Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

BRICS - პუტინის იზოლაციიდან და სანქციებიდან თავის დახსნის საშუალება


ვლადიმირ პუტინი BRICS-ის ყაზანის სამიტზე
ვლადიმირ პუტინი BRICS-ის ყაზანის სამიტზე

ყაზანში მეორე დღეა მიმდინარეობს სახელმწიფოთაშორისი გაერთიანების, BRICS-ის XVI სამიტი. რუსეთის სახელმწიფო მედია ხაზს უსვამს დიდი სახელმწიფოების ლიდერთა მონაწილეობას ღონისძიებაში.

ყაზანში მეორე დღეა მიმდინარეობს სახელმწიფოთაშორისი გაერთიანების, BRICS-ის XVI სამიტი. რუსეთის სახელმწიფო მედია ხაზს უსვამს დიდი სახელმწიფოების ლიდერთა მონაწილეობას ღონისძიებაში, რაც, პროპაგანდის თანახმად, „იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი არ იმყოფება საერთაშორისო იზოლაციაში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო“. სამიტის მეორე დღეს შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ყაზანის დეკლარაცია, რომელშიც, რუსული მედიის ცნობით, შეჯამებულია რუსეთის თავმჯდომარეობის შედეგები და დასახულია ორგანიზაციის სამომავლო პრიორიტეტები.

23 ოქტომბერს BRICS-ის ლიდერთა სამიტის სხდომა დასრულდა ყაზანის დეკლარაციის მიღებით, რომელშიც, რუსული მედიის ცნობით, შეჯამებულია ორგანიზაციაში რუსეთის თავმჯდომარეობის შედეგები და დასახულია სამომავლო პრიორიტეტები.

დეკლარაცია - ტრადიციულად ზოგადი და ბუნდოვანი

„ქვეყნები კიდევ ერთხელ ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას BRICS-ის სულისკვეთების მიმართ, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთგაგებას, სუვერენულ თანასწორობას, სოლიდარობას, დემოკრატიას, ღიაობას, ინკლუზიურობას, ურთიერთქმედებასა და კონსენსუსს. პარტნიორული ურთიერთობების გაფართოება ხელს შეუწყობს საერთო სიკეთეს“.

მიღებული დოკუმენტის მიხედვით, BRICS-ის წევრები შეშფოთებულნი არიან გლობალურ ეკონომიკაზე უკანონო სანქციების ნეგატიური ზემოქმედებით: „ასეთი ზომები ძირს უთხრის გაეროს წესდებას, მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას, მდგრად განვითარებასა და გარემოსდაცვით შეთანხმებებს. <...> ყველა უთანხმოება და დავა ქვეყნებს შორის უნდა გადაწყდეს მშვიდობიანი გზით, დიალოგისა და კონსულტაციების გზით: ჩვენ ხაზს ვუსვამთ უსაფრთხოების სფეროში ყველა ქვეყნის ლეგიტიმური და გამართლებული ინტერესების პატივისცემის აუცილებლობას“.

BRICS მოუწოდებს ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტას ღაზის სექტორში და ორივე მხარის ყველა მძევლისა და დაკავებულის გათავისუფლებას წინაპირობების გარეშე.

„კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას პალესტინის სახელმწიფოს გაეროს სრულუფლებიან წევრად მიღებისადმი, საერთაშორისო სამართლის საფუძველზე ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის ურყევი ვალდებულების კონტექსტში“, - ნათქვამია დოკუმენტში, რომელშიც ასევე ხაზგასმულია ლიბანისა და სირიის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის აუცილებლობა.

BRICS-ის ყაზანის დეკლარაციაში უკრაინაში მიმდინარე ომიც არის ნახსენები, თუმცა დოკუმენტის ეს ნაწილი ყველაზე მეტი ბუნდოვანებით გამოირჩევა, რადგან დეკლარაციას ხელმომწერი ქვეყნები იხსენებენ იმ ეროვნულ პოზიციებს უკრაინასა და მის ირგვლივ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, რომლებიც მოყვანილია შესაბამის ფორუმებში, მათ შორის - გაეროს უშიშროების საბჭოსა და გაეროს გენერალური ასამბლეის საბჭოში.

„ხაზგასმით ვამბობთ, რომ ყველა სახელმწიფო უნდა მოქმედებდეს გაეროს წესდების მიზნებისა და პრინციპების შესაბამისად. ჩვენ კმაყოფილებით შევეგებებით შესაბამის წინადადებებს შუამავლობის შესახებ, რომლებიც მიზნად ისახავენ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების უზრუნველყოფას დიალოგისა და დიპლომატიის გზით“, - ნათქვამია დოკუმენტში, რომლის მიღებას წინ უძღოდა ორგანიზაციის ლიდერთა სხდომა.

დეკლარაციის მიღებამდე უკრაინის თემას შეეხო ჩინეთის ლიდერი სი ძინპინიც: „ჩინეთმა, ბრაზილიამ და გლობალური სამხრეთის ქვეყნებმა შექმნეს „მშვიდობის მეგობრების“ ჯგუფი, რომელიც მიზნად ისახავს მშვიდობის მხარდასაჭერად რაც შეიძლება მეტი ქვეყნის ძალისხმევის გაერთიანებას. საჭიროა სწრაფი დეესკალაცია კონფლიქტის გაფართოების თავიდან აცილებისა და სხვა ქვეყნებზე მისი გავრცელების პრევენციის საშუალებით“.

ბრაზილიის პრეზიდენტი ლუიზ ინასიო ლულა და სილვა, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი სირილ რამაფოზა, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. იოჰანესბურგი, BRICS-ის სამიტი. 2023 წლის 23 აგვისტო
ბრაზილიის პრეზიდენტი ლუიზ ინასიო ლულა და სილვა, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი სირილ რამაფოზა, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. იოჰანესბურგი, BRICS-ის სამიტი. 2023 წლის 23 აგვისტო

„BRICS-ი უნდა გახდეს უფრო ეფექტიანი ინსტრუმენტი გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა.

ნაკლებად დიპლომატიური იყო ვენესუელის ლიდერი ნიკოლას მადურო, რომლის თქმითაც, ვენესუელა აღფრთოვანებულია რუსეთის გამარჯვებებით და ამაყობს მასთან მეგობრობით:

„ჩვენ მივყვებით ბრძოლას, რომელსაც რუსეთი აწარმოებს ნაციზმისა და ფაშიზმის წინააღმდეგ, ჩვენ ასევე აღფრთოვანებული ვართ იმ გამარჯვებებით, რომლებსაც თქვენ მიაღწიეთ რუსი ხალხისთვის გლობალური ბრძოლის ყველა ფრონტზე: ეკონომიკურ ფრონტზე, კულტურულ ფრონტზე. სამხედრო, პოლიტიკურ, დიპლომატიურ ფრონტზე“.

ნიკოლას მადურო
ნიკოლას მადურო

მადუროსთან პირისპირ შეხვედრისას პუტინმაც არანაკლები „გულწრფელობა“ გამოავლინა, როცა რუსეთისა და ვენესუელის ერთობლივ ძალისხმევას შეეხო.

„რუსეთი და ვენესუელა ერთად ცდილობენ ჩამოაყალიბონ ახალი, უფრო სამართლიანი მსოფლიო წესრიგი, რომელიც დაფუძნებულია კანონის უზენაესობაზე, ნეოკოლონიური მიდგომების გამოყენების დაუშვებლობაზე, სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში ჩაურევლობაზე, პოლიტიკური და ფინანსური ზეწოლის დაუშვებლობაზე“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

საერთო ღირებულებები თუ საერთო გასაჭირი?

23 ოქტომბერს BRICS-ის ლიდერთა სამიტის გამხსნელ სხდომაზე პუტინმა განაცხადა, რომ სამიტზე შეკრებილი ყველა ქვეყანა მოწმეა BRICS-ის დინამიკური განვითარების, მსოფლიო საქმეებში მისი ავტორიტეტისა და გავლენის გაძლიერების. მისი თქმით, ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ფლობენ უზარმაზარ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო, ტექნოლოგიურ და ადამიანურ პოტენციალს.

„ამავდროულად, ჩვენ გვაერთიანებს საერთო ღირებულებები და მსოფლმხედველობა. სამართლიანი იქნება იმის თქმა, რომ BRICS-ი შედგება თანამოაზრეებისაგან - სუვერენული ქვეყნებისგან, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა კონტინენტს, განვითარების მოდელებს, რელიგიებს, თვითმყოფად ცივილიზაციებსა და კულტურებს“, - განაცხადა პუტინმა, რომლის გარდა დისკუსიაში ბრაზილიის, ინდოეთის, ჩინეთის, სამხრეთ აფრიკის, ირანის, ეგვიპტის, ეთიოპიისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლების წარმომადგენლები და უმაღლესი პირები მონაწილეობდნენ.

რუსეთის პრეზიდენტმა გაიხსენა BRICS-ის წინა, „იოჰანესბურგის სამიტის“ ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება:

  • ფინანსური თანამშრომლობის გაღრმავება BRICS-ის ფარგლებში
  • ორგანიზაციის შემდგომი გაფართოება

ამ კონტექსტში პუტინმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ BRICS-ის მე-16 სამიტი გაფართოებულ ფორმატში პირველად იმართება მას შემდეგ, რაც 2024 წელს გაერთიანებას დაემატა კიდევ ხუთი ქვეყანა.

BRIC-ი შეიქმნა 2006 წელს ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთისა და ჩინეთის მიერ. სამხრეთი აფრიკა ორგანიზაციას შეუერთდა 2011 წელს. 2024 წლის 1 იანვარს ჯგუფის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ: ეგვიპტე, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი და ეთიოპია.

პუტინს არ დაუმალავს, რომ ფინანსური თანამშრომლობის გაღრმავებაც და ორგანიზაციის გაფართოებაც დასავლეთთან დაპირისპირებისთვის სჭირდება.

„რა თქმა უნდა, არასწორი იქნება გლობალური სამხრეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნების BRICS-თან ურთიერთობის უპრეცედენტო დაინტერესების იგნორირება, - აღნიშნა პუტინმა შეხვედრის გამხსნელ სიტყვაში, - ამა თუ იმ ფორმით თანამშრომლობის სურვილი უკვე 30-ზე მეტმა სახელმწიფომ გამოთქვა. თუმცა, აქ ბალანსი მნიშვნელოვანია - ორგანიზაციის ეფექტურობა არ შეიძლება შემცირდეს“.

ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

პუტინი ტრადიციულად გაეჯიბრა დასავლეთს, როცა გამოაცხადა, რომ მსყიდველობითი უნარის პარიტეტის თვალსაზრისით 2024 წლის ბოლოს ორგანიზაციის ქვეყნები დამაჯერებლად გადაუსწრებენ G7-ის ქვეყნების წილს (30%-ს), გარდა ამისა, მისი თქმით, ეკონომიკური აქტივობის ცენტრები გადადის განვითარებად ბაზრებზე. დასავლეთის ქვეყნებში კი ვალის ტვირთი იზრდება:

„ფორმირდება მულტიპოლარული მოდელი, რომელიც ზრდის ახალი ტალღების გაშვებას იწყებს, პირველ რიგში, გლობალური სამხრეთისა და, ბუნებრივია, BRICS-ის ქვეყნების ხარჯზე. შემდგომი განვითარებისთვის რუსეთს არაერთი წინადადება აქვს. მათ შორის: BRICS-ის საინვესტიციო პლატფორმის შექმნა, მარცვლეულის ბირჟის გახსნა და ცალკე პლატფორმის შექმნა ძვირფასი ლითონებისა და ალმასებისთვის“.

თუმცა, როგორც პოლიტიკისა და ეკონომიკის ანალიტიკოსები შენიშნავენ, ერთია პუტინის სურვილები და მეორე - BRICS-ის შესაძლებლობები. სააგენტო Bloomberg-ის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ იზრდება ინტერესი BRICS-ის, როგორც დასავლეთის პოლიტიკური და ეკონომიკური საპირწონეს მიმართ, დაძაბულობა იმატებს მის შიგნით, რადგან გაერთიანების წევრი ქვეყნები ვერ თანხმდებიან დოლარზე (როგორც მსოფლიო სარეზერვო ვალუტაზე) დამოკიდებულების შემცირების საკითხსა და გაერთიანების შემდგომი გაფართოების მიზანშეწონილობაზე.

„მაშინ როცა BRICS-ი მხარს უჭერს ეროვნული ვალუტების უფრო მეტ გამოყენებას ორმხრივ ვაჭრობაში, მისი წევრები, ინდოეთის ჩათვლით, ეწინააღმდეგებიან ჩინური იუანის, როგორც ალტერნატიული სარეზერვო ვალუტის პოპულარიზაციის მცდელობებს“, - წერს სააგენტო, რომელიც ასევე ციტირებს ანონიმ ინდოელ ოფიციალურ პირებს:

„ინდოეთი ჯერჯერობით ეწინააღმდეგება შემდგომ გაფართოებას და მხარს უჭერს მხოლოდ BRICS-ის პარტნიორი ქვეყნების კატეგორიის გაფართოებას ანუ ქვეყნების დამატებას ხმის უფლების გარეშე, რადგან ინდოეთს არ სურს გაერთიანების გადაქცევა ანტიამერიკულ ორგანიზაციად, რომელშიც დომინანტები იქნებიან ჩინეთი და რუსეთი“.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. ყაზანი, 2024 წ. 23 ოქტომბერი
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. ყაზანი, 2024 წ. 23 ოქტომბერი

სააგენტო Bloomberg-ის მიხედვით, ინდოეთის პოზიციას იზიარებენ ბრაზილია და სამხრეთი აფრიკა:

„სამხრეთ აფრიკის გავლენის შესუსტების ნებისმიერი მცდელობა, BRICS-ში ნიგერიის ან მაროკოს მოწვევით, უარყოფილი იქნება. არაბთა გაერთიანებული საამიროები სრულად უარყოფს ნებისმიერ მცდელობას, წარმოაჩინონ BRICS-ის წევრობა, როგორც ნიშანი იმისა, რომ გლობალური სამხრეთი ოპოზიციაშია დასავლეთთან. სპარსეთის ყურის ამ სახელმწიფოს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს დასავლეთთან, მათ შორის - შეერთებულ შტატებთან“.

The Economist-ის მიხედვით, BRICS-მა არსებობის თითქმის 20-წლიანი ისტორიის განმავლობაში ცოტა რამეს თუ მიაღწია. თუმცა, პუტინი იმედოვნებს, რომ რუსეთის თავმჯდომარეობის პირობებში გაერთიანებას მეტი წონა და გავლენა მიეცემა ფინანსური ანგარიშსწორების ახალი გლობალური სისტემის შექმნით, რომელიც, მისი აზრით, დარტყმას მიაყენებს ამერიკის დომინირებას გლობალურ ფინანსურ ბაზარზე და დაიცავს რუსეთსა და მის მეგობრებს სანქციებისგან.

„პუტინი იმედოვნებს, რომ BRICS-ის ანგარიშსწორების სისტემა საშუალებას მისცემს ქვეყნებს, ეკონომიკური ტრანზაქციები განხორციელდეს იმ სახელმწიფოებისგან დამოუკიდებლად, რომლებმაც გადაწყვიტეს დოლარი და ევრო იარაღად აქციონ“, - წერს გამოცემა.

სისტემა, რომელსაც რუსეთი BRICS Bridge-ს უწოდებს, ერთი წლის განმავლობაში უნდა შეიქმნას. მოსკოვში დარწმუნებული არიან, რომ ანგარიშსწორების ეს სისტემა საშუალებას მისცემს ქვეყნებს, განახორციელონ ტრანსსასაზღვრო ანგარიშსწორებები იმ ციფრული პლატფორმების გამოყენებით, რომლებითაც ოპერირებენ ამ ქვეყნების ცენტრალური ბანკები. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ BRICS Bridge კონცეფცია „ნასესხებია“ mBridge სისტემიდან, რომელსაც ნაწილობრივ მართავს დასავლური სამყაროს ფინანსური საყრდენი, საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი (Bank for International Settlements - BIS).

საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი - (Bank for International Settlements - BIS), ცენტრალური ბანკების საერთაშორისო სავალუტო-საკრედიტო ორგანიზაცია. დაარსდა 1830 წელს ქ. ბაზელში (შვეიცარია). საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი – სახელმწიფოთაშორისი ბანკია, რომელიც ატარებს კომერციულ ოპერაციებს ცენტრალური ბანკებისათვის და მონაწილეობს საერთაშორისო სავალუტო თანამშრომლობის ორგანიზაციაში, წვერები არიან ევროპისა და ამერიკის ცენტრალური ბანკები. 60-70-იან წლებში საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი მონაწილეობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ორგანოების მუშაობაში საერთაშორისო სავალუტო სისტემის რეფორმის საკითხებზე, ასევე სხვადასხვა კომისიაში სავალუტო-ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, ბანკის უმაღლესი ორგანოა წევრი ბანკების ხელმძღვანელთა შეხვედრა, მიმდინარე საქმეებს ხელმძღვანელობს დირექტორთა საბჭო.

„ბატონი პუტინი იმედოვნებს, რომ BRICS-ის სამიტზე გარკვეულ სარგებელს ნახავს დოლარის მიმართ რიგი ქვეყნების უკმაყოფილებიდან. მისთვის ანგარიშსწორების ახალი სქემის შექმნა დიდი პრაქტიკული მნიშვნელობის პრიორიტეტი და გეოპოლიტიკური სტრატეგიის ნაწილია. რუსეთის სავალუტო ბაზრები ახლა თითქმის მთლიანად იუანში ვაჭრობენ, მაგრამ რადგან რუსეთი ვერ იღებს საკმარის ვალუტას მთელი თავისი იმპორტის საფასურის გადასახდელად, სისტემა დავიდა ბარტერულ გაცვლებამდე. 2024 წლის ოქტომბერში რუსეთი დათანხმდა პაკისტანიდან მანდარინის ყიდვას ბარდისა და ოსპის სანაცვლოდ. ზოგიერთი ცნობით, ლიკვიდურობის პრობლემები იზრდება“, - წერს The Economist-ი.

ალექსანდრ მოროზოვი, პოლიტოლოგი და პრაღის კარლის უნივერსიტეტის ლექტორი, ხაზს უსვამს, რომ BRICS-ი „მნიშვნელოვანი დიპლომატიური მოვლენაა“, განსაკუთრებით უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის კონტექსტში. მისი თქმით, კრემლი ახლა „ძალიან კმაყოფილია შედეგით“, მონაწილე ქვეყნების რაოდენობის გათვალისწინებით.

„სახელმწიფოს მეთაურებს, ცხადია, ესმით, რომ ისინი ამ სამიტში მონაწილეობენ ომის პირობებში, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ არცერთ მათგანს არ გაუკეთებია რაიმე სახის დემარში ამ კუთხით, - ამბობს პოლიტოლოგი რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივი პროექტის, The CurrentTimes-ის ეთერში, - უნდა აღინიშნოს, რომ BRICS-ის მრავალი ქვეყანა ომის დასრულების მომხრეა და, რომ პერიოდულად ბევრი ლიდერი სთავაზობს რუსეთს შესაძლო შუამავლობას კონფლიქტის მოგვარების საქმეში, რასაც პუტინი ყოველ ჯერზე უარყოფს“.

ალექსანდრ მოროზოვი
ალექსანდრ მოროზოვი

რაც შეეხება რუსეთის ინიციატივას ანგარიშსწორების ალტერნატიული სისტემის თაობაზე. დასავლელი ოფიციალური პირები შეშფოთებულნი არიან იმით, რომ BRICS-ის ანგარიშსწორების ახალმა სისტემამ შეიძლება გვერდი აუაროს სანქციებს. რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტიმ“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, თუ ვისთან გეგმავს კრემლი ამ პროექტის განხორციელებას.

„რუსეთსა და BRICS-ის ქვეყნებს შორის ორმხრივი კავშირები საკმაოდ გართულებულია, პირველ რიგში, სანქციებითა და მეორადი სანქციებით. ამიტომ ეს ქვეყნები იცავენ სანქციების რეჟიმს ფინანსურ სექტორში“, - განმარტავს ალექსანდრ მოროზოვი, რომლის თქმითაც, ინიციატივა „ძალიან რთული და პრობლემურია“ და ეს რუსეთშიც კარგად ესმით.

„ფინანსური სექტორის რუსი სახელმწიფო მოხელეები ძალიან სკეპტიკურად უყურებენ ამას, რადგან ციფრული პლატფორმის შექმნა შესაძლებელია მხოლოდ BRICS-ის ქვეყნების მსხვილი ბანკების მონაწილეობის გარეშე, რადგან ბანკებს არ სურთ სანქციების ქვეშ მოყოლა. გამოსავლის სახით, კრემლი გაერთიანების წევრ ქვეყნებს სთავაზობს მცირე ბანკების შექმნას, რომლებიც შექმნიან ქსელს, თუმცა რეალურ ცხოვრებაში ეს, ჩემი აზრით, ძნელად განსახორციელებელი იდეაა“, - განაცხადა ალექსანდრ მოროზოვმა, პრაღის კარლის უნივერსიტეტის პროფესორმა.

  • BRICS-ის ყაზანის სამიტი 24 ოქტომბერს დასრულდება. როგორც რუსული მედია წერს, მანამდე გაიმართება სხდომები outreach/BRICS plus ფორმატში, რომელიც „გეოგრაფიულად და იდეოლოგიურად მჭიდრო ქვეყნებთან ურთიერთობის ყოვლისმომცველი მექანიზმია“. 24 ოქტომბერსვე, სამიტის ყველა ღონისძიების დასრულების შემდეგ, პუტინი აპირებს შემაჯამებელი პრესკონფერენციის გამართვას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG