Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზანში BRICS-ის სამიტის კულუარებში გაიმართა ვლადიმირ პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრა


ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები სი ძინპინი (მარცხნივ) და ვლადიმირ პუტინი. ყაზანი, 22 ოქტომბერი, 2024.
ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები სი ძინპინი (მარცხნივ) და ვლადიმირ პუტინი. ყაზანი, 22 ოქტომბერი, 2024.

სამშაბათს ყაზანში, BRICS-ის სამიტის ფარგლებში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შეხვდა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს. როგორც აღნიშნავენ, მოლაპარაკებები დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა ორივე ქვეყნის დელეგაციების მონაწილეობით.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, შეხვედრაზე დიდხანს იმსჯელეს უკრაინაში არსებულ ვითარებაზე, ასევე გაცვალეს მოსაზრებები დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობაზე. შეკითხვაზე, შეეხო თუ არა რუსეთისა და ჩინეთის მეთაურების საუბარი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას, პესკოვმა თქვა: „‘კოლექტიურ დასავლეთთან’ [ურთიერთობებს] - შეეხო. საქმე ისაა, რომ ირღვევა როგორც ჩვენი, ასევე ჩინეთის ინტერესები“.

მოსკოვმა და პეკინმა კიდევ უფრო მჭიდრო კავშირები დაამყარეს მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში დაიწყო სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრა უკრაინაში. რუსეთსა და ჩინეთს შორის კონტაქტები დასავლეთში შეშფოთებას იწვევს, რადგან ორივე ეს სახელმწიფო ცდილობს, გააფართოოს თავისი გლობალური გავლენა, აღნიშნავს სააგენტო AFP პუტინისა და სის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.

Reuters-ი, თავის მხრივ, იხსენებს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სიტყვებს, რომ დემოკრატიული ქვეყნები ახლა ისეთი ავტოკრატიების მხრიდან გამოწვევების წინაშე დგანან, როგორებიცაა რუსეთი და ჩინეთი. ვაშინგტონი უკრაინის უდიდეს მოკავშირედ ითვლება და ხელმძღვანელობს საერთაშორისო ძალისხმევას, რათა დაეხმაროს კიევს რუსეთის შეჭრისგან თავის დაცვაში და უკრაინის თავდაცვის გაძლიერებაში. ბაიდენმა ერთხელ სის „დიქტატორი“ უწოდა, პუტინს კი - „მკვლელი“. პეკინმაც და მოსკოვმაც გააკრიტიკეს ამერიკელი ლიდერი ამ კომენტარების გამო.

„მსოფლიო განიცდის უკანასკნელ ასწლეულში არნახულ ღრმა ცვლილებებს და საერთაშორისო სიტუაცია ქაოსურია“, - განუცხადა სი ძინპინმა ვლადიმირ პუტინს ყაზანში და დასძინა, რომ იგი აფასებს მათ ქვეყნებს შორის „ღრმა მეგობრობას“. სიმ აღნიშნა, რომ ჩინეთ-რუსეთის კავშირებმა „მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საერთაშორისო თანასწორობისა და სამართლიანობის შენარჩუნებაში“.

პუტინმა სისთან მოლაპარაკებების დროს განაცხადა, რომ მოსკოვი აპირებს პეკინთან კოორდინაციის შემდგომ გაძლიერებას ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე. მან აღნიშნა, რომ რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები არ არის ოპორტუნისტული ხასიათის და ის იქცა იმის მოდელად, თუ როგორ უნდა მოეწყოს ურთიერთქმედება თანამედროვე სამყაროში, ციტირებს პუტინის კომენტარებს „ინტერფაქსი“.

მოსკოვის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ჩინეთმა და რუსეთმა გამოაცხადეს პარტნიორობა „შეზღუდვების გარეშე“. შემდგომში ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა და ნატომ გააფრთხილეს ჩინეთი, არ მიაწოდოს რუსეთს პროდუქტები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს უკრაინის წინააღმდეგ ომში. ჩინეთი ამტკიცებს, რომ რუსეთს იარაღს არ აწვდის. ამასთან, არ შეზღუდულა ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტი, მათ შორისაა ძრავები, რომლებიც, როგორც ამბობენ, გამოიყენება დრონების წარმოებისთვის, ასევე ტრანზისტორები და ელექტრონული კომპონენტები.

გასულ თვეში Reuters-ი ევროპის სადაზვერვო სააგენტოს წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთმა დაიწყო შორ მანძილზე მოქმედი ახალი ტიპის მოიერიშე დრონების წარმოება და რომ მათ ასაგებად გამოიყენება ჩინური წარმოების ძრავები და სხვა ნაწილები.

სახელმწიფოთაშორის გაერთიანება BRICS-ის სამიტი ყაზანში 22 ოქტომბერს გაიხსნა. BRICS-ში შედის მსოფლიოს ცხრა დიდი ქვეყანა, რომლებიც არ განეკუთვნებიან დასავლეთის ქვეყნებს. წელს რუსეთი ორგანიზაციის 20-წლიან ისტორიაში მეოთხედ თავმჯდომარეობს BRICS-ს. რუსეთის სახელმწიფო მედია აქტიურად აშუქებს მოვლენას, კრემლის მომხრე კომენტატორები ხაზს უსვამენ, რომ ქვეყანაში რამდენიმე მსხვილი სახელმწიფოს ლიდერების ვიზიტი მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთი არ იმყოფება საერთაშორისო იზოლაციაში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG