საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად არ მიიღო „აგენტების კანონის“ გასაჩივრებული მუხლების ნაწილი, რომელთა არაკონსტიტუციურად ცნობას ოთხი სარჩელის ავტორები მოითხოვდნენ.
4 ოქტომბერს მიღებულ საოქმო ჩანაწერში, რომელიც სასამართლომ 9 ოქტომბერს გამოაქვეყნა, ვკითხულობთ, რომ კონსტიტუციის ამა თუ იმ ჩანაწერთან მიმართებით კანონის კონკრეტული მუხლების კონსტიტუციურობაზე მსჯელობა, სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია.
სტიგმატიზაცია - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“
საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად არ მიიღო სარჩელის ის ნაწილი, რომლის ავტორები არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ სუბიექტის „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ გამოცხადებას. როგორც მოსარჩელეები აღნიშნავენ, ამისთვის ერთადერთი კრიტერიუმია განსაზღვრული: კალენდარული წლის განმავლობაში მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის მიღება „უცხოური ძალიდან“.
კონსტიტუციურ სარჩელში ვკითხულობთ, რომ „[ორგანიზაციების] ამგვარი ნეგატიური წარმოჩენა და სტიგმატიზაცია გამოიწვევს მათ მიმართ საზოგადოებრივი ნდობის შერყევას და უნდობლობის ატმოსფეროს ჩამოყალიბებას, დააზიანებს მათ რეპუტაციას, რაც არსებითად გაართულებს მათი რეალური მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას, ფინანსურ რესურსებზე წვდომას და მათ არსებობასაც კი შეიძლება შეუქმნას საფრთხე“.
სასამართლომ კონსტიტუციის მე-12 მუხლთან (პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება) მიმართებით ამ ჩანაწერზე მსჯელობაზე უარი განაცხადა.
პერსონალურ მონაცემთა დამუშავება
საკონსტიტუციო სასამართლომ საჭიროდ არ მიიჩნია, ემსჯელა ფიზიკური პირის ნების გარეშე მისი პერსონალური მონაცემის დამუშავების საკითხის კონსტიტუციურობაზე (კონსტიტუციის მე-15 მუხლი. პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები).
სადავო კანონი ითვალისწინებს სუბიექტის „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციის, ფინანსური დეკლარაციის წარდგენის და მონიტორინგის პროცესში, ფიზიკური პირის ნების გარეშე, მისი პერსონალური მონაცემის დამუშავებას, მათ შორის, განსაკუთრებული პერსონალური მონაცემებისაც. ამავე კანონის შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.
პირდაპირი ინტერვენცია მედიის საქმიანობის თავისუფლებაში
სასამართლომ არსებით განხილვაში არ მიიღო სარჩელის ის ნაწილი, რომელიც მედიაორგანიზაციებთან დაკავშირებული ნორმის (კონსტიტუციის მე-17 მუხლი. აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები) არაკონსტიტუციურობის დადგენას მოითხოვდა.
სარჩელში წერია, რომ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ“ სუბიექტად რეგისტრაცია ევალება ყველა იმ მედიაორგანიზაციას, რომლებიც ფინანსდება მთლიანი წლიური არაკომერციული შემოსავლის 20%-ით მაინც უცხოეთიდან. რაც, საკონსტიტუციო სარჩელის ავტორთა შეფასებით, „ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს საკანონმდებლო აქტის მეშვეობით პირდაპირ ინტერვენციას მედია ორგანიზაციების საქმიანობის თავისუფლებაში“.
მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციის ამავე, მე-17 მუხლს, ეწინააღმდეგება ორგანიზაციების მონიტორინგის დაწყების საფუძვლები:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება;
ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო ინფორმაციას.
საკონსტიტუციო სარჩელის თანახმად, სადავო მუხლებითა და პუნქტებით ილახება მოსარჩელეების (როგორც მედიაორგანიზაციების) და ჟურნალისტების უფლება, დაიცვან ინფორმაციის წყაროს საიდუმლოება და საკუთარი შეხედულების შესაბამისად მიიღონ სარედაქციო გადაწყვეტილებები.
არგუმენტების მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლომ არც ეს საკითხი არ მიიღო არსებითად განსახილველად.
გაერთიანების თავისუფლება
საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „გაერთიანების თავისუფლება უზრუნველყოფილია”. სასამართლომ ამ მუხლთან მიმართებით სადავო კანონის კონსტიტუციურობის საკითხის განხილვაზეც უარი თქვა. საკონსტიტუციო სარჩელის თანახმად, კანონი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ აცხადებს ყველანაირ დაფინანსებას, რომლის წარმოშობის წყაროც უცნობია.
საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო „აგენტების კანონის“ საკითხზე წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელების („საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი, ლევან ბეჟაშვილი და სხვები (სულ 38 დეპუტატი), ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, ა(ა)იპ „უფლებები საქართველო“, ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ და სხვები (სულ 122 მოსარჩელე), შპს „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ და ა(ა)იპ „სტუდია მონიტორი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) ნაწილი.
კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, არღვევს თუ არა „აგენტების კანონი“ კონსტიტუციის შემდეგ მუხლებს:
- ევროპასთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციას (კონსტიტუციის 78-ე მუხლი);
- პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობას (მე-15 მუხლი);
- აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლებას და ასევე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფლებას (მე -17 მუხლი);
- გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს (მე -17 მუხლი);
- გაერთიანების თავისუფლებას (22-ე მუხლი);
- კონსტიტუციურია თუ არა კანონის გასულ წელზე გავრცელება (მონაცემების შევსება). (მუხლი 31).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელეების მოთხოვნა „აგენტების კანონის“ მოქმედების შეჩერებაზე. საოქმო ჩანაწერში წერია: „არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე“.
საკონსტიტუციო სასამართლოს ექვსმა მოსამართლემ (მანანა კობახიძე, მერაბ ტურავა (თავმჯდომარე), ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, გიორგი თევდორაშვილი, ვასილ როინიშვილი) „აგენტების კანონის“ შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
სასამართლოს ვებსაიტზე ვკითხულობთ, რომ „საოქმო ჩანაწერს დაერთოს მოსამართლეების – გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი სადავო ნორმების შეჩერების შესახებ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის არდაკმაყოფილების თაობაზე“.
სასამართლო აცხადებს, რომ საქმეს განიხილავს კანონით დადგენილ 9-თვიან ვადაში. საქმის განხილვა არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ამ პერიოდში გამოცხადდება. მოსამართლეებს გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად შეზღუდული ვადები არ აქვთ.
საკონსტიტუციო სასამართლოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ შეტანილი ოთხი სარჩელის განმწესრიგებელი სხდომა 29 აგვისტოს დაიწყო და სამი დღე გაგრძელდა.
საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებისა და ხალხმრავალი აქციების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას.
მოქმედი კანონმდებლობით, თუ არასამთავრობო ან მედიაორგანიზაციამ არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან მიიღო, „აგენტების რეესტრში“ უნდა დარეგისტრირდეს, სხვა შემთხვევაში მას 25 ათასი ლარით დააჯარიმებენ.
ფორუმი