Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კენჭისყრის დღეს გამოვლენილი დარღვევები - რა ვიცით


26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.
26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.

ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა, ერთზე მეტი ბიულეტენის გაცემა-გამოყენება, კოორდინატორების აქტიურობა, ამომრჩევლების ორგანიზება-აღრიცხვა, დამკვირვებლების შეზღუდვა-გამოძევება, ძალადობა - სამოქალაქო საზოგადოების სადამკვირვებლო მისიებმა, კენჭისყრის დღეს, სხვადასხვა სიმძიმის ათეულობით დარღვევა აღრიცხეს.

“სამართლიანი არჩევნების”, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა” და სამოქალაქო ორგანიზაციათა კოალიციის - “ჩემი ხმა” - სადამკვირვებლო ჯგუფებმა დღის განმავლობაში რამდენიმე ბრიფინგი გამართეს.

საიას დამკვირვებლებმა 21:00 საათისთვის დაახლოებით 300-მდე შემთხვევა აღრიცხეს. აქედან, საარჩევნო უბნის პერიმეტრზე 44 დარღვევა აღწერეს, ჩანაწერთა წიგნში დააფიქსირეს 51 შენიშვნა, საუბნო საარჩევნო კომისიაში დაწერეს 37, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე - 21 საჩივარი.

რას ეხება ეს დარღვევები კონკრეტულად?

ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა, კოორდინატორები, ამომრჩეველთა აღრიცხვა

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” [ISFED] ანგარიშებში ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის რამდენიმე საყურადღებო შემთხვევა მოხვდა. მათ შორის იყო ფულის გადაცემის სავარაუდო ფაქტებიც - გურჯაანისა და ტყიბულის ოლქებში:

  • #12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #23 საარჩევნო უბანთან, დამკვირვებლებმა გამოავლინეს ერთ-ერთი ამომრჩევლისთვის 50 ლარის გადაცემის შემთხვევა, როდესაც კოორდინატორები ამომრჩევლების მობილიზებას ახდენდნენ.
  • #57 ტყიბულის საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბანთან - “სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა კოორდინატორმა” კენჭისყრის ოთახიდან გამოსულ ამომრჩეველს 100 ლარის ოდენობით თანხა გადასცა.
  • #18 ახმეტის საარჩევნო ოლქის #17 საარჩევნო უბანთან - “სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა ქვემო ალვანში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ ამომრჩევლისთვის თანხის გადაცემას”.

ასევე ლაპარაკია ბენზინის ტალონის გადაცემის ფაქტზე, “ჩუღურეთის გამგეობის წარმომადგენლის მხრიდან” - #7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბანთან, რასაც ხმაური მოჰყვა.

კოალიცია “ჩემი ხმის” ცნობით, იმერეთში, 51-ე ოლქის 24-ე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა ფულის დარიგების შესაძლო შემთხვევები”.

კოალიციის დამკვირვებლებმა უბნების გარეთ გამოავლინეს, “ქართული ოცნების” კოორდინატორების მიერ, ამომრჩევლების აღრიცხვის პროცესი, “მათი პერსონალური მონაცემების გამოყენებით”, “რაც წარმოადგენს ამომრჩევლის ნების გამოვლენის კონტროლს და არის უკანონო”.

“საარჩევნო უბნების მიმდებარედ, კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრამდე პერიმეტრში, კვლავ შეინიშნება არაუფლებამოსილი პირების შეკრება, მათ შორის პარტიის კოორდინატორების მობილიზება, აგრეთვე, ამომრჩეველთა ორგანიზებული ტრანსპორტირებისა და მათ შესახებ ინფორმაციის მოგროვების შემთხვევები, ძირითადად მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირების მხრიდან”, - წერია ISFED-ის მიერ 18:00 საათისთვის გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ერთზე მეტი ბიულეტენის გაცემა-გამოყენება

ISFED-მა საღამოს გაავრცელა ინფორმაცია ერთზე მეტი ბიულეტენის გაცემის ფაქტებზე, მათ შორის : #81 ქობულეთის საარჩევნო ოლქის #14 საარჩევნო უბანში; #84 ხულოს საარჩევნო ოლქის # 1 საარჩევნო უბანში; #5 ისნის საარჩევნო ოლქის #17 და #51 საარჩევნო უბანში; #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #64 და #17 თელავის საარჩევნო ოლქის #6 საარჩევნო უბანში.

მანამდე, ორგანიზაციის მიერ უკვე აღრიცხული იყო მსგავსი ტიპის სხვა ფაქტები, მათ შორის - #1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #31 უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველს გადასცა სამი ბიულეტენი, თუმცა დარღვევა დამკვირვებლებმა ხმის მიცემამდე შენიშნეს. კომისიამ სამივე ბიულეტენს მოაჭრა კუთხე და დალუქა, ამომრჩეველმა კი უარი განაცხადა კენჭისყრის პროცესში მონაწილეობაზე.

ISFED-ის მისიამ გამოვლინდა მრავალჯერადი ხმის მიცემის ფაქტები:

  • #22 მარნეულის ოლქის #71 უბანზე დაფიქსირდა მრავალჯერადი ხმის მიცემის 2 შემთხვევა;
  • #44 ამბროლაურის ოლქის #18 უბანზე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც კომისიის წევრმა შეავსო ორი ბიულეტენი და ორივე ჩაყარა ყუთში.

მანამდე, დღის პირველ ნახევარში, სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციურმა სადამკვირვებლო მისიამ საგანგაშო ტენდენცია” უწოდა ამომრჩევლებისთვის ერთზე მეტ ბიულეტენის გაცემის ფაქტებს.

დღის პირველ ნახევარში კოალიცია ავრცელებდა ინფორმაციას - 50-მდე მსგავსი ფაქტის დაფიქსირების შესახებ, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა საარჩევნო ოლქში.

„ეს ტენდენცია გაყალბების მაღალ რისკებს ქმნის. მსგავსი შემთხვევები გამოიწვევს შემაჯამებელ ოქმებში ბალანსის დადგენის პრობლემას. შესაძლებელია, აღნიშნული, ასევე, მიზნად ისახავდეს საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის საფუძვლის ხელოვნურად შექმნას ან სხვა ტიპის მანიპულაციას“, - „ჩემი ხმა“ გაყალბების მაღალ რისკებზე დილიდან მიუთითებდა.

გადასატანი ყუთები

“მთელი საქართველოს მასშტაბით იკვეთება პრობლემები გადასატან ყუთთან დაკავშირებით. კერძოდ, გადასატანი ყუთი მოდის დაზიანებით, დაულუქავი, რიგ შემთხვევებში იმაზე ნაკლები ბიულეტენებით ვიდრე უნდა მოსულიყო. აღნიშნული ტენდეციაა ყველა რეგიონში”, - იტყობინებოდა “ჩემი ხმა” 19:30 საათისთვის [15:00-დან 17:00 საათამდე გამოვლენილ მდგომარეობაზე დაყრდნობით]; კერძოდ:

  • თბილისის მე-3 ოლქის მე-6 უბნის გადასატანი ყუთის ბიულეტენები დაიკარგა.
  • აღირიცხა გადასატანი ყუთის დალუქვის წესების დარღვევა: თბილისის მე-3 ოლქის 81-ე, 72-ე, მე-60, მე-10 უბნებზე; თბილისის მე-5 ოლქის მე-3 უბანზე და თბილისის მე-2 ოლქის მე-3 უბანზე.
  • რუსთავის მე-12 უბნიდან გადასატანი ყუთი უბნიდან გავიდა ორჯერ.
  • ხაშურის 35-ე ოლქის 23-ე საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთი დაბრუნდა დაულუქავი.
  • გურიაში, ოზურგეთის მე-60 ოლქის 35-ე უბანზე გადასატანი ყუთის ამომრჩეველთა სიაში იყო 30 ამომრჩეველი. უბნიდან გავიდა 30 ბიულეტენი, ხოლო ყუთი დააბრუნეს - 18 ხმითა და 10 გამოუყენებელი ბიულეტენით.“გაფუჭებული ბიულეტენები არ დაფიქსირებულა. დაიწერა საჩივარი. იგივე ტენდენცია დაფიქსირდა იმერეთში, 59-ე ოლქის 64-ე უბანზე”.

გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული დარღვევები ISFED-მაც აღნუსხა, მათ შორის - #63 აბაშის საარჩევნო ოლქის #13 საარჩევნო უბანში, სადაც” გადასატანი საარჩევნო ყუთით 26-მა ამომრჩეველმა ისე მისცა ხმა, რომ ამომრჩეველთა სიაში ხელი არცერთ ამომრჩეველს არ ჰქონდა მოწერილი”. მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა სხვა ოლქებსა და უბნებშიც. #79 ბათუმის ოლქის #15 საარჩევნო უბანში კი - “გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში რეგისტრირებული 6 ამომრჩევლის ნაცვლად, ხმა მისცა 7-მა ამომრჩეველმა”.

საიას დამკვირვებლების თანახმად, “თელავის ოლქის 29-ე საარჩევნო უბნიდან გადასატანი საარჩევნო ყუთს, წილისყრით განაწილებული პირების ნაცვლად, არაუფლებამოსილი პირები გაჰყვნენ”; ხოლო გლდანის ოლქის 63-ე უბნიდან გადასატანი საარჩევნო ყუთის დაბრუნების შემდეგ ერთით ნაკლები ბიულეტენი აღმოჩნდა გამოუყენებელ ბიულეტენებში.

ძალადობა დამკვირვებლებზე, მედიაზე

დღის განმავლობაში აღირიცხა დამკვირვებლების შეზღუდვის, უბნებიდან მათი გამოძევებისა და ძალადობის ფაქტები.

დღის პირველ ნახევარში, მარნეულის #69-ე უბანზე, თავს დაესხნენ კოალიცია „ჩემი ხმის“ დამკვირვებელს. მას ფიზიკური ძალის გამოყენებით დაატოვებინეს საარჩევნო უბანი იმ დროს, “როდესაც ის საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტს ვიდეოკამერით იღებდა”.

დღის 12:30 საათისთვის გავრცელდა ვიდეომასალაში კარგად ჩანს - როგორ ყრის კაცი რამდენიმე ბიულეტენს, ერთდროულად. კენჭისყრა შეწყდა და შედეგები ბათილად გამოცხადდა.

თავს დაესხნენ საიას თანამშრომელს/დამკვირვებელსაც

მარნეულის #4 უბანზე გიორგი გოცირიძეს თავს დაესხნენ კომისიის წევრი და უბნის გარეთ უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. „უბანზე არსებული დარღვევების დაფიქსირებისას გიორგი გოცირიძეზე ფიზიკურ ძალადობას წინ უსწრებდა მუქარა“, - აცხადებს საია.

გამოვლენილი ფაქტები სხვადასხვაგვარია:

  • ბათუმის 45-ე უბნის პერიმეტრზე საიას დამკვირვებელს პარტია „ქართული ოცნების” შტაბის წევრი დაემუქრა.
  • ნაძალადევის მე-15 უბნის პერიმეტრზე საიას დამკვირვებელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პირმა, რომელსაც, სავარაუდოდ, ჰქონდა ამომრჩეველთა სიები.
  • საბურთალოს ოლქის 81-ე უბნის საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა საიას დამკვირვებლის საჩივარი არ დაარეგისტრირეს და უბნიდან გამოაძევეს.

უბნებიდან გამოაძევეს არასამთავრობო სექტორის არაერთი დამკვირვებელი.

არასამთავრობო სექტორის დამკვირვებლებმა შენიშნეს „აგრესია და მტრული გარემო” მედიის წარმომადგენლების მისამართით.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით:

  • „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ თელავში, მარნეულსა და ვაზისუბანში.
  • ფიზიკურად გაუსწორდნენ CNews-ის ჟურნალისტს.
  • „მთავარი არხის“ წარმომადგენლებს ხელი შეუშალეს მუშაობაში კახეთსა და ბათუმში.
  • გამოვლინდა „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტი რუსთავში.
  • სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას ცდილობდნენ რადიო „მარნეულის“, „პუბლიკას“, „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ ჟურნალისტებისთვის.

“ჟურნალისტზე თავდასხმა პრესის თავისუფლების დარღვევაა და დემოკრატიულ საზოგადოებას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის”, - აცხადებს საია. აღნიშნავს ასევე, რომ - ორგანიზაციის დამკვირვებლების მიმართ “უარყოფითი დამოკიდებულება მთელი დღის განმავლობაში არ წყდებოდა”.

სამოქალაქო ორგანიზაციების ანგარიშებში აღრიცხულია სხვა არაერთი დარღვევა

“არჩევნებმა მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა. ამომრჩეველთა აქტივობა და ის ფაქტი, რომ პროცესი წარიმართა ფაქტობრივად ხარვეზების გარეშე ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაუწია ორგანიზება არჩევნებს”, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG