Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რამდენჯერაც თავი ავწიე, იმდენი მუშტი მომხვდა“ - როგორ მოხვდა დაკავებული თორნიკე ბერაძე კლინიკაში


ფოტოილუსტრაცია:
ფოტოილუსტრაცია:

„დაკავებულ მოქალაქეებს არაადამიანურად ეპყრობიან“, - წერენ ის უფლებადამცველი ორგანიზაციები, რომლებიც პროევროპულ აქციებზე დაკავებულ მოქალაქეებს სამართლებრივ დახმარებას უწევენ.  

ძალადობის ისტორიებს ჰყვებიან ადამიანები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ დატოვეს იზოლატორები, რჩებიან კლინიკების პალატებში და თავს იცავენ სასამართლო დარბაზებში.

რადიო თავისუფლებამ ამ ამბების შეგროვება დაიწყო.

თორნიკე ბერაძე 1 დეკემბრის ღამეს მეგობარსა და ძმასთან ერთად ზუბალაშვილების ქუჩაზე დააკავეს

თორნიკეს ძმა ბექა რადიო თავისუფლების პროდიუსერია. იმ დროს, როცა თორნიკეს ისტორია ჩავწერეთ, იგი თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში წევს ტვინის შერყევის დიაგნოზით, ბექა საგარეჯოშია, წინასწარი დაკავების იზოლატორში. ძმებმა ერთმანეთი ბოლოს დაკავების შემდეგ პოლიციის მიკროავტობუსში ნახეს, რომლის იატაკზეც სისხლის გუბე იდგა და რომელიც სავსე იყო ნაცემი დემონსტრანტებით. ბექას 3 დეკემბრის გამთენიისას გამოუშვებენ, თორნიკეც, სავარაუდოდ, ამ დღეს დატოვებს კლინიკას.

„ინგოროყვადან მივდიოდით ზუბალაშვილების ქუჩისკენ, დეტალებში არ მახსოვს ზუსტად, ჩემი ძმა მიდიოდა წინ, მე და ჩვენი ერთი მეგობარი ოდნავ უკან მივყვებოდით, როცა სპეცრაზმელები გამოჩნდნენ. მათგან სამი თუ ოთხი მივიდა ჩემს ძმასთან, ძალიან აგრესიულად ეკითხებოდნენ, აქ რა უნდოდა - ეს რომ დავინახეთ, ჩვენც მივედით, ვიკითხეთ რა ხდებოდა, რაში იყო პრობლემა, ვუთხარით, რომ თუ ეს ქუჩა გადაკეტილი იყო, შეგვეძლო სხვა გზით წავსულიყავით. ეს რომ ვთქვი, ეგრევე ამომიდგა აქეთ-იქით ორი ადამიანი, აქეთ წამოდიო და ეგრევე დააყოლეს, რამდენს ლაპარაკობო.

ამომიტრიალეს ჯიბეები, ამომიღეს ტელეფონი, საფულე, სახლის გასაღები, მომაძვრეს ჩანთა და გადმოაპირქვავეს. შიგნით მედო წყლის ბოთლი, ნიღბები. მკითხეს ეს რა არის, რამე კანონსაწინააღმდეგო ხომ არ არისო და პირველი მუშტი მანდ დამარტყეს“, - ასე იხსენებს თორნიკე პირველი დეკემბრის ღამეს თავის შეხვედრას სპეცრაზმის წევრებთან.

როცა მას ბორკილები გაუკეთეს და რუსთაველის მიმართულებით წაიყვანეს, ცხადი არ იყო, რომ პოლიცია მის ძმას და მეგობარსაც დააკავებდა.

„ვცადე, ჩემი ძმისთვის დამეძახა, ფრთხილად ყოფილიყო, მაგრამ უკან რომ გავიხედე მაგის სათქმელად, კიდევ მომხვდა რამდენიმე მუშტი სახეში. მერეც, რამდენჯერაც თავს ვწევდი ზემოთ, იმდენი მუშტი მხვდებოდა, ყველა სპეცრაზმელი, ვინც გვხვდებოდა, მირტყამდა.

როცა ჩავედით რუსთაველზე, სანამ მიკროავტობუსში შემათრევდნენ, იქ იყო რამდენიმე სპეცრაზმელი, რომლებიც მეკითხებოდნენ რა მინდოდა აქციაზე, კიდევ გავიდოდი თუ არა, მეც ვაგინებდი თუ არა მათ. წრეში მომაქციეს და რაღაც პერიოდი მუშტებს მირტყამდნენ “, - იხსენებს თორნიკე.

სურათი, რომელსაც ის აღწერს, თითქმის იდენტურია სხვა დაკავებულების მონათხრობთან. დაკავებულების ისტორიებიდან იკვეთება, რომ პოლიცია არა მხოლოდ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა ცემისას, მორალურადაც ცდილობდა მათ გატეხას, არწმუნებდა რომ არასწორ ადგილას იყვნენ, რომ მეტსაც იმსახურებდნენ.

„ცემის პარალელურად, დაკავებულებს აფურთხებდნენ, აგინებდნენ და უყვიროდნენ. დაკავებულები იხსენებენ შემდეგ ფრაზებს: “ტრაკში გაგთხრით დუბინკას”, “მოგწონდათ გვარამია და ხაზარაძე?”, “შე ევროპელო, თქვენ ხო გევასებათ ტ-ში ტ***რი, გაგიკეთებთ დუბინკას უკან“, - ამტკიცებენ სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატები.

თორნიკე ჰყვება რომ მისი ცემა არც მაშინ შეწყდა, როცა მიკროავტობუსში ჩასვეს სხვა დაკავებულებთან ერთად - მინივენის ტიპის ამ ავტომობილებში პოლიცია დაკავებულებს აგროვებს სამმართველოებში გადასაყვანად, სადაც დაკავების ოქმებს აფორმებს და წინასწარი დაკავების იზოლატორებში აგზავნის.

„მიკროავტობუსში კოშმარი ხდებოდა, სულ ნაცემი ხალხი იჯდა, სისხლის გუბე იდგა მიკროავტობუსში - სადაც თავისუფალი ადგილი დავინახე, იქ დავჯექი. გვერდზე მჯდომმა რაღაც პატარა ნაჭერი მომაწოდა, თვითონაც ნაცემი იყო. სახის გაწმენდა რომ დავიწყე, ამ დროს კარი გაიღო, ვინც შემოყო თავი, იმ სპეცრაზმელმა კიდევ ჩამარტყა სახეში. მერე ისევ გაიღო კარი, ჩემი ძმა და ჩემი მეგობარი შემოიყვანეს.

მე ვიჯექი ყველაზე ახლოს მიკროავტობუსის კარებთან, რომელიც ჯამში სამჯერ გაიღო და ვინც შემოდიოდნენ, ყველა სახეში მირტყამდა. ბოლო ჯერზე სახეზე ხელი ავიფარე და წიხლებით მცემეს“, - ასე იხსენებს თორნიკე დროს პოლიციის სამმართველოში გადაყვანამდე.

პოლიციის სამმართველოში თორნიკესაც და სხვა დაკავებულებსაც საშუალება მისცეს დაებანათ პირი, - სულ დასახიჩრებული ვიყავიო. ამ ამბიდან ორი დღის შემდეგაც მას სახეზე მკაფიოდ ეტყობა სისხლჩაქცევებიც და დარტყმების კვალიც.

„განყოფილება სავსე იყო. მერე იზოლატორში წაგვიყვანეს მანქანით, იქ ისეთი საცობი დაგვხვდა, 4 საათი მანქანაში ველოდებოდით. ჩემი რიგი რომ მოვიდა, ჯერ სურათი გადამიღეს, როგორც წესია, მერე ექიმთან შემიყვანეს დასათვალიერებლად და შემომხედა თუ არა, ეგრევე მითხრა კლინიკაში იქნები გადასაყვანიო“, - საბოლოოდ თორნიკე მართლაც კლინიკაში წაიყვანეს. მან ჯერ არ იცის, როდის გაიმართება სასამართლო პროცესი, სადაც იმსჯელებენ იმაზე, დაარღვია თუ არა მან ადმინისტრაციული კანონი, გაუწია თუ არა პოლიციას წინააღმდეგობა ან ჩაიდინა თუ არა წვრილმანი ხულიგნობა.

თორნიკემ არც ის იცის, როდის შეძლებს პოლიციისგან დაკავებისას წართმეული პირადი ნივთების დაბრუნებას - მას ამ დროისთვის არც დოკუმენტები, არც საბანკო ბარათები, არც მობილური ტელეფონი არ აქვს.

2 დეკემბრის დილის მონაცემებით, შსს-ს ცნობით, ბოლო დღეების საპროტესტო აქციებზე დაკავებულია 224 ადამიანი. პოლიცია მათ ძირითადად წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას, დაუმორჩილებლობას ედავება. საქალაქო სასამართლოში სხდომები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს.

ნაცემთა და დაკავებულთა ისტორიები

რადიო თავისუფლებამ დაიწყო პროევროპული აქციის მონაწილეთა ცემისა და დაკავების ამბების შეგროვება:

„ოპერატორის თავზე რომ დახტიან, ასეთი რამ სამჯერ ვნახე იმ ღამეს“, - როგორ დააკავეს სვანიძეები
„ცხვირის და ყბის ძვლების, თვალბუდის მოტეხილობა და ტვინის შერყევა“ - დაკავებისას კიდევ ერთ დემონსტრანტზე იძალადეს
"თქვენ ხართ, ბიჭო, პატრიოტები? თქვენ ხომ ##აკში ###აური გევასებათ, ახლა ნახეთ, რას გიზამთო" - ლაზარე მაღლაკელიძე დაკავებისას ძალადობაზე
"ლოცვა დავიწყე და ორმაგად მცემა, აბა, თუ გიშველის ეგ ლოცვაო" - როგორ მოხვდა აქციაზე წასული ირაკლი ფიფია კლინიკაში
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულები - ვინ რა თქვა სასამართლო პროცესზე
"გემუქრებიან გაშიშვლებით, გაუპატიურებით, დუბინკებით, მაშხალებით" - ნოდარ აროშინაძის გზა აქციიდან კლინიკამდე
"საათი ამგლიჯეს და საყურე მომახიეს დაჭერისას" - მთარგმნელ დათა ხარაიშვილის დაკავების ამბავი
"აქციაზე დაკავებიდან მეორე დღეს მიგრაციის სამსახურიდან დამირეკეს" - გელა შიშობს, რომ საქართველოდან გაძევებას უპირებენ
"რევოლუციონერი ბიჭი დაუკავებიათ, გვითხარი რამდენი ფეიერვერკი და რამდენი ქვა ისროლეო" - ლუკა ძიძიგურის დაკავების ისტორია
„გადარჩენილი ვარ“ - ახალგაზრდა, რომლის ცემის კადრებმა აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გაიყვანა
„რამდენმა პოლიციელმაც დამინახა, ყველამ დამარტყა“ - როგორ ასამართლებენ აქციაზე დაკავებულებს
„რამდენჯერაც თავი ავწიე, იმდენი მუშტი მომხვდა“ - როგორ მოხვდა დაკავებული თორნიკე ბერაძე კლინიკაში
„კედელზე მიმანარცხა და მერე თავში მირტყა“ - სალომე ზანდუკელის ცემის ამბავი
„ფეხსაცმლის ლანჩებით მწიხლავდნენ. შემთხვევით გადავრჩი“ - გია ჯვარშეიშვილის ცემის ამბავი
ხელებშეკრულს მირტყამდნენ მუშტებს სახეში: ზვიად რატიანის ცემისა და დაკავების ამბავი

ფორუმი

XS
SM
MD
LG