური დანიშნა.
როგორც პროვინცია ბადღისის გუბერნატორმა ჰოსამუდინ შამსმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ჩრდილოეთ და დასავლეთ ავღანეთის ნაწილებში თალიბანისთვის უზბეკი მეომრები იბრძვიან.
ავღანეთის ჩრდილოელი მეზობლები შიშობენ, რომ ეს რადიკალური დაჯგუფებები ოდესმე შინ დაბრუნდებიან ცენტრალურ აზიაში და იქ დაიწყებენ ამბოხებას.
თალიბანი vs. ავღანეთის უშიშროების ძალები
ქაღალდზე თალიბები რიცხობრივად და ტექნიკური აღჭურვილობით ბევრად ჩამოუვარდებიან ავღანეთის ეროვნული უშიშროების ძალებს.
მაგრამ ანალიტიკოსები გვაფრთხილებენ, რომ ისევე, როგორც ეს ბევრ შემთხვევაში ხდება ავღანეთში, აქაც ქაღალდზე დაწერილი და რეალობა ერთმანეთს არ შეესაბამება.
ოფიციალურად ავღანეთის სამთავრობო ძალები რაოდენობით მინიმუმ სამჯერ აღემატება თალიბანის აქტიურ მებრძოლებს.
ამავე დროს ავღანეთს დიდ დახმარებას უწევდა აშშ, რომელმაც მას შემდეგ, რაც 2001 წელს დაემხო თალიბანის რეჟიმი, 83 მილიარდი დოლარი დახარჯა ავღანეთის უშიშროების ძალების შექმნაში, აღჭურვაში, გაწვრთნასა და შენახვაში.
ავღანეთის არმიას მოეპოვება ასევე 167 ერთეულისგან შემდგარი სამხედრო ავიაცია, მათ შორის საბრძოლო ვერტმფრენები.
მაგრამ ერთია ოცი წლის განმავლობაში ქაბულისთვის მიწოდებული იარაღი და მეორე - რა არის ბრძოლისთვის გამოსადეგი.
ავღანეთის სამთავრობო ჯარების რეალური არსენალის შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებულია. მაგრამ სხვადასხვა გადმოცემა ნათელყოფს, რომ ავღანეთის მთავრობის ხელთ არსებული შეიარაღების ნაწილი ან აღარ ფუნქციონირებს ან თალიბანს ჩაუვარდა ხელთ.
როგიოც და კალაჰანიც მიიჩნევენ, რომ თალიბები შეიარაღებას ძირითადად თავად ავღანეთშივე მოიპოვებენ.
ის მოიცავს ახლახან ხელში ჩაგდებულ დასავლური წარმოების იარაღს - საბრძოლო შაშხანებს, მანქანებსა და ღამის ხედვის მოწყობილობებს.
მაგრამ მათ ხელთ არის ასევე საბჭოთა წარმოების იარაღი, რომელმაც წალეკა ქვეყანა 1980-იანი წლების ომის პერიოდში - ავტომატი AK-47, რეაქტიული ყუმბარმტყორცნები და ნაღმსატყორცნები.
გარდა ამისა, ისინი ზოგჯერ ანტისაჰაერო და ანტისატანკო იარაღსაც ხმარობენ ხოლმე სხვადასხვა წარმატებით.
თალიბანის მიერ გამოყენებულ ყველაზე საშიშ შეიარაღებაში შედის პატარა რაკეტები, თვითმკვლელები და იმპროვიზებული ასაფეთქებელი მოწყობილობები.
ექსპერტების თქმით, თალიბანისთვის იარაღის კარგი წყაროა რეგიონული შავი ბაზრები.
ცნობილია, რომ თალიბანი ფართოდ იყენებს პაკისტანიდან იმპორტირებულ სასუქებისთვის განკუთვნილ ქიმიკატებს და ასაფეთქებელ მოწყობილობებს ამზადებს მათი მეშვეობით.
მაგრამ პაკისტანი, ირანი და რუსეთი უარყოფენ ქაბულისა და აშშ-ის სამხედროების ბრალდებებს, რომ პაკისტანი, ირანი და რუსეთი ავღანელ თალიბებს ფარულად აწვდიან შეიარაღებას ან სხვაგვარად ეხმარებიან მათ.