13 ნოემბერს ავღანეთში, პაქტიის პროვინციაში, ქალაქ გარდეზის სტადიონზე, მკვლელობისთვის ადრე ნასამართლევი ადამიანის საჯარო სიკვდილით დასჯა გაიმართა. რადიო თავისუფლების ავღანური სამსახურის ინფორმაციით, სტადიონზე ათასობით ადგილობრივი მცხოვრები შეიკრიბა სიკვდილით დასჯის სანახავად. მსჯავრდადებულს გულმკერდის არეში სამჯერ ესროლეს. გავრცელებული ინფორმაციით, სიკვდილმისჯილს ტყვია ესროლა იმ მამაკაცის ოჯახის წევრმა, რომლის მკვლელობისთვისაც გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი.
უზენაესმა სასამართლომ, რომელსაც ავღანეთის ხელისუფლებაში მყოფი რადიკალური „თალიბანის“ მოძრაობა აკონტროლებს, გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ვინაიდან მსჯავრდადებულმა თავისი მსხვერპლი ტყვიით მოკლა, ის დაისაჯა იმავე მეთოდით, როგორც ამას შარიათის კანონი მოითხოვს. სასიკვდილო განაჩენი „თალიბანის“ ლიდერმა მოლა ჰაიბატულა ახუნზადამ დაამტკიცა. სიკვდილით დასჯას ესწრებოდა "თალიბანის" მიერ დანიშნული შინაგან საქმეთა მინისტრი სირაჯუდინ ჰაკანი.
- სასტიკი მმართველობით ცნობილი, არაერთი ტერაქტის ორგანიზატორი „თალიბანი“ ავღანეთის ხელისუფლებაში 2021 წელს დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც ქვეყანა დატოვეს აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის სამხედრო ძალებმა.
- 2021 წელს ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, "თალიბანმა" მუსიკა აკრძალა და ცხადად გამოხატა, რომ პირის გაპარსვასა და წვერის გაკრეჭას ისლამური კანონებისა და ღირებულებების თავისი მკაცრი ინტერპრეტაციის დარღვევად მიიჩნევს.
- კერძოდ, მკაცრი შეზღუდვები შეეხო ქალთა უფლებებს. აღდგა საჯაროდ სიკვდილით დასჯის პრაქტიკა, რომელსაც "თალიბანი" ფართოდ იყენებდა 1996-2001 წლებში, როდესაც ის პირველად აკონტროლებდა ავღანეთის დიდ ნაწილს.
ფორუმი