Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი დავითური: გვეგონა, ამ საქმეში სასამართლო შეძლებდა პოლიტიკური გავლენიდან გამოსვლას


გიორგი დავითური, IDFI-ის კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი
გიორგი დავითური, IDFI-ის კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი

„ეს კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს ერთი დღეც არ უნდა ეცოცხლებინა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას IDFI-ის კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი დავითური, „აგენტების კანონის“ შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს შუალედური გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ. იგი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს წარმოადგენდა საკონსტიტუციოში. გიორგი დავითური იმედგაცრუებულია, რომ მოსამართლეთა უმრავლესობამ „პოლიტიკური გავლენებით“ მიიღო გადაწყვეტილება.

„სამართლებრივი მოლოდინი ყველას, ვისაც კონსტიტუციური სამართალი ესმის, ასეთი ჰქონდა: ეს კანონი უნდა გაჩერებულიყო. ასეთი მარტივი სამართლებრივი მოლოდინი გვქონდა, რადგან ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპებს - ადამიანის უფლებებით დაწყებული და კონსტიტუციური ინტერესებით დასრულებული“, - ამბობს დავითური.

მისი შეფასებით, „აგენტების კანონით“ გამოწვეული რისკები სასამართლოსთვის მარტივი შესაფასებელი უნდა ყოფილიყო:

„საკონსტიტუციო სასამართლოს ბევრი პოლიტიკურად მიკერძოებული გადაწყვეტილება აქვს მიღებული, თუმცა მქონდა მოლოდინი, რომ საქმის შინაარსიდან გამომდინარე, ამ საქმესთან მიმართებით შეძლებდა სასამართლო პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლებას. ეს მოლოდინი გამიცრუვდა. აშკარაა, რომ დარჩა პოლიტიკური გავლენის ქვეშ ქვეყნისთვის ასეთ კრიტიკულ მომენტშიც კი. ეს გადაწყვეტილება თავსებადია მმართველი პარტიის ინტერესთან“.

დღეს, 9 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს ვებსაიტზე გამოქვეყნდა 4 ოქტომბრის საოქმო ჩანაწერი, რომლითაც ნაწილობრივ მიიღეს განსახილველად „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ შეტანილი ოთხი სარჩელი. მოსამართლეებმა ხმათა უმრავლესობით მიიჩნიეს, რომ „აგენტების კანონი“ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებისთვის მყისიერ საფრთხეს არ ქმნის, შესაბამისად, მის შეჩერებაზე უარი თქვეს. ამ გადაწყვეტილებას არ იზიარებენ მოსამართლეები გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში. განხილვის პროცესში არ იყო ჩართული მოსამართლე ირინა იმერლიშვილი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG