Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლებამ რუსეთს ევროსასამართლოში მოუგო საქმე "უცხოეთის აგენტების" კანონზე


ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო. სტრასბურგი, 30 აპრილი, 2013.
ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო. სტრასბურგი, 30 აპრილი, 2013.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო საქმეზე 19659/21 „შპს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება და ანდრეი შარი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“. საქმე ეხებოდა რუსეთის ხელისუფლების მიერ რადიო თავისუფლების ე.წ. „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებას. როგორც რადიო თავისუფლების მიერ ევროსასამართლოდან მიღებულ ანგარიშშია ნათქვამი, სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლები, რომლებიც ეხება სიტყვის თავისუფლებას და გაერთიანების თავისუფლებას. სასამართლოს გადაწყვეტილების სრული ტექსტი მის ვებსაიტზეა გამოქვეყნებული.

სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის მოქმედი კანონმდებლობა „უცხოეთის აგენტების“ შესახებ ახდენს სტიგმატიზაციას, არის შეცდომაში შემყვანი, ძალზე ფართოდ და არაპროგნოზირებადი სახით გამოიყენება და, ზოგადად, მიზნად ისახავს დასჯას და არა არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის გაზრდას. ცალკეა მითითებული რუსეთის ხელისუფლების მოთხოვნაზე, მარკირებულ იქნეს ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ მიერ გაკეთებული ყველა პუბლიკაცია. ეს და სხვა შეზღუდვები, როგორც ნათქვამია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში, ძირს უთხრის დემოკრატიული საზოგადოების საფუძველს.

ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ უნდა აუნაზღაუროს რადიო თავისუფლებას და ანდრეი შარის ხარჯები დაახლოებით 60 ათასი ევროს ოდენობით, ასევე აანაზღაუროს პირდაპირი ზიანი დაახლოებით 950 ათასი ევროს ოდენობით.

შპს რთე/რთ-მ, რომელიც წარმოადგენდა ამერიკული მედიაკორპორაციის, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ინტერესებს მოსკოვში, და მისმა გენერალურმა დირექტორმა ანდრეი შარიმ ევროსასამართლოში სარჩელი შეიტანეს 2021 წლის მაისში. სარჩელი ეხებოდა მრავალმილიონიან ჯარიმებს, რომლებიც რადიო თავისუფლებას, ტელეარხ „ნასტოიაშჩეე ვრემიასა“ და მედიაკორპორაციის სხვა პროექტებს დააკისრეს იმ ბრალდებით, რომ ისინი არღვევდნენ „როსკომნადზორის“ განკარგულებას და არ ახდენდნენ ჟურნალისტური მასალების მარკირებას „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად. ამ კანონმდებლობის გამოყენება, მოსარჩელეების თქმით, არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლებს.

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტები „უცხოეთის აგენტების“ სიას 2017 წელს დაამატა. მედიაკორპორაციამ ეს გადაწყვეტილება უსამართლოდ მიიჩნია. 2021 წლის იანვარ-მაისში, ევროსასამართლოში საჩივრის შეტანის დროისთვის, „როსკომნადზორმა“ შეადგინა და სასამართლოს გაუგზავნა 520 ოქმი რადიო თავისუფლების ჟურნალისტური პუბლიკაციების ეტიკეტირების იმ წესების დარღვევის შესახებ, რომლებიც შემოღებულ იქნა „უცხოეთის აგენტების“ კანონმდებლობაში 2020 წელს შეტანილი ცვლილებების შესაბამისად. მედიაკორპორაცია სისტემატურად ასაჩივრებდა ჯარიმების დაწესებას, ამართლებდა თავის პოზიციას რუსეთის ხელისუფლების მიერ მედიის საქმიანობის შესახებ კანონების მრავალრიცხოვანი დარღვევებით, მაგრამ სასამართლოები უცვლელად უარყოფდნენ შპს რთე/რთ-ისა და მისი გენერალური დირექტორის საჩივრებს.

სასამართლო მანდატურების სამსახურმა ათეულობით სასამართლო გადაწყვეტილების გამო სააღსრულებო საქმის წარმოება დაიწყო და 2021 წლის მაისში „შპს რთე/რთ-ის“ საბანკო ანგარიშები დააყადაღა. ჯარიმების მასობრივი გამოწერის პრაქტიკა „როსკომნადზორმა“ გააგრძელა 2022 წლის მარტის შუა რიცხვებამდე, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ რთე/რთ-ის რუსულენოვანი ვებსაიტი დაიბლოკა. რუსეთის სასამართლოების მიერ რადიო თავისუფლების წინააღმდეგ დაწესებულმა ჯარიმებმა საბოლოოდ 1 მილიარდ რუბლს გადააჭარბა. 2022 წლის გაზაფხულზე მოსკოვში დაიხურა რადიო თავისუფლების საკორესპონდენტო ბიურო. მას შემდეგ მედიაკორპორაციის რუსულენოვანი რედაქცია ქვეყნის გარედან აგრძელებს მუშაობას. 2023 წლის მარტში მოსკოვის სასამართლომ შპს რთე/რთ გაკოტრებულად გამოაცხადა.

შპს რთე/რთ-ის საჩივართან ერთად ევროსასამართლომ განიხილა კიდევ 106 საჩივარი რუსეთის კანონმდებლობის წინააღმდეგ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ, მათ შორის სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებების, ინდივიდუალური ჟურნალისტების, უფლებადამცველებისა და აქტივისტებისა. მიუხედავად იმისა, რომ ევროსასამართლომ მოსარჩელეთა სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილებები, 2022 წლის მარტში ევროსაბჭოდან გარიცხვის შემდეგ რუსეთმა სრულიად შეწყვიტა მონაწილეობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმიანობაში და მას შემდეგ არ ასრულებს მის გადაწყვეტილებებს. ევროსასამართლო ამტკიცებს, რომ რუსეთი ვალდებულია შეასრულოს გადაწყვეტილებები იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომელთა შესახებ საჩივრები 2022 წლის სექტემბრამდე იქნა შეტანილი.

რადიო თავისუფლების ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა მედიაორგანიზაციის მტკიცე გადაწყვეტილების შესახებ, ნებისმიერ პირობებში გააგრძელოს მუშაობა რუსეთში: „რთე/რთ თავის აუდიტორიას აწვდის გულწრფელ ამბებს და გაწონასწორებულ ინფორმაციას, რათა რუსეთის მოქალაქეები, როგორც ჩვენმა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა აღნიშნა, „არ მიეჩვიონ ტყუილს და არ ცხოვრობდნენ ტყუილში.“ რთე/რთ ფინანსდება აშშ-ის კონგრესის გრანტებით, მისი სარედაქციო დამოუკიდებლობა დაცულია მისი წესდებით, რომელიც კრძალავს პოლიტიკურ ჩარევას ჟურნალისტების საქმიანობაში, რომლებიც „არ არიან არც ერთი ხელისუფლების აგენტები“.

რუსეთის ხელისუფლება აგრძელებს რადიო თავისუფლების ჟურნალისტებისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლას. მედიაკორპორაციის რუსულენოვანი რედაქციის რამდენიმე ათეული თანამშრომელი ფიზიკური პირის სახით არის შეყვანილი „უცხოური აგენტების“ სიაში. მიმდინარე წლის თებერვალში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ რადიო თავისუფლება „არასასურველი ორგანიზაციების“ რეესტრში შეიტანა. ივლისში, რადიო თავისუფლების თათრულ-ბაშკირული სამსახურის რედაქტორს, ალსუ კურმაშევას, რომელიც 2021 წლის ზაფხულში დააკავეს ყაზანში, ექვს-ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა რუსეთის არმიის შესახებ ე.წ. ფეიკების გავრცელების ბრალდებით. 1 აგვისტოს კურმაშევა გაათავისუფლეს რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლის ფარგლებში. რუსეთის ხელისუფლების მხრიდან დევნის მიუხედავად, რადიო თავისუფლების რუსული სამსახური, „ნასტოიაშჩეე ვრემია“ და რადიო თავისუფლების სხვა რედაქციები ინარჩუნებენ მრავალმილიონიან აუდიტორიას ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ.

საქართველოს პარლამენტმა 2024 წლის მაისში ასევე მიიღო მსგავსი კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შესახებ. კანონი უკვე სრულად ამოქმედდა. ბოლო ორ თვეში საქართველოს დაფინანსების ნაწილი შეუჩერეს პარტნიორმა ქვეყნებმა.

ე.წ. აგენტების კანონის თანახმად, ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, 2 სექტემბრამდე უნდა დარეგისტრირებულიყვნენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG