Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„აგენტების კანონს“ სტრასბურგის სასამართლოში ასაჩივრებენ


ნონა ქურდოვანიძე, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე. ბრიფინგი ორგანიზაციის ოფისში. 17 ოქტომბერი, 2024 წელი
ნონა ქურდოვანიძე, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე. ბრიფინგი ორგანიზაციის ოფისში. 17 ოქტომბერი, 2024 წელი

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, მედიის წარმომადგენლები და კერძო პირები „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ სარჩელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანენ.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ოფისში 17 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, სარჩელს სტრასბურგის სასამართლოში 16 მედიაორგანიზაციის, სამოქალაქო საზოგადოების 120 ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სახელით გაასაჩივრებენ.

მომჩივნები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების (მე-11 მუხლი), გამოხატვის თავისუფლების (მე-10 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების (მე-8 მუხლი), დისკრიმინაციის (მე-14 მუხლი), სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლების (მე-13 მუხლი) და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლების (მე-18 მუხლი) დარღვევებზე იდავებენ.

„რუსული კანონი არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შეზღუდვას ისახავს მიზნად, არამედ ყველა მოქალაქის ერთმანეთისგან გათიშვასა და კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება. მომჩივანი ორგანიზაციები ისეთ საზოგადოებრივ პრობლემებზე მუშაობენ, როგორებიცაა: გარემოს დაცვა, შშმ პირთა დახმარება, ქალთა და ბავშვთა ძალადობისგან დაცვა, სასამართლოს რეფორმა, კორუფციასთან ბრძოლა, საგამოძიებო ჟურნალისტიკა და ა. შ.“, - განაცხადეს საიას ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მათი თქმით, „დამოუკიდებელ ორგანიზაციებთან რუსული მეთოდებით ბრძოლა არა მხოლოდ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ლახავს, არამედ ასევე ძირს უთხრის ქართველი ხალხის ურყევ არჩევანს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომელიც ყველა ამ ცივილიზაციური არჩევანის დაცვას სახელმწიფო ორგანოებს ავალდებულებს, სწორედ სახელისუფლებო ორგანოები არღვევენ, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლო საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე უარს ამბობს“.

9 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებსაიტზე გამოქვეყნდა 4 ოქტომბრის საოქმო ჩანაწერი, რომლითაც ნაწილობრივ მიიღეს განსახილველად „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ შეტანილი ოთხი სარჩელი. მოსამართლეებმა ხმათა უმრავლესობით მიიჩნიეს, რომ „აგენტების კანონი“ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებისთვის მყისიერ საფრთხეს არ ქმნის, შესაბამისად, უარი თქვეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მისი მოქმედების შეჩერებაზე.

სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო „აგენტების კანონის“ საკითხზე წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელების („საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი, ლევან ბეჟაშვილი და სხვები (სულ 38 დეპუტატი), ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, ა(ა)იპ „უფლებები საქართველო“, ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ და სხვები (სულ 122 მოსარჩელე), შპს „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ და ა(ა)იპ „სტუდია მონიტორი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) ნაწილი.

კერძოდ, სასამართლომ უნდა დაადგინოს, არღვევს თუ არა „აგენტების კანონი“ კონსტიტუციის შემდეგ მუხლებს:

  • ევროპასთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციას (კონსტიტუციის 78-ე მუხლი);
  • პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობას (მე-15 მუხლი);
  • აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლებას და ასევე მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლებას (მე-17 მუხლი);
  • გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს (მე-17 მუხლი);
  • გაერთიანების თავისუფლებას (22-ე მუხლი);
  • კონსტიტუციურია თუ არა კანონის გასულ წელზე გავრცელება (მონაცემების შევსება). (მუხლი 31).

საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად არ მიიღო „აგენტების კანონის“ გასაჩივრებული მუხლების ნაწილი, რომელთა არაკონსტიტუციურად ცნობას ოთხი სარჩელის ავტორები მოითხოვდნენ.

სასამართლო ამბობს, რომ საქმეს განიხილავს კანონით დადგენილ 9-თვიან ვადაში. საქმის განხილვა არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ამ პერიოდში გამოცხადდება. მოსამართლეებს გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად ვადა შეზღუდული არ აქვთ.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას არასამთავრობო ორგანიზაციების ერთმა ნაწილმა განაცხადა, რომ სასამართლომ "საკუთარი მოვალეობა არ შეასრულა".

„აგენტების რეესტრში“ - ფორმალურად „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში“ - ამჟამად 137 ორგანიზაციაა რეგისტრირებული.

"აგენტების კანონის" მიღებისა და მზარდი ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე, საქართველოს ხელისუფლების მიმართ ევროპელი პარტნიორების კრიტიკა გამკაცრდა. საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ეს ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, რასაც არ იზიარებს საქართველოს მმართველი პარტია.

პარალელურად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ საქართველოში არჩევნებისა და უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები "გადაიტვირთება".

ფორუმი

XS
SM
MD
LG