Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო სასამართლომ ე.წ. აგენტების კანონის მოქმედება არ შეაჩერა - სარჩელები ნაწილობრივ განსახილველად მიიღო


საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, რომლებმაც „აგენტების კანონის“ შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს: მანანა კობახიძე, მერაბ ტურავა (თავმჯდომარე), ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, გიორგი თევდორაშვილი, ვასილ როინიშვილი.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, რომლებმაც „აგენტების კანონის“ შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს: მანანა კობახიძე, მერაბ ტურავა (თავმჯდომარე), ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, გიორგი თევდორაშვილი, ვასილ როინიშვილი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელეების მოთხოვნა „აგენტების კანონის“ მოქმედების შეჩერებაზე. 4 ოქტომბრის საოქმო ჩანაწერში, რომელიც დღეს, 9 ოქტომბერს, გამოქვეყნდა, წერია: „არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე“.

სასამართლოს ვებსაიტზე ვკითხულობთ, რომ „საოქმო ჩანაწერს დაერთოს მოსამართლეების – გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი სადავო ნორმების შეჩერების შესახებ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის არდაკმაყოფილების თაობაზე“.

სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო „აგენტების კანონის“ საკითხზე წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელების („საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი, ლევან ბეჟაშვილი და სხვები (სულ 38 დეპუტატი), ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, ა(ა)იპ „უფლებები საქართველო“, ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ და სხვები (სულ 122 მოსარჩელე), შპს „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ და ა(ა)იპ „სტუდია მონიტორი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) ნაწილი.

კერძოდ, სასამართლომ უნდა დაადგინოს, არღვევს თუ არა „აგენტების კანონი“ კონსტიტუციის შემდეგ მუხლებს:

  • ევროპასთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციას (კონსტიტუციის 78-ე მუხლი);
  • პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობას (მე-15 მუხლი);
  • აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლებას და ასევე მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლებას (მე-17 მუხლი);
  • გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს (მე-17 მუხლი);
  • გაერთიანების თავისუფლებას (22-ე მუხლი);
  • კონსტიტუციურია თუ არა კანონის გასულ წელზე გავრცელება (მონაცემების შევსება). (მუხლი 31).

საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად არ მიიღო „აგენტების კანონის“ გასაჩივრებული მუხლების ნაწილი, რომელთა არაკონსტიტუციურად ცნობას ოთხი სარჩელის ავტორები მოითხოვდნენ.

სასამართლო ამბობს, რომ საქმეს განიხილავს კანონით დადგენილ 9-თვიან ვადაში. საქმის განხილვა არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ამ პერიოდში გამოცხადდება. მოსამართლეებს გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად ვადა შეზღუდული არ აქვთ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG